რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში განლაგებული ნებისმიერი დასავლური ჯარი მოსკოვისთვის ლეგიტიმური სამიზნე იქნება თავდასხმისათვის. ეს შეიძლება ერთგვარ გაფრთხილებად გავიგოთ უკრაინის მოკავშირეების მიმართ, რომლებიც ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობენ.
აღნიშნულის თქმის საფუძველს ისიც იძლევა, რომ პუტინმა ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ უკრაინისთვის ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების მიცემის ვალდებულების გაჟღერებიდან ერთი დღის შემდეგ გააკეთა. მაკრონის თქმით, 26 ქვეყანა უკრაინის უსაფრთხოების გარანტი იქნება, მათ შორის საერთაშორისო ძალების ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში განლაგებით.
რუსეთი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი NATO-ში ქვეყნის გაწევრებისა და უკრაინაში მისი ძალების განთავსების თავიდან აცილება იყო.
„თუ იქ გარკვეული ჯარები გამოჩნდებიან, განსაკუთრებით ახლა, სამხედრო ოპერაციების დროს, ისინი თავდასხმისთვის ლეგიტიმური სამიზნეები იქნებიან“, – განაცხადა პუტინმა ვლადივოსტოკში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე.
მისივე თქმით, თუ გრძელვადიანი მშვიდობის შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ, მაშინ უკრაინის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების ჯარების ყოფნა აზრს დაკარგავს. „თუ ეს შეთანხმებები მიიღწევა, ეჭვი ნურავის ეპარება, რომ რუსეთი მათ ზედმიწევნით შეასრულებს“, – დასძინა მან.