რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დამტკიცებული საგარეო პოლიტიკის ახალი დოქტრინა „რუსული სამყაროს“ კონცეფციას ეფუძნება. კონცეფციას, რომელსაც კონსერვატიული იდეოლოგები რუსულენოვანი მოსახლეობის მხარდაჭერის საბაბით საზღვარგარეთ ინტერვენციის გასამართლებლად იყენებენ.
31-გვერდიანი „ჰუმანიტარული პოლიტიკის“ თანახმად, „რუსეთმა რუსული სამყაროს ტრადიციები და იდეალები უნდა დაიცვას და განავითაროს“. საინტერესოა, რომ ახალი დოქტრინა რბილი ძალის სტრატეგიადაა წარმოდგენილი, თუმცა რუსული პოლიტიკისა და რელიგიის ირგვლივ ოფიციალურ პოლიტიკურ იდეებს ასახავს. აღნიშნული იდეები კი, შესაძლოა, უკრაინის ნაწილის ოკუპაციისა და ქვეყნის აღმოსავლეთში პრორუსი სეპარატისტების მხარდაჭერის გასამართლებლად იქნას გამოყენებული.
აღსანიშნავია, რომ დოქტრინაში აფხაზეთთან, ოსეთთან და აღმოსავლეთ უკრაინის ორ სეპარატისტულ რეგიონთან, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკებთან კავშირების გაღრმავებაზეა საუბარი. განსაკუთრებით საინტერესოა დოქტრინის 95-ე მუხლი, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ასევე მოლდოვასა და საქართველოსთან ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების განვითარებისას, ამ სახელმწიფოებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„რუსეთი საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისადმი მხარდაჭერას გამოთქვამს, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვისა და რუსული კულტურული იდენტობის შენარჩუნების საკითხებში“, – ნათქვამია პოლიტიკურ დოქტრინაში.
ახალი საგარეო პოლიტიკით, რუსეთმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა სლავურ ერებთან, ჩინეთთან, ინდოეთთან და კიდევ უფრო ფართო კავშირები დაამყაროს ახლო აღმოსავლეთთან, ლათინურ ამერიკასა და აფრიკასთან.