საქართველოში უნივერსიტეტების რანჟირების მცდელობები დღემდე ხშირად აბიტურიენტების ქულებს უკავშირდება – “სად როგორმა სტუდენტმა ჩააბარა”. აბიტურიენტების ქულები ასახავს უმაღლესების პოპულარობას, “სახელს”.
პოპულარობა შეიძლება ზოგჯერ ძალიან ბევრსაც ნიშნავდეს, მაგრამ მისი ძირითად სარეიტინგო მაჩვენებლად გამოყენება ჩაკეტილ წრეს ემსგავსება.
სანამ უმაღლესი პოპულარულია, იქ აბარებენ ძლიერი აბიტურიენტები და სანამ იქ აბარებენ ძლიერი აბიტურიენტები, ვანიჭებთ მაღალ რეიტინგს. ანუ უფრო ვარწმუნებთ ადამიანებს იმაში, რაც უჩვენოდაც ეგონათ.
ჩვენი სამეცნიერო რეიტინგის მიზანია, მოგიყვეთ ქართულ უმაღლესებზე, რაც ისედაც არ იცოდით. ცხადია, უნივერსიტეტის თანამშრომლების სამეცნიერო ნაშრომები არ ამბობს ყველაფერს სწავლების ხარისხზე. ამიტომაც დავარქვით რეიტინგს “სამეცნიერო” და არა უფრო ზოგადი სახელი.
თუმცა პოპულარულ საერთაშორისო საუნივერსიტეტო რეიტინგებს ფართო თანხმობა აქვთ მეცნიერების როლზე უნივერსიტეტის შეფასებაში. ბრიტანული Times Higher Education-ი წონის 60%-ს პირდაპირ ანიჭებს სამეცნიერო კვლევებს და კიდევ 10%-ზე მეტს კვლევასთან დაკავშირებულ საკითხებს. Webometrics-ი სამეცნიერო ნაშრომებს სარეიტინგო წონის 45%-ს ანიჭებს. შანხაისა და ლეიდენის სარეიტინგო სისტემები მთლიანად ემყარება უნივერსიტეტების კვლევებს და უნარს, აღზარდონ წარმატებული მეცნიერები.
მაინც რას ამბობს უნივერსიტეტზე მისი პერსონალის მეცნიერებაში ჩართულობა? გააჩნია, როგორ განვმარტავთ მეცნიერებას. უცხოური სარეიტინგო სისტემების მსგავსად, ჩვენ დავეყრდენით ნაშრომების ციტირებადობას საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში და არა უბრალოდ მათ რაოდენობას. ანუ, რეიტინგი ასახავს, რამდენად ენდობიან და იყენებენ სხვა მეცნიერები უნივერსიტეტის თანამშრომლების ნაშრომებს, და არა იმას, რამდენად არ ეზარება ვინმეს წერა.
ასეთი განმარტებით, მეცნიერება ხდება თავისებური ხარისხის ნიშანი. საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის ციტირებები შეიძლება პირდაპირ არ გვეუბნებოდეს, როგორ წაიკითხავს მისი ავტორი ლექციას. სამაგიეროდ, გვეუბნება, რომ აქვს თანამედროვე ცოდნა შესაბამის სფეროში და უნარი, გადაწყვიტოს დარგობრივი ამოცანები.
ინტერნეტეპოქაში ღრმა დარგობრივი ცოდნა და უნარები ხდება აკადემიური პერსონალის კიდევ უფრო (თუ არა ერთადერთი) მნიშვნელოვანი მხარე. ლექტორი აღარაა აუცილებელი სახელმძღვანელოებიდან საზეპიროების მოსასმენად – ამის- თვის იუტუბიც არსებობს. პროფესორი ხდება ღირებული, თუ შეუძლია, გაგარკვიოს რომელიმე დარგის თანამედროვე პრობლემებში და გადმოგცეს მათზე მუშაობის უნარები.
თუმცა სამეცნიერო მაჩვენებლები არამხოლოდ აბიტურიენტებისთვისაა გამოსადეგი. როდესაც სახელმწიფო უმაღლესებზე ანაწილებს “პროგრამულ” საბიუჯეტო დაფინანსებას, სასარგებლოა ვიცოდეთ, როგორი სპეციალისტები ჰყავთ ამ უმაღლესებს.
თუ, მაგალითად, უნივერსიტეტს არ ჰყავს თანამედროვე საინჟინრო კვლევებში ჩართული პროფესორები, რატომ ვუბიძგებთ სტუდენტებს, მაინცდამაინც იქ დაეუფლონ ინჟინერიას? ზოგადად, რატომ ვაფინანსებთ ბიუჯეტიდან საკუთარ დარგში არაფრით გამორჩეული – შესაძლოა სულაც არაკომპეტენტური – ადამიანების პროფესორობას?
ნებისმიერი სარეიტინგო სისტემის სიზუსტე შეზღუდულია და მიღებული რიცხვები არავინ უნდა მიიღოს საბოლოო განაჩენად. თუმცა ჩვენ ვეცადეთ, დეტალურად გაგვეანალიზებინა ინფორმაცია სამეცნიერო ბაზებიდან. ანალოგიურ საერთაშორისო რეიტინგებზე მეტ სიზუსტეს ჩვენს რეიტინგს აძლევს იმის გათვალისწინება, რამხელაა უნივერსიტეტების ავტორების წილი თითოეულ სტატიაში. ანუ, თუ უნივერსიტეტს ნაშრომის ავტორების უმრავლესობა წარმოადგენს, უფრო დიდი ქულა ენიჭება, ვიდრე მსგავსი ნაშრომისთვის, რომელშიც მცირე წვლილი აქვს შეტანილი.
ჩვენ მიერ გამოყოფილ ექვსივე დარგში, ისევე როგორც ჯამურ რეიტინგში, 100 ქულა მივანიჭეთ პირველი ადგილის მფლობელ უნივერსიტეტს – შესაბამისად, დანარჩენი უმაღლესების ქულები ასახავს, პირველადგილოსნის მაჩვენებლის რამდენ პროცენტს შეადგენს მათი სამეცნიერო გავლენა.
ჯამური რეიტინგი და პროგრამული დაფინანსება
ჯამური სამეცნიერო აქტივობითპირველ ადგილზეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თსუ-სთან მიახლოებული მაჩვენებელი მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს (67.2%). საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ილიას უნივერსიტეტის დონეზეა სტატიების რაოდენობით, თუმცა სტუ-ს ქულა (22.7%) ბევრად დაბალია, რადგანაც სტატიების დიდი ნაწილი შედარებით დაბალრეიტინგულ ჟურნალებშია გამოქვეყნებული და ნაკლებად ციტირდება.
პირველ ათეულში კიდევ სამი სახელმწიფო უნივერსიტეტია, თუმცა მათი მაჩვენებლების ჯამი თსუ-ს 16%-ზე ნაკლებია.
კერძო უნივერსიტეტებს შორის ყველაზე მაღალი სამეცნიერო ქულა მეოთხე ადგილზე მყოფ აგრარულ უნივერსიტეტს აქვს. კერძო უმაღლესებიდან ათეულში ასევე ხვდება საქართველოს უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და თავისუფალი უნივერსიტეტი.
მცირე ზომის უნივერსიტეტები რომ ნაკლებად “დაჩაგრულიყო”, ჩვენ ასევე გავყავით ჯამური სამეცნიერო ქულები ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობებზე. მიღებული
ფარდობითი რეიტინგი დაახლოებით ასახავს უმაღლესების თანამშრომლების საშუალო სამეცნიერო დონეს. მაგალითად, ჯამური გაუყოფელი ქულით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (4.9) ოდნავ უსწრებს თავისუფალ უნივერსიტეტს (4.7), თუმცა ფარდობითი ქულით თავისუფალი უნივერსიტეტი (8.7) ბევრად წინაა, ვიდრე ბსუ (3.7). ფარდობით რეიტინგში პირველ ადგილს აგრარული უნივერსიტეტი იკავებს. მას მოსდევენ თსუ, ილიაუნი და სამედიცინო უნივერსიტეტი. საერთო ჩათვლის მეხუთე- მეექვსე ადგილზე არიან თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი: ორივე უსწრებს მეშვიდეზე მყოფ სტუ-ს (ადგილობრივი სტუდენტების მცირე ან არასტაბილური მიღების გამო, ფარდობით რეიტინგებში არაა შეტანილი შავი ზღვის უნივერსიტეტი).
საინტერესო სურათს აჩვენებს ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტების სამეცნიერო ქულების მათ პროგრამულ დაფინანსებაზე გაყოფა. შედარებით მაღალი შეფარდებები აქვთ ილიაუნის (75) და თსუ-ს (40). დანარჩენი სახელმწიფო უმაღლესების პროგრამული დაფინანსების მოცულობის უკან გაცილებით სუსტი სამეცნიერო საფუძველი ჩანს. მაგალითად, სტუ იღებს ილიაუნიზე 4.5-ჯერ დიდ პროგრამულ დაფინანსებას (დაახლოებით 4 მილიონის მოცულობით), მაშინ როცა მისი სამეცნიერო ეფექტიანობა სამჯერ მცირეა. კიდევ უფრო დიდი კონტრასტია ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომელიც ილიაუნიზე 2.4-ჯერ დიდ პროგრამულ დაფინანსებას იღებს, 31-ჯერ მცირე სამეცნიერო შედეგების პირობებში. ანუ, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამ გზით დაფინანსებაში სახელმწიფო 73-ჯერ უფრო “გულუხვია” (ან დაუსაბუთებელი).
რას ნიშნავს, არსებითად, ასეთი სურათი? გამოდის, პროგრამული დაფინანსებით სტუდენტებს ვუბიძგებთ, შეისწავლონ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგები ისეთ უნივერსიტეტებში, სადაც ამ დარგების ძლიერი სპეციალისტების არსებობას ვერაფრით ვასაბუთებთ.
უნივერსიტეტების ძლიერი მხარეები
თითოეულ სფეროში, უმაღლესების უმრავლესობა ბევრად ჩამორჩება 2-3 ლიდერს. ამიტომ უნივერსიტეტის ძლიერ მხარედ ჩავთვალეთ ნებისმიერი სფერო, რომელშიც მისი სამეცნიერო ქულა ლიდერის ქულის მეათედს მაინც უახლოვდება.
1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თსუ არაა უკონკურენტო სამეცნიერო “თავკომბალა” ქართულ უმაღლესებს შორის, თუმცა კვლევითი შედეგებით ინარჩუნებს პირველობას 6 მსხვილი სფეროდან 4-ში: ფიზიკურ მეცნიერებებში, ინჟინერიასა და ქიმიაში, მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში.
ისეთ სფეროებში, როგორიცაა მათემატიკა და გეოფიზიკა, თსუ-ს ქულებს აშკარად ადგება მასზე მიერთებული სამეცნიერო ინსტიტუტების აქტივობა. ინსტიტუტების უნივერსიტეტებში ინტეგრირება ჯანსაღი პროცესია. თუმცა მნიშვნელოვანია, რამდენად იყენებს თსუ მიერთებულ ინსტიტუტებში მომუშავე მეცნიერების პოტენციალს სასწავლო პროცესში.
2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიაუნი ლიდერია სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში, სადაც თსუ მეორე ადგილზეა მისი მაჩვენებლის 57%-თ.
კიდევ ოთხ სფეროში ილიაუნი მეორეა: მათ შორის, ფიზიკურ მეცნიერებებში ის უახლოვდება თსუ-ს (83%), ხოლო საზოგადოებრივ მეცნიერებებში თითქმის 6-ჯერ უსწრებს მესამეადგილოსან სტუ-ს.
ილიაუნის ყველაზე მცირე მოცულობის კვლევითი შედეგები მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში აქვს, სადაც ის მესამეა და ლიდერ თსუ-ს თითქმის 5-ჯერ ჩამორჩება.
3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
თსუ-სა და ილიაუნის გარდა, სამედიცინო ერთადერთი უმაღლესია პირველი ადგილით რომელიმე სფეროში. ლოგიკურად, ეს სფერო ჯანმრთელობის შემსწავლელი მეცნიერებებია, თუმცა უკონკურენტო თსუ აქაც არაა – ილიაუნის (77%) და თსუ-ს (66%) მისი თანაზომადი სამეცნიერო შედეგები აქვთ.
სხვა სფეროებიდან აღსანიშნავია მხოლოდ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, სადაც სამედიცინო ლიდერის 14%-ით მეოთხე ადგილზეა, ძირითადად ამ სფეროს მედიცინასთან სამეცნიერო სიახლოვის ხარჯზე.
4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სტუ-ს ყველაზე მაღალი შედეგი მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში აქვს, სადაც ის ლიდერი თსუ-ს 53%-ით მეორე ადგილზეა.
ტექნიკური უნივერსიტეტი ასევე მესამეა ინჟინერიასა და ქიმიაში (ლიდერის 23%-ით), ფიზიკურ (17%) და საზოგადოებრივ (9%) მეცნიერებებში.
ეს მაჩვენებლები ძნელად თუ ასაბუთებს სტუ-სკენ ყველაზე დიდი პროგრამული დაფინანსების მიმართვას. თუმცა, სტუ-ს სუბსიდირების არგუმენტები მაინც მყარად გამოიყურება ქუთაისის ან სოხუმის უნივერსიტეტებთან შედარებით, რომლებიც ვერც ერთ სფეროში ვერ აღწევენ ლიდერის სამეცნიერო შედეგების მეოცედსაც კი.
აგრუნის გამორჩეული შედეგი აქვს სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში, სადაც ის ლიდერი ილიაუნის 52%-ით მყარ მესამე ადგილზეა. აგრუნი ერთადერთი კერძო უმაღლესია, რომელიმე სფეროში ლიდერის შედეგის ნახევარზე მეტით.
აგრარულის შედეგები აღსანიშნავია ასევე ინჟინერიასა და ქიმიაში (მეოთხე- მეხუთე ადგილი, ლიდერის მაჩვენებლის 12%) და ჯანმრთელობის შემსწავლელ მეცნიერებებში (მეხუთე ადგილი, 10%). ეს შედეგები მომიჯნავე სფეროებში კვლევებს უკავშირდება, როგორიცაა სოფლის მეურნეობაში გამოყენებადი ნივთიერებების ჯანმრთელობაზე გავლენა
საქართველოს უნივერსიტეტი მეოთხე ადგილს იკავებს სამ დარგში: მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში (ლიდერი თსუ-ს 14%), ჯანმრთელობის შემსწავლელ მეცნიერებებსა (10%) და საზოგადოებრივ მეცნიერებებში (7%). ამ სამივე სფეროში UG პირველია კერძო უნივერსიტეტებს შორის.
ინჟინერიასა და ქიმიის სფეროში საქართველოს უნივერსიტეტი მეოთხე- მეხუთე ადგილს იყოფს აგრარულ უნივერსიტეტთან (12%).
ფრიუნი აქ განხილული უკანასკნელი უნივერსიტეტია, რომელიც ერთ დარგში მაინც აჭარბებს ლიდერის ქულის მეათედს. ფიზიკურ მეცნიერებებში თავისუფალი უნივერსიტეტი მეოთხეა თსუ-ს 11%-ით, რაც ამ სფეროში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კერძო უნივერსიტეტებს შორის.
8. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მართალია, ბსუ ვერცერთ სფეროში ვერ აღწევს მაქსიმალური მაჩვენებლის 10%-ს, მაგრამ ის მაინც ლიდერია თბილისის გარეთ მდებარე უნივერსიტეტებს შორის. მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში და საზოგადოებრივ მეცნიერებებში ბათუმის უნივერსიტეტი საქართველოში მეხუთეა თსუ-ს შედეგების 7-8%-ით, ხოლო ჯანმრთელობის შემსწავლელ მეცნიერებებში – მეშვიდე, სამედიცინოს 7%-ით.
9. ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ერთადერთი კერძო უნივერსიტეტი თბილისის გარეთ, რომელსაც ერთ სფეროში მაინც აქვს შესამჩნევი შედეგი, ასევე ბათუმში მდებარეობს: ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბაუ ჯანმრთელობის შემსწავლელ მეცნიერებებში სამედიცინოს 9%-ს აღწევს.
10. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
დამატებით აღსანიშნავია დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, რომლის მაჩვენებელიც ჯანმრთელობის შემსწავლელ მეცნიერებებში ლიდერის ქულის 4%-ია. ეს შედეგი კონკურენტულად გამოიყურება, თუ გავითვალისწინებთ, რომ “ტვილდიანის” მიღება წელიწადში 100-150 სტუდენტით შემოიფარგლება.
დარგობრივი რეიტინგები