რუსული სახელმწიფო მედიასააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანული ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ დააზიანა. შესაბამისად, პუტინმა AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოგდებაში რუსეთის ბრალეულობა აღიარა.
პუტინის განმარტებით, თვითმფრინავისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით ორი ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტა აფეთქდა, რომლის ნამსხვრევებმაც თვითმფრინავი დააზიანა. მისივე თქმით, ინციდენტის მიზეზი რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ საჰაერო სივრცეში სამი ერთეული უკრაინული დრონის აღმოჩენა იყო.
ეს აღიარება პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ტაჯიკეთში, დუშანბეში გამართულ რეგიონულ სამიტზე შეხვედრისას გააკეთა. ალიევი და პუტინი ბოლო თვეების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის შემდეგ პირისპირ შეხვედრას პირველად მართავენ.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი 2024 წლის 25 დეკემბერს ბაქოდან ჩეჩნეთში, გროზნოში მიფრინავდა, რა დროსაც რუსეთის საჰაერო სივრცეში ბორტი დაზიანდა, რის გამოც თვითმფრინავს კურსის შეცვლა მოუწია, მალევე კი ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ჩამოვარდა.
გამოძიების საწყის ეტაპზევე დადგინდა, რომ თვითმფრინავი სარაკეტო სისტემამ დააზიანა. ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 გარდაიცვალა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პუტინს მიწოდებული ინფორმაციისთვის მადლობა გადაუხადა.