ფოტო: REUTERS/Maxim Shemetov
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ასევე მთლიანად ევროპაში უსაფრთხოების საკითხებს უნდა მოიცავდეს. ამის შესახებ პუტინმა რუსულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. შეგახსენებთ, ერთი დღით ადრე ის აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდა.
პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა, მომდევნო თვეში უკრაინასთან აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებები განაახლოს. მისი განცხადებით, მოსკოვი დროებითი ზავის ნაცვლად კონფლიქტის დასრულებაზე ორიენტირებულ შეთანხმებას უჭერს მხარს.
„მოლაპარაკებების მიზანი უნდა იყოს უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის შემდეგ და არა მოკლე ვადით დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შედეგად“, – თქვა პუტინმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც უიტკოფს სამშაბათს ნორვეგიაში შეხვდა, განაცხადა, რომ კიევი მოლაპარაკებებისთვის მზადაა და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ წინადადებას, ომის დასრულებას, ენერგეტიკულ ზავსა და ჰუმანიტარულ ინიციატივებს.
აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებების პროცესი თებერვალში შეფერხდა, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ისრაელს შორის ირანთან დაკავშირებული კონფლიქტი დაიწყო.
მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ საკითხად ტერიტორიული დავა რჩება. რუსეთი უკრაინისგან დონბასის მთელი რეგიონის დათმობას მოითხოვს, რასაც კიევი არ თანხმდება და აცხადებს, რომ ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.
პუტინმა ინტერვიუში კიდევ ერთხელ თქვა, რომ დონბასის ტერიტორია, მისი შეფასებით, „ისტორიულად რუსეთის მიწაა“. მან ასევე გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომლის თანახმადაც, რეგიონის მცხოვრებლებმა რუსეთთან შეერთებას მხარი დაუჭირეს რეფერენდუმებზე, რომლებიც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ ჩატარდა. ეს რეფერენდუმები უკრაინასა და დასავლეთის ქვეყნების დიდ ნაწილს უკანონოდ მიაჩნია.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









