ქართული ტელემაუწყებლობის კოსმოსური ოდისეა

ქართული ტელემაუწყებლობის კოსმოსური ოდისეა

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის გააქტიურებასთან ერთად, ქვეყანაში ფასიანი თანამგზავრული მაუწყებლობის პროვაიდერები ჩნდებიან. მათგან უდიდესი Forbes Georgia-ს მედიაპარტნიორი SES-ია. საქართველოს თავზე დაკიდებული SES-ის ახალი სატელიტი ASTRA 5B გაზრდის სიგნალის გეოგრაფიულ არეალს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიის ჩათვლით და რეგიონს ციფრული მაუწყებლობით უზრუნველყოფს.

საქართველოდან ყველა მოგზაურობა ვიზის აღებით იწყება, მით უმეტეს, როცა მსოფლიოს დასავლეთ ნახევარსფეროსკენ იღებ გეზს. თუმცა ამ დამამცირებელი პროცედურის გავლას ეგუები, რადგან მალე ახალ ქვეყანას ნახავ, ახალ გარემოში აღმოჩნდები.

იმის შეგრძნება, რომ ძალიან უჩვეულო ადგილას მივდივარ, პირველად მაშინ დამეუფლა, როდესაც მასპინძლებმა ყვითელი ციების აცრის გაკეთება მომთხოვეს. აცრის ცნობის გარეშე ქვეყანაში ვერ შემიშვებდნენ. მეორე უცნაურობა ის იყო, რომ ვერავინ ვნახე გარშემო ისეთი, ვინც ნამყოფი ყოფილიყოს ქალაქში, რომლისკენაც გეზი მქონდა აღებული. პარიზიდან ფრენამ ათი საათი გასტანა. გადამღლელი მგზავრობის ბოლოს ილუმინატორიდან ფრანგული გვიანის დედაქალაქი კაიანი გამოჩნდა. თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო.

გაინტერესებთ, რას ვაკეთებდი ამ ფრანგულ გვიანაში? – 21 მარტს, მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა თანამგზავრულმა ოპერატორმა SES-მა, რომლის მედიაპარტნიორიც Forbes Georgia გახლავთ, დედამიწის ორბიტისკენ ახალი, მძლავრი სატელიტი გაამგზავრა. სატელიტი საქართველოსა და მთლიანი რეგიონის მოხმარებაზეა გათვლილი. SES-ი პირველი სატელიტური ოპერატორი იყო, რომელმაც 1995 წელს ევროპაში ციფრული მაუწყებლობა გახადა შესაძლებელი. დღეისთვის კი მისი სატელიტები ახალ სიმაღლეებს იპყრობენ – ზედ საქართველოს თავზე.

სანამ კოსმოდრომზე შევალ, რამდენიმე სამხედრო პუნქტი უნდა გავიარო. შემოწმებები, საშვები, უნიფორმები – უსაფრთხოების სამსახურისა თუ მეცნიერების.

„თავი ფილმ „სტარტრეკის“ გადასაღებ მოედანზე მგონია“, – ვეუბნები ერთ-ერთ „ფორმიანს“. რაზეც თავაზიან, მაგრამ აშკარად „თავიდან მოსაშორებელ“ პასუხს ვიღებ – „აქ ფანტასტიკური არაფერია“. გასაგებია, ახლა სახუმაროდ არავის სცალია. გარშემო დაძაბული ატმოსფერო სუფევს. სადაცაა სატელიტური ტექნიკის ბოლო სიტყვა უნდა გატყორცნონ ორბიტისკენ და სულ პატარა უყურადღებობით გამოწვეულ შეცდომასაც კი შეუძლია კვლევა-განვითარების რამდენიმე წელი და მასში დახარჯული მილიონები კოსმოსურ მტვრად აქციოს.

SES-ის სატელიტის წარმატებული გაშვება მხოლოდ კომპანიისთვის კი არა, მინიმუმ საქართველოს მედიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. შეგახსენებთ, რომ მიწისზედა ანალოგური ტელემაუწყებლობა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დღეს სარგებლობს, 2015 წლის 17 ივნისისათვის მთელ ევროპაში გაითიშება და ევროპის დარჩენილი, ციფრული მაუწყებლობის გარეშე მყოფი ქვეყნები, მთლიანად ციფრულ მაუწყებლობაზე გადაინაცვლებს, მათ შორის საქართველოც.[S1]  სწორედ SES-ის კუთვნილი სატელიტის მიერ მოწოდებული თანამგზავრული მაუწყებლობის საშუალებით გახდება შესაძლებელი ასობით მაღალი გარჩევადობის არხის მიღება მთელ საქართველოში, მაღალმთიანი რეგიონების ჩათვლით.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის გააქტიურებასთან ერთად, ქვეყანაში ფასიანი თანამგზავრული მაუწყებლობის პროვაიდერები ჩნდებიან, მათგან უდიდესი სწორედ Forbes Georgia-ს მედიაპარტნიორი SES-ია, რომლის მფლობელობაშიც ამჟამად 55 თანამგზავრია. SES-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი დაფარვის მქონე სატელიტური ოპერატორია, რომელსაც შეუძლია წვდომა იქონიოს მსოფლიოს მოსახლეობის 99%-ზე. საქართველოს თავზე პოზიციონირებული SES-ის ახალი სატელიტი ASTRA 5B გაზრდის სიგნალის გეოგრაფიულ არეალს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიის ჩათვლით.

„ვფიქრობ, საქართველო ძალიან კარგად არის შემზადებული ციფრული მაუწყებლობისათვის. ქვეყანაში არის IPTV-სა (ინტერნეტტელევიზია) და სატელიტურ ტელევიზიას შორის არჩევანის შესაძლებლობა; კარგად არის განვითარებული ინფრასტრუქტურა – უკაბელო ინტერნეტი ბევრ ადგილასაა ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით – ქალაქებში. ეს მაფიქრებინებს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი ადვილად წარიმართება ტელემაყურებლებისთვისაც და კომპანიებისთვისაც“, – გვითხრა SES-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნორბერტ ჰოლცლემ, როდესაც დაგეგმილ გაშვებამდე ცოტა ხნით ადრე მას თბილისში შევხვდით. გაშვება კლიმატური პირობების გამო რამდენიმე ათეული დღით გადაიდო, მაგრამ ახლა უკვე კოსმოდრომზე ვართ და სადაცაა უკუთვლა უნდა დაიწყოს.

ჰოლცლეს აზრით, ორი წელი, რაც საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად დარჩა, აბსოლუტურად საკმარისია ამ პროცესის მშვიდად წარსამართად. „მთავარი პოლიტიკური ნებაა, – დასძენს იგი და იქვე ამატებს, – ამ სატელიტის გაშვება, საქართველოს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია, კარგ ეკონომიკურ სიტუაციაში აყენებს“. მისი თქმით, თუ შევადარებთ ზედა სახმელეთო მაუწყებლობის ხარჯებს სატელიტური მაუწყებლობისას, პროპორცია 80/20-ია, რადგან ის რესურსი, რომელიც ზედა სახმელეთო მაუწყებლობის შემთხვევაში სჭირდება მოსახლეობის 20%-ის სატელევიზიო სიგნალით უზრუნველყოფას, სატელიტური მაუწყებლობის შემთხვევაში, 80%-ის უზრუნველყოფას ჰყოფნის. სწორედ ამიტომ მიაჩნია ჰოლცლეს, რომ ასეთი ძლიერი სატელიტური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველო რესურსების ოპტიმიზაციას წარმატებით მოახდენს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი სწორედ ახლა იწყება.

სატელიტის გაშვებამდე იმავე „ფორმიანს“ ვაბეზრებ თავს, რომელიც, როგორც ჩანს, ტექნიკურ ჯგუფს ხელმძღვანელობს – მინდა სატელიტის ტექნიკური მახასიათებლები დავაზუსტო. სამეცნიერო ფანტასტიკისგან განსხვავებით, იგი ფანტასტიკურ მეცნიერებაზე საუბრისას ენთუზიაზმს ავლენს. მეუბნება, რომ სატელიტი სარგებლობს სრულიად ინოვაციური სანავიგაციო სისტემა EGNOS-ით (European Geostationary Navigation Overlay Service). EGNOS-ი არის ევროპის პირველი ინვესტიცია სატელიტურ ნავიგაციაში, რომელიც საშუალებას იძლევა დასრულდეს კვლევა-განვითარების ეტაპზე მყოფი პროექტი GALILEO. GALILEO იქნება ევროპის პირველი დამოუკიდებელი გლობალური სატელიტური ნავიგაციის სისტემა და ეს ყველაფერი სწორედ საქართველოს თავზე დაკიდებული, Forbes Georgia-ს ლოგოდატანებული ASTRA 5B-ის მეშვეობით გახდება შესაძლებელი.

აი, უკუთვლაც დაიწყო. ჩაფხუტები დაგვირიგეს. ასე 30-ნი ვართ. მეცნიერები, ჟურნალისტები, SES-ის თანამშრომლები, ევროპელი ჩინოვნიკები. ჩაფხუტების დანახვაზე დევიდ ბოუის Space oddity მომაგონდა და „არიაც“ წავიღიღინე: „Take your protein pills and put your helmet on. Commencing countdown, engines on. Check ignition and may God’s love be with you. ამან კი უკვე გაარღვია უნიფორმიანების სერიოზულობის ჯავშანჟილეტი. ახლა უკვე შეიძლება ხუმრობა – ხომალდი მიწას სწყდება.

გაშვება იმაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი: ხმა, შუქი, ცეცხლი, მიწის ზანზარი. ჩვენ 5 კმ-ის მოშორებით ვიყავით, მაგრამ მოვლენის მასშტაბურობამ ენით აუწერელი შეგრძნებით დამაჯილდოვა.

ფრანგული გვიანის ქალაქ კურუში მდებარე „გვიანის კოსმოსური ცენტრიდან“ ვუყურებდი, როგორ აპობდა სატელიტი ერთდროულად სიცხითა და დაძაბულობით გასქელებულ ჰაერს და ყველა წინმსწრები დისკომფორტის მიუხედავად, მიხაროდა, რომ იქ ვიყავი 21 მარტს – იმ დღეს, რომელიც საქართველოს მედიამაუწყებლობაში ახალი თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების დანერგვის ათვლის წერტილია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *