პუტინის განცხადებით, რუსეთმა მომდევნო თაობის ბირთვული იარაღი გამოცადა

პუტინის განცხადებით, რუსეთმა მომდევნო თაობის ბირთვული იარაღი გამოცადა

ვლადიმირ პუტინის მიერ გავრცელებული განცხადებით, რუსეთში ახალი სტრატეგიული ტიპის რაკეტა წარმატებით გამოიცადა. რუსეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ მომავალში რაკეტის ტესტირება ბირთვული ქობინითაც შედგეს, რაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ბირთვული იარაღის გამოცდის პირველი შემთხვევა იქნება.

ახალი თაობის საკრუიზო რაკეტა „Burevestnik”-ს, რომელსაც ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლია, რამდენიმე ათასი კილომეტრის სიგრძის ფრენის მანძილი აქვს.

გარდა ამისა, პუტინმა ანალიტიკოსებისა და ჟურნალისტებისათვის გამართულ ყოველწლიურ მოსმენაზე განაცხადა, რომ რუსეთში თითქმის დასრულდა მუშაობა ახალ კონტინენტთაშორის ბალისტიკურ-სარაკეტო სისტემა „Sarmat”-ზეც.

ცნობისათვის, რუსეთში ბირთვული იარაღის გამოცდა, ბირთვული ქობინის თანხლებით, რომელიც ატომურ აფეთქებას იწვევს, 1990 წლის შემდეგ არ განხორციელებულა. ვლადიმირ პუტინი კი ამგვარი გამოცდების გაგრძელების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. მისი განმარტებით, შეერთებულმა შტატებმა ბირთვული იარაღის გამოცდების აკრძალვის შეთანხმების რატიფიცირება არ მოახდინა. სანაცვლოდ კი, რუსეთს შეთანხმება ხელმოწერილი და რატიფიცირებულიც აქვს. შესაბამისად, მისი მინიშნებით, რუსეთის პარლამენტს, დუმას, რატიფიკაციის გაუქმების შესაძლებლობა აქვს.

სამხედრო ანალიტიკოსების მოსაზრებებით, აშშ-ის ან რუსეთისაგან ბირთვული გამოცდების გაგრძელება ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ დაძაბულობა ბოლო 60 წლის განმავლობაში არსებულ პიკს აღწევს. შეგახსენებთ, რომ თებერვალში პუტინმა რუსეთის ბირთვული იარაღის რაოდენობის მაკონტროლებელ შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული შეთანხმება მის წევრებს სამხედრო არსენალში ბირთვული იარაღის რაოდენობის შეზღუდვებს უწესებს.