ავტოინდუსტრია წლებია, გენდერულად ერთ-ერთ ყველაზე მკვეთრად დაყოფილ სფეროდ მიიჩნევა, სადაც ქალების წარმომადგენლობა ჯერ კიდევ დაბალია, სტერეოტიპები კი – ძლიერი. „თეგეტა ჰოლდინგი“ ამ სტერეოტიპების მსხვრევას და თანასწორი შესაძლებლობების შექმნას ცდილობს. მისმა ინიციატივებმა შედეგი უკვე გამოიღო – 2023-25 წლებში ტოპ-მენეჯმენტში ქალთა წარმომადგენლობა 7%-დან 32%-მდე გაიზარდა, ხოლო თანამშრომლების მთელ შტატში ქალების წილი 24%-ს აღწევს. კომპანიის პროექტებზე, შედეგებსა და გეგმებზე „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი თათია ხორბალაძე და CSR-მიმართულების კოორდინატორი მარიამ ჯაფარიძე გვესაუბრნენ.
ავტორი: იზა გვარამაძე
ავტოინდუსტრია ტრადიციულად მამაკაცების დომინირებით გამორჩეული სფეროა – როგორ ხედავს „თეგეტა“ გენდერული თანასწორობის როლს ბიზნესის განვითარებაში?
თათია: თანამედროვე მსოფლიოში გენდერული თანასწორობა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტში აღარ განიხილება. ეს საკითხი ბიზნესისთვის უკვე კორპორაციული მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის მენეჯმენტის სტრატეგიულ კომპონენტად იქცა. გლობალური კვლევები აჩვენებს, რომ მრავალფეროვანი გუნდები მეტად მდგრად ბიზნესმოდელს ქმნიან და ეს პროცესები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ინდუსტრიებში, რომლებიც ტექნოლოგიურად სწრაფად ვითარდება – სწორედ ასეთია ავტოინდუსტრიაც.
„თეგეტა ჰოლდინგში“ გენდერულ თანასწორობაზე უკვე წლებია, ვზრუნავთ. კომპანიამ ამ საკითხს არაერთი აქტივობა თუ კამპანია მიუძღვნა. ჩვენთვის ეს CSR-სტრატეგიის ნაწილია, რაც ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობას, ტალანტების მოზიდვასა და მდგრად ზრდას უკავშირდება.
სწორედ ამას ემსახურება ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული ინიციატივა „თეგეტა – ქალთა გაძლიერებისთვის“, რომლის მიზანიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, ტრადიციულად კაცებით დომინირებულ ინდუსტრიებში ქალთა მხარდაჭერა და საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაა.
როგორი შედეგი გამოიღო განხორციელებულმა პროექტებმა და ინიციატივებმა?
თათია: 2023-25 წლებში „თეგეტას“ ტოპ-მენეჯმენტში ქალთა წარმომადგენლობა 7%-დან 32%-მდე გაიზარდა, რაც ორი წლისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, დღეს ჰოლდინგში დასაქმებულთა 24% ქალია. მათ შორის არიან ავტომექანიკოსები, ინჟინრები, სერვისის მრჩეველები, ფილიალების დირექტორები, ოპერაციული და სტრატეგიული მენეჯერები.
ვფიქრობ, ამ შედეგების მიღწევაში დიდი როლი ითამაშა როგორც პროფესიული განვითარების პროგრამებმა, ისე კომპანიის პოლიტიკამ და განხორციელებულმა პროექტებმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტალანტების მოძიება და თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, რაც მათ შემთხვევაში – კარიერულ ზრდაზე, კომპანიისათვის კი ბიზნესის გაძლიერებაზე აისახება.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს „თეგეტა“ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა. ამავე მიმართულებით, მან აქტიურად დაიწყო პარტნიორობა წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა UN Women Georgia და UNFPA Georgia. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს, ქალთა გაძლიერების პროცესში მსოფლიო დონის ექსპერტების მიერ შემუშავებული „გზამკვლევი“ გამოვიყენოთ, ამასთან გავიზიაროთ მსხვილი კომპანიების გამოცდილება და საერთაშორისო მიდგომები დავნერგოთ.

პროფესიული განათლების მიმართულებით რა იყო ყველაზე დიდი ბარიერი ქალების ჩართულობის გაზრდის კუთხით?
მარიამი: ალბათ არა შესაძლებლობების ნაკლებობა, არამედ გენდერული სტერეოტიპები. რადგან ავტოინდუსტრია ტრადიციულად მასკულინურ სფეროდ აღიქმება, ბევრ გოგოს ვერ წარმოუდგენია, რომ ტექნიკურ პროფესიებში კარიერა მათთვისაც რეალური არჩევანია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მათ აღქმის შეცვლაშიც დავეხმაროთ. „თეგეტა აკადემიის“ პროგრამებით, კომპანიის დამოკიდებულებით ავტოინდუსტრიაში ქალების ჩართულობის გაზრდაზე, ვცდილობთ, მოვიზიდოთ და გადავამზადოთ მექანიკოსები, ტექნიკოსები, სერვისის მრჩეველები და სხვა ტექნიკური პროფესიის ქალები და ვაჩვენოთ, რომ ეს სფერო ყველასთვის ხელმისაწვდომია.
თათია: „თეგეტაში“ ჩემი მოსვლა პროექტს – „პროფესიას არა აქვს გენდერი“ -დაემთხვა, რომელიც ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა. ამ პროექტის ფარგლებში სატვირთოს მექანიკოსად სამი ქალი დავასაქმეთ. შთამბეჭდავი სანახავი იყო ქალები უზარმაზარი სატვირთოების სერვისში. ჩემთვის ეს იყო დასტური იმისა, რომ კომპანია ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამდა.
მთავარი გამოწვევა გენდერულ როლებთან დაკავშირებული სტერეოტიპები აღმოჩნდა, თუმცა „თეგეტას“ მექანიკოსი ქალების მაგალითებით, ვფიქრობ, შევძელით და ავტოინდუსტრიით ქალების დაინტერესება მნიშვნელოვნად გავზარდეთ.
მარიამი: „თეგეტამ“ შექმნა პრეცედენტი როგორც სატვირთოების, ასევე მსუბუქი ავტომობილების მექანიკოსი ქალების მომზადებისა და დასაქმების მიმართულებითაც. ვფიქრობ, ეს მაგალითი გვაჩვენებს, რომ როდესაც ქალებს რეალური შესაძლებლობა ეძლევათ, ამასთან ხვდებიან მხარდამჭერ გარემოში, ისინი წარმატებით იკავებენ ადგილს ყველანაირ პროფესიაში.
საინტერესოა ისიც, რომ როდესაც „თეგეტელი“ ქალები ხედავენ, რომ ამ სფეროში პროფესიონალები და წარმატებული ხდებიან, უჩნდებათ სურვილი, საკუთარი გამოცდილება სხვებსაც გაუზიარონ. ამას მიეძღვნა ჩვენი კამპანია „femmeავტო“, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას ავტოინდუსტრიაში ჩართული ოცზე მეტი ქალის თავგადასავალზე მოვუყევით. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან დასაქმებული ქალები განსაკუთრებით აქტიურად ერთვებიან ახალგაზრდებთან შეხვედრებში და სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ საზოგადოებრივ ინიციატივაში. ეს კარგად იგრძნობა მათ მოტივაციასა და სურვილში, იყვნენ მაგალითი სხვებისთვისაც.
როცა კომპანიაში თანამშრომელთა 76% კაცია, როგორ უზრუნველყოფთ გენდერულად თანასწორ გარემოს?
თათია: ვფიქრობ, ეს რიცხვი ამ პროცესს კიდევ უფრო აზარტულსა და საინტერესოს ხდის. „თეგეტაში“ გულწრფელად გვჯერა, რომ თანასწორობა მხოლოდ რაოდენობრივი ბალანსით არ იზომება. ჩვენთვის მთავარია სისტემური პოლიტიკა და ორგანიზაციული კულტურა, რომელიც ყველა თანამშრომლისთვის სამართლიან შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.
ამ ბალანსის შენარჩუნებას არაერთი პროექტით, პოლიტიკით, აქტივობითა და მხარდაჭერით ვცდილობთ. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ დავამტკიცეთ სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა, ჩვენთან მოქმედებს ეთიკური ქცევის სტანდარტები და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მექანიზმები, რომლებიც არადისკრიმინაციული გარემოს შექმნას უწყობს ხელს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – ჩვენი შიდა კომუნიკაციების მექანიზმებია, რითაც მაქსიმალურად ვცდილობთ „თეგეტელებში“ გენდერული საკითხების მიმართ ცნობიერება ავამაღლოთ.
გენდერული თანასწორობის მიმართულებით პროექტებს კაცებისთვის ახორციელებთ. რატომ არის ამ პროცესებში მათი ჩართვა მნიშვნელოვანი?
თათია: რადგან ჩვენს ინდუსტრიაში კაცები დომინირებენ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ცვლილებები მათგან დავიწყეთ. ცნობიერების ამაღლება – ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც გენდერული თანასწორობის მიმართულებით წარმატების საწინდარია. გენდერულად თანასწორი გარემოს შექმნაში მნიშვნელოვანი როლი უკავიათ ქალებსაც და კაცებსაც.
ამიტომ წამოვიწყეთ ისეთი პროექტებიც, რომლებიც კაცების ოჯახურ გარემოში ჩართულობას, პოზიტიურ მამობას და შვილის აღზრდის პროცესში კაცის როლის გაძლიერებას ემსახურება.
საინტერესოა მშობლის შვებულების პოლიტიკა – რამდენად აქტიურად სარგებლობენ კაცები?
მარიამი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მშობლის პასუხისმგებლობა მხოლოდ ქალებთან არ ასოცირდებოდეს. ბოლო წლებში ვხედავთ, რომ კაცებიც უფრო აქტიურად სარგებლობენ მშობლის შვებულებით. ეს სერიოზული კულტურული ცვლილებაა, რომელიც თანასწორობას უწყობს ხელს – როდესაც მამებიც აქტიურად ერთვებიან შვილების აღზრდაში, ქალებს კარიერული განვითარების გზაზე უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ.
ჩვენ ვთანამშრომლობთ UNFPA Georgia-სთან და ერთად ვახორციელებთ ინიციატივებს მათ შორის არის „მამაკაცური საუბრები“, მამების დღე“ და „მამების სკოლა“, რომლებიც პოზიტიური მშობლობის, თანასწორი პასუხისმგებლობისა და გენდერული სტერეოტიპების საკითხებს ეხება.
როცა 2022 წელს გავიგეთ კომპანიის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი კაცის შესახებ, რომელმაც დეკრეტული შვებულებით ისარგებლა, სხვების წახალისების მიზნით ამ თემაზე ძალიან ინტენსიური და ემოციური კომუნიკაცია გვქონდა. შედეგიც უკვე თვალსაჩინოა – გასულ წელს ხუთმა მამამ ისარგებლა დეკრეტით, რაც გვიჩვენებს, რომ კომპანიაში დასაქმებულებთა შორის თანასწორი მშობლობის კულტურა ეტაპობრივად ძლიერდება.
„მამაკაცური საუბრები“ ახსენეთ – რას მოიცავს ეს ინიციატივა და რატომ არის მნიშვნელოვანი?
თათია: „მამაკაცური საუბრები“ დაგვეხმარა სრულიად განსხვავებული კუთხით შეგვეხედა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ტრანსფორმაციისთვის. ეს პროექტი ჩვენს თანამშრომელ კაცებს აძლევს შესაძლებლობას, ისაუბრონ ისეთ თემებზე, როგორიცაა პოზიტიური მამობა, ემოციური კეთილდღეობა, მუშაობასა და ოჯახს შორის ბალანსი და თანასწორი პარტნიორობა. ეს როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მათ ოჯახურ გარემოშიც განსაკუთრებულ ცვლილებებს იწვევს.
მარიამი: აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში „თეგეტას“ 200-ზე მეტმა თანამშრომელმა კაცმა მიიღო ამ პროექტში მონაწილეობა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან, რაც ძალიან სასიხარულოა.

ბოლო წლებში ქალთა სპორტის მხარდაჭერის კუთხითაც გააქტიურდით. რაში გამოიხატება ეს მხარდაჭერა?
მარიამი: როდესაც საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს ვუჭერთ მხარს, არჩევანს ვაკეთებთ იმ პერსპექტივიდან, თუ გენდერულად დაყოფილ პროფესიებშისად შეგვიძლია სტერეოტიპების მსხვრევაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. ქალთა ფეხბურთი ასეთ სფეროებს შორისაა. აქ ქალებს უამრავი გენდერული ბარიერის გადალახვა უწევთ. გოგონათა საფეხბურთო კლუბი „კვარტალი“ ჩვენთვის სწორედ ასეთი აღმოჩენა იყო, სადაც ბევრი ახალგაზრდა სპორტსმენი შეუპოვრობითა და საქმის მიმართ დიდი სიყვარულით ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ პროფესიას გენდერი ნამდვილად არა აქვს.
გვიხარია, რომ ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერით ჩვენი მიზნები ერთ სივრცეში გავაერთიანეთ და ვაჩვენეთ საზოგადოებას, რომ არა აქვს მნიშვნელობა, რომელ პროფესიაში ხარ – მთავარია, გულით გჯეროდეს იმ მიზნების, რომლებსაც მიჰყვები.
გარდა ამისა, წლებია, „თეგეტა მოტორსი“ მხარს უჭერს ოფროუდით დაინტერესებულ ქალებს და Rally Adventure Georgia-ს ფარგლებში, უგზოობის პირობებში ქალთა ერთ-ერთი ეკიპაჟის თანამგზავრია. ეს ჩვენთვის მხოლოდ საავტომობილო შეჯიბრის მხარდაჭერა არ არის. ასეთი ინიციატივები გვაძლევს შესაძლებლობას, საზოგადოებას დავანახოთ, რომ ავტოინდუსტრია მრავალფეროვანი სფეროა და მასში ქალების როლი მნიშვნელოვანია.
დღეს ძალიან ბევრ ორგანიზაციას აქვს მეწარმე ქალებისა და სოციალური საწარმოების გაძლიერების პროგრამა. რამდენად აქტიურია „თეგეტა“ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერაში?
მარიამი: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური საწარმოების მხარდაჭერა, რომლებიც ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს. მჯერა, რომ ბიზნესის გააზრებული არჩევანი – შეიძინოს სოციალური საწარმოებისგან პროდუქცია ან მომსახურება – ქმნის პასუხისმგებლობიანი შესყიდვის პრაქტიკას და ამავე დროს ორმხრივად მდგრად შედეგებს.
მაგალითად, ჩვენ სოციალურ საწარმო „პოტერიასთან“ თანამშრომლობით სწორედ ამ მიდგომას დავუჭირეთ მხარი. მათგან პროდუქციის შეძენით პირდაპირ შევუწყვეთ ხელი ქალთა გაძლიერებას. „პოტერია“ წლებია, ქართული ტრადიციული რეწვის განვითარებაზე მუშაობს და პარალელურად კანონთან კონფლიქტში მყოფი და ძალადობაგამოვლილი ქალების დასაქმებასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას უწყობს ხელს.
გვჯერა, რომ მსგავს სოციალურ საწარმოებს სხვა ბიზნესებისა და საზოგადოების მხარდაჭერაც სჭირდება. ამის საშუალებას კი ნებისმიერ მსურველს ჩვენი დონაციის პლატფორმა Tegeta.care-ის საშუალებით ვაძლევთ, სადაც არაერთი პარტნიორი ორგანიზაცია სწორედ ქალთა გაძლიერების საკითხებზე მუშაობს.
როგორია „თეგეტა ქალთა გაძლიერებისთვის“ ინიციატივის სამომავლო გეგმები?
თათია: გეგმები ძალიან მასშტაბურია. გვინდა, კიდევ უფრო მეტი ქალი დავაინტერესოთ ამ ინდუსტრიით, შევქმნათ გენდერულად თანასწორი გარემო და ვიზრუნოთ მათ განვითარებასა და გაძლიერებაზე.
გეგმაში გვაქვს „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად კიდევ უფრო დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ პროფესიული განვითარების პროგრამები, ასევე ვიზრუნოთ ქალთა ლიდერობის გაძლიერების პროექტების შექმნაზე. გარდა ამისა, ვაპირებთ, გავაგრძელოთ ახალი პოლიტიკების დანერგვა, მათ შორის კი არის ოჯახთან თავსებადი გარემოს პოლიტიკა.
ჩვენი მიზანია, ავტოინდუსტრია აღარ აღიქმებოდეს მასკულინურ სფეროდ და როგორც „თეგეტაში“, ასევე ზოგადად ამ ინდუსტრიაში ქალები ყველანაირი სტერეოტიპების გარეშე იმკვიდრებდნენ თავს.
და რა არის საჭირო, რომ ავტოინდუსტრია აღარ აღიქმებოდეს მასკულინურ სფეროდ?
თათია: საკმაოდ რთული კითხვაა – თუმცა, ვფიქრობ, რომ ამისათვის საჭიროა პატარ-პატარა ნაბიჯებით მივიდეთ მიზნამდე. თუ „თეგეტა“, როგორც რეგიონის ლიდერი ინდუსტრიაში, შექმნის მაგალითს, ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში ამ პროცესს სხვა კომპანიებიც შემოუერთდებიან. გარდა ამისა, ცნობიერების ამაღლების კამპანიები საზოგადოების აზრის ცვლილებაშიც დაგვეხმარება, ამასთან, თანამედროვე ტექნოლოგიები, მიდგომები და სტანდარტებიც შეუწყობს ხელს გენდერულად თანასწორი გარემო შექმნას და საბოლოოდ, მიზნამდეც მივალთ.
ეს არ იქნება მარტივი პროცესი. ცვლილებებს წლები სჭირდება, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ არ განვაგრძოთ წინ და წინ სვლა და გაძლიერება – რადგან გვჯერა, რომ „ქალი მართავს“, მართავს თამამად და წარმატებით.











