ქართული ღვინის გლობალური ელჩი

ქართული ღვინის გლობალური ელჩი
ნიკა ზაუტაშვილის მიერ ათი წლის წინ თავისუფალ დროს გაშენებული ვენახი დღეს უკვე MTEVINO-ს მრავალჰექტარიან მევენახეობაში ერთიანდება. კომპანიის მისია ქართული ღვინის მსოფლიოს რაც შეიძლება მეტი ქვეყნისთვის გაცნობაა, რისთვისაც საზღვრებს გარეთ ექსპორტის, ქვეყნის შიგნით კი ტურიზმის მიმართულების გაფართოებაზე აქტიურად მუშაობს. MTEVINO-ს წარსულსა და მომავალზე ნიკა ზაუტაშვილთან ერთად კომპანიის ტურიზმის მიმართულების დირექტორს, ქეთი ხვედელიძეს ვესაუბრეთ.

ბატონო ნიკა, მოგვიყევით, როდის და საიდან გაჩნდა MTEVINO-ს დაფუძნების იდეა?

იდეა გაჩნდა დაახლოებით ათი წლის, როდესაც გადავწყვიტე, რომ ხაშმის ტერიტორიაზე მიწები მეყიდა. თავიდან ქარხნის მშენებლობა განზრახული არ მქონდა, ვენახის გაშენება მხოლოდ ჰობისთვის მინდოდა. თუმცა ნელ­-­ნელა ადგილობრივი გლეხები დამიკავშირდნენ და თავიანთი მიწების შეძენა შემომთავაზეს. ვინაიდან ამის საშუალება მქონდა, შემოთავაზებებს დავთანხმდი და ასე ავედი 1 ჰექტარიდან დაახლოებით 10-12 ჰექტარამდე.

ამის შემდეგ რამდენჯერმე მომიწია საზღვარგარეთ წასვლა, სადაც ქართული ღვინო ვნახე. ამან კიდევ უფრო გამიმძაფრა მისი წარმოებისა და საზღვრებს გარეთ გატანის სურვილი. მიზანი იყო, მსოფლიოსთვის საქართველო უფრო მეტად გამეცნო.

აქედან გამომდინარე, გაფართოებაზე ფიქრი დავიწყე და ქარხნის აშენება გადავწყვიტე. ამ პროცესში გვერდში მედგნენ ჩემი ოჯახის წევრები, ორი ძმა და მეუღლე, რომელიც MTEVINO-ს გენერალური დირექტორია. სწორედ მათ გავანდე პირველად ჩემი ჩანაფიქრი.

აქვე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემი უახლოესი მეგობრების კომპანიას, X2-ს, რომელმაც ჩვენი ქარხანა თავიდან ბოლომდე, სრული სიზუსტით ააშენა. მშენებლობა 2017 წლის მაისის ბოლოს დავიწყეთ და ზუსტად რვა თვეში ყველაფერს მოვრჩით. სექტემბერში, სანამ ნაგებობა დასრულდებოდა, მარანი უკვე აშენებული იყო და პირველი რთველიც ჩავატარეთ.

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით პირველი ნაბიჯების გადადგმისას?

როდესაც ხაშმში პირველი მიწა შევიძინე, იქ არაფერი არ იყო გაშენებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს ტერიტორია სრულიად უდაბნოს წარმოადგენდა. არ იყო არც ინფრასტრუქტურა, არც კომუნიკაციები, წყალი, დენი, გაზი. ყველაფერი ჩვენი სახსრებით გავაკეთეთ. წყლის პრობლემა ახლაც გვაქვს, თუმცა სახელმწიფო მის მოგვარებას დაგვპირდა.

მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობა და, კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გვერდში გვიდგას, გვაძლევს სტიმულს და ყველანაირად გვეხმარება, რისთვის მათ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

რომელი სახეობისა და რა მოცულობის ღვინოს აწარმოებთ დღეის მდგომარეობით?

ყოველწლიურად ერთ მილიონ ბოთლს ვაწარმოებთ. გვაქვს 12 სახეობის ღვინო. რა თქმა უნდა, ფლაგმანი ხაშმის საფერავია. მინდა აღვნიშნო, რომ იმ პერიოდში, როდესაც მიწები შევიძინეთ, ის ადგილი მიკროზონად არ იყო ჩამოყალიბებული. მე და ჩემმა მეგობარმა, ალექსანდრე ვაშალომიძემ, რომელიც დღეს კომპანიის კომერციული დირექტორია, იმაზე დავიწყეთ ზრუნვა, რომ ტერიტორია ხაშმის საფერავის მიკროზონად გვექცია.

ჩავატარეთ შესაბამისი კვლევები, მათ შორის შევისწავლეთ ნიადაგი. 2019 წელს მოგვივიდა სასიხარულო ინფორმაცია, რომ ამ ადგილს, სადაც ჩვენი მიწებია, საფერავის მიკროზონის სტატუსი მიენიჭა.

ღვინის წარმოებისას რომელ ტექნოლოგიას იყენებთ?

ღვინის წარმოებისას ევროპულ და ქართულ ტრადიციულ მეთოდს ვიყენებთ, ეს არის ქვევრის ღვინო. მინდა ხაზი გავუსვა, რომ იდეალური მეღვინე გვყავს, რომელიც საკუთარი შედეგით არასდროს კმაყოფილდება და ყოველთვის უკეთესისკენ ისწრაფვის.

გვაქვს ლაბორატორია, სადაც ჩვენი პროდუქცია გადის ყველანაირ შემოწმებას და, როდესაც ყველა დეტალი დამაკმაყოფილებელი იქნება, ღვინის წარმოებას მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ.

კომპანიის დაფუძნებამდე, ღვინის წარმოების კუთხით თუ გქონდათ გამოცდილება?

საკუთარი ბიზნესის დაწყებამდე საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა მიღებული. ვმუშაობდი „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში“ რეგიონული გაყიდვების მენეჯერად. ძალიან დიდი ცოდნა მივიღე ბატონ თემურ ჭყონიასგან, რომელიც ჩემი უფროსი მეგობარია. დღეს გზას სწორედ მისი ნასწავლით ვიკვლევ. ერთ მეგობრულ რჩევას მივცემდი – რაც შეიძლება მეტი ისაუბროს ხალხთან და თავისი სიბრძნე გაუზიაროს.

ამის შემდეგ გადავედი მეღვინეობა „ხარებაში“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე. ღვინოსთან შეხება მანამდეც მქონდა, ვინაიდან ჩემს წინაპრებს, მამაჩემს, საკუთარი ღვინო ყოველთვის ჰქონდათ, როგორც ქართველების უმეტესობას, თუმცა იქ უფრო მეტი ვისწავლე მეღვინეობაზე და სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე, კომპანია დამეარსებინა.

ბევრი ვიწვალე, პანდემიამ ძალიან შემიშალა ხელი, როგორც ყველა სხვა ბიზნესს. სრულად გაჩერებულები ვიყავით, წელიწად­-­ნახევარი არანაირი ექსპორტი არ არსებობდა, არც ადგილობრივი ბაზარი, მხოლოდ მიტანის სერვისი მუშაობდა და ეს ზღვაში წვეთი იყო.

პანდემია მორჩა და ჩემმა გუნდმა, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალებისგან შედგება, კომპანია მომენტალურად აამუშავა. ამ პერიოდში ღვინის ეროვნული სააგენტო გვერდში ძალიან დაგვიდგა. მათ შორის, საზღვარგარეთ უამრავი გამოფენა ჩაატარა, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. გამოფენებზე ჩვენმა ღვინომ დიდი მოწო­ნება დაიმსახურა და საკმაოდ სერიოზული კონტრაქტები გავაფორმეთ.

ამ კონტრაქტებს, რა თქმა უნდა, შესრულება უნდა და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც მაკომპლექტებლებს გვაწვდიან – იქნება ეს ბოთლი, საცობი, ეტიკეტი თუ სხვა. ისინი ყველანაირად გვერდში გვიდგანან, რომ ქართული მეღვინეობა, ბიზნესი და მათ შორის ჩემი კომპანიაც ფეხზე დადგეს.

გუნდი ახსენეთ – რამდენ თანამშრომელს აერთიანებს MTEVINO?

კომპანიაში მუდმივად 35 ადამიანი გვყავს დასაქმებული. სეზონზე, რთვლის ან მიწის სამუშაოების პერიოდში, დაახლოებით 150 ადამიანამდე ავდივართ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩემი კომპანიის წინსვლა და წარმატება თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა. მათგან ძალიან ბევრს ვსწავლობ. შეიძლება ითქვას, ერთ ოჯახად ვართ ჩამოყალიბებული.

ყოველთვის მქონდა მოწოდება, MTEVINO განსხვავებული ყოფილიყო – მინდოდა, სათითაოდ ყველას გაეთავისებინა, რომ ეს კომპანია არის მათი და არა მხოლოდ ჩემი. ასეც არის, ჩვენი კომპანიის თითოეული თანამშრომელი ამბობს, რომ MTEVINO მისი კომპანიაა, ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

მინდა თითოეულ მათგანზე ვისაუბრო, მაგრამ მეშინია, არავინ გამომრჩეს. ყველასი დიდი მადლობელი ვარ იმ ხარისხის დაცვისთვის და შედეგის დადებისთვის, რითაც დღეს MTEVINO ამაყობს.

რომელი ქვეყნების ბაზრებზე იყიდება MTEVINO-ს ღვინო? როგორია ექსპორტის მოცულობა და ვინ არიან უმსხვილესი პარტნიორები?

პროდუქცია ექსპორტზე მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში გაგვაქვს. ამჟამად ჩვენთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ჩინეთია, წლიურად დაახლოებით 650,000 ბოთლის რეალიზაციით.

აქტიურად ვართ წარმოდგენილი აშშ­-­სა და ევროპის ქვეყნებში. ჩეხეთში საკუთარი ჰაბი გვაქვს, საიდანაც ღვინოს სხვა ქვეყნებში ვანაწილებთ, ძირითადად – ქართულ რესტორნებში. ამან MTEVINO-ს ცნობადობა გაზარდა და გვაქვს ამბიცია, ჩვენი ღვინით უცხოურ რესტორნებსა და მაღაზიებშიც ვიყოთ წარმოდგენილნი.

გარდა ამ ქვეყნებში გაფართოებისა, სხვა ბაზრების ათვისებასაც ვგეგმავთ, მათ შორის – ევროპისა და აზიის სახელმწიფოების. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და შედეგზეც მალე გავალთ. წელს, შარშანდელთან შედარებით, გაცილებით უფრო დიდი რთველი გვექნება და ჭურჭელსაც ვამატებთ იმისთვის, რომ წარმოების მოცულობა გავზარდოთ და მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ.

აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემი უახლოესი მეგობრისა და ოჯახის წევრის კომპანიას, „სარაჯიშვილს“, რომელიც გვერდში მიდგას და ხელს უწყობს MTEVINO-ს ექსპორტის ზრდის მიმართულებით.

რას გვეტყვით თქვენ მიერ წარმოებული ღვინის ჯილდოებსა და აღიარებებზე?

საერთაშორისო დონეზე საკმაოდ ბევრი აღიარება გვაქვს მოპოვებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც, მთლიანობაში 48 ჯილდო გვაქვს მიღებული. ერთია, რომ ეს ყველაფერი მეამაყება, თუმცა, მეორე მხრივ, ეს ჩვენი პროდუქციის ხარისხზეც მეტყველებს, რაც კომპანიისთვისაც ძალიან კარგია.

ძალიან მსიამოვნებს, როდესაც საზღვარგარეთ მაღაზიაში, სრულიად შემთხვევით, ჩემს ღვინოს გადავაწყდები ხოლმე, რომელსაც კონკრეტულ შეჯიბრებაში ოქროს მედალი აქვს მიღებული და შესაბამისი ლოგო ამშვენებს.

სასიხარულოა, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი მეღვინეობა გაიხსნა. მათ კონკურენტებად არ აღვიქვამ, ისინი ჩემი პარტნიორები არიან. რაც უფრო მეტი კარგი ქართული ღვინო იქნება წარმოდგენილი მსოფლიოს ამა თუ იმ ბაზარზე, მით უფრო გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ფლაგმანი პროდუქტის პოპულარობა.

როგორც გითხარით, მეამაყება, როდესაც საკუთარ ღვინოს სხვადასხვა ქვეყანაში აღმოვაჩენ. მაგალითად, ერთხელ ამერიკაში, ერთ­-ერთ ალკომაღაზიაში, თაროზე, სრულიად შემთხვევით გადავეყარე ჩემს ღვინოს და გამახსენდა ცნობილი ფრაზა ქართული ფილმიდან – „აქ რამ მოგიყვანა, შე დალოცვილო, შენა“. თითოეულ ბოთლს თავისი ლოტი აქვს, რომელზეც ჩამოსხმის თარიღია მითითებული და მომაგონდა დრო, როდესაც ეს ბოთლი ჩამოვასხით, ასევე ჩემი უსაყვარლესი თანამშრომლის, თორნიკეს მიერ ამ პროცესში ჩადებული შრომა.

გაქვთ ტურიზმის მიმართულებაც – რას მოიცავს იგი?

ნიკა: მოგეხსენებათ, ქართული მეღვინეობა ყოველთვის დაკავშირებულია ტურიზმთან, ყველა ქართველს სურს, ჩვენი ქვეყნის ღვინო რაც შეიძლება მეტ უცხოელს გააცნოს. ამ მიმართულების განვითარება ჩვენც ღვინის წარმოების ბიზნესის წამოწყებისას ჩავიფიქრეთ. ამაზე დეტალურად სასაუბროდ სიტყვას MTEVINO-ს ტურიზმის მიმართულების დირექტორს, ქეთი ხვედელიძეს გადავცემ.

ქეთი ხვედელიძე: ამ ეტაპზე სასტუმროში ხუთი ნომერი ფუნქციონირებს. თავდაპირველად ეს ნომრები გათვლილი გვქონდა ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, ვისთანაც ექსპორტის კუთხით ვთანამშრომლობთ. თუმცა, მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი გამოწვევის წინაშე დავდექით და ტურიზმის კუთხით მასშტაბური გეგმის შემუშავება დავიწყეთ. ფართი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი სტუმრების რაოდენობა საგრძნობლად გავზარდოთ. ამჟამად ღონისძიებების კუთხით MTEVINO-ს შიდა სივრცე 250 ადამიანის გამასპინძლების საშუალებას იძლევა, გარე სივრცეში მეტად მასშტაბური ღონისძიებები ჩატარებულა, როგორიც არის ქორწილი და ა.შ.

ჩვენს მყუდრო გარემოში დამსვენებლებს ვთავაზობთ მასტერკლასებს, როგორიცაა ღვინის დეგუსტაცია, ჩურჩხელების ამოვლება, თონეში პურის ჩაკვრა და, რა თქმა უნდა, რთვლის დროს ყურძნის კრეფაში მონაწილეობის მიღება. ეტაპობრივად, ჩვენი გეგმის მიხედვით, ახალი სერვისები ზაფხულის პერიოდში დაგვემატება.

როგორია გაფართოების გეგმა?

ღვინის წარმოების სფეროში წარმატების მიღწევა გახდა მიზეზი იმისა, რომ ტურიზმის მიმართულებითაც განვვითარდეთ. ამისთვის სტუმრებს მალე შევთავაზებთ სრულიად განსხვავებული კონცეფციის სივრცეს, რომელიც ნებისმიერი სახის დასვენების მსურველის მოთხოვნებს უპასუხებს.

კერძოდ, ვგეგმავთ კოტეჯების ტიპის სასტუმროს მშენებლობას და ლანდშაფტის მოწყობას. საწყის ეტაპზე ათ კოტეჯს ავაშენებთ, სადაც დაახლოებით 60 ადამიანი შეძლებს დარჩენას. ჩვენი სურვილია, მშენებლობისას ეკომეგობრული მასალები გამოვიყენოთ.

რით იქნება ეს ადგილი გამორჩეული?

გვინდა, ამ სივრცეში ყველამ თავისი ადგილი იპოვოს, სადაც საკუთარი სურვილების განხორციელებას შეძლებს, ეს იქნება გართობა თუ უბრალოდ მშვიდ გარემოში ყოფნა. სასტუმრო გათვლილი იქნება როგორც ოჯახებზე, ისე ახალგაზრდებზე. ერთ­-ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ რუტინული ცხოვრებიდან თავის დაღწევა ქალაქიდან სულ რაღაც 40 წუთის სავალზე იქნება შესაძლებელი.

ჩვენი მიზანი არ არის მდიდრული გარემოს შექმნა, პრიორიტეტი სიმყუდროვე და სივრცის სხვადასხვა ინტერესზე მორგებაა. იმისთვის, რომ სტუმრებს მაქსიმალურად კომპლექსური სერვისები შევთავაზოთ, ვგეგმავთ საცურაო აუზისა და პადელის კორტების მოწყობას, რომლებზე მოთხოვნაც ძალიან დიდია. ასევე მოვაწყობთ ველობილიკსა და საბავშვო სივრცეს.

დაბოლოს, რა ვადებში ფიქრობთ ამ გეგმის განხორციელებას?

გეგმის განხორციელება უკვე დაწყებულია და ვფიქრობთ, MTEVINO-ს ახალი ტურისტული სივრცე სტუმრების მიღებას მომავალი წლის ზაფხულისთვის შეძლებს. თუმცა საცურაო აუზი და კორტები უკვე ამ ზაფხულს იქნება ხელმისაწვდომი.

S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *