ბორელი: ევროკავშირის ქვეყნებს იარაღის მარაგი ეწურებათ

ბორელი: ევროკავშირის ქვეყნებს იარაღის მარაგი ეწურებათ

EU-ის მთავარი დიპლომატის, ჯოზეფ ბორელის გაფრთხილებით, უკრაინაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ სამხედრო დახმარების გაგზავნის შედეგად, ამ სახელმწიფოების იარაღის მარაგი იწურება. ევროპარლამენტში დებატებისას ბორელიმ განაცხადა, რომ ბლოკის წევრი ქვეყნების უმრავლესობას იარაღის რეზერვი უკვე თითქმის ამოეწურა.

„მარაგი უნდა აღდგეს, ამისთვის კი საუკეთესო გზა ერთობლივი მუშაობაა, რაც შედარებით იაფიც დაჯდება“, – აღნიშნა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა. ბორელის თქმით, ამჟამად, სწრაფი მიწოდების უზრუნველსაყოფად, შეიარაღების დიდი ნაწილი უკრაინას ევროპული სახელმწიფოების მარაგებიდან მიეწოდება. ევროკავშირის ზოგი ქვეყანა კი საკუთარი რეზერვის შევსების დროს სირთულეებს აწყდება.

აღსანიშნავია, რომ დებატებისას ჯოზეფ ბორელმა სინანულიც გამოთქვა უკრაინული ჯარების წვრთნების დაგვიანებით დაწყების გამო. ევროკავშირის წყაროების თანახმად, უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა ბორელს, ტრენინგის პროგრამის მოთხოვნით ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს მიმართეს. „ჩვენ ვნანობთ, რომ გასულ ზაფხულს უკრაინის მოთხოვნა არ შევასრულეთ. სხვა შემთხვევაში, დღეს უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით“, – აცხადებს ბორელი.

ბორელის მიმართვამდე ერთი კვირით ადრე, პრაღაში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ და უკრაინის დახმარებისთვის სამხედრო რესურსების გაერთიანების შესაძლებლობა განიხილეს. ამავდროულად, მინისტრებმა უკრაინული შეიარაღებული ძალებისთვის ევროკავშირის სამხედრო სასწავლო მისიის შექმნის დაწყებას დაუჭირეს მხარი.

ცნობისთვის, ივლისში ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დაფინანსება 500 მილიონი ევროთი გაზარდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ, ევროკავშირის მიერ ქვეყნისთვის გაწეულმა სამხედრო დახმარების საერთო მოცულობამ €2.5 მილიარდი შეადგინა. დახმარების ნაწილი „ევროპული სამშვიდობო ფონდის“, ნაწილიც კი, უშუალოდ ქვეყნების მარაგებიდან გაიცა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *