Spotify-მ რეკორდული კვარტალური მოგება მიიღო

Spotify-მ რეკორდული კვარტალური მოგება მიიღო

მუსიკალური სტრიმინგ-სერვისის შვედურმა კომპანია Spotify-მ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეკორდული მოგება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ გუშინ, 23 აპრილს გაავრცელა.

Spotify რეკორდულ მოგებაზე დაახლოებით ერთი წლის, ხარჯების შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯების შემდეგ გავიდა. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი კი კადრების გათავისუფლება იყო. აღსანიშნავია, რომ შემოსავლებისა და მოგების გასაზრდელად Spotify-ის მსგავსი გადაწყვეტილება არაერთმა კომპანიამ მიიღო.

რაც შეეხება შვედური კომპანიის მიერ 2024 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ შედეგებს, მაჩვენებლებმა ექსპერტების მოლოდინს გადააჭარბა. მაგალითად, აღნიშნულ პერიოდში Spotify-ის მოგებამ აქციაზე 97 ევრო ცენტი შეადგინა, როცა ანალიტიკოსები 65 ევრო ცენტს პროგნოზირებდნენ.

გარდა ამისა, კომპანიის შემოსავალმა 3.64 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც ნავარაუდებ 3.61 მილიარდ ევროს აჭარბებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ პლატფორმის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა პროგნოზს მცირედ ჩამორჩა და StreetAccount-ის მიერ ნავარაუდები 618 მილიონის ნაცვლად, 615 მილიონი შეადგინა.

მოგებასა და შემოსავლებთან დაკავშირებული სიახლის გავრცელების შემდეგ Spotify-ის აქციების ფასი დაახლოებით 10%-ით გაიზარდა.