ქართველი სტარტაპერების პერსპექტივა გლობალურ ბაზარზე

ქართველი სტარტაპერების პერსპექტივა გლობალურ ბაზარზე

საქართველოში მცხოვრებ სტარტაპერებს გლობალურ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ. “საქართველოს ბანკის” დაფინანსებით და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთად იწყება პროექტი 500 Startups, რომელიც ქართულ სტარტაპებს მისცემს საშუალებას მსოფლიოში სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად იმუშავონ თავიანთი იდეების დახვეწაზე. 500 Startups მსოფლიოს წამყვანი აქსელერატორია, რომლის საქართველოში შემოყვანა სტარტაპერებს  ბიზნესის დაწყებისა და განვითარების სტიმულის გაზრდაში დაეხმარება. პროგრამა 14-თვიანია, რომელიც მოიცავს ბიზნესის კეთების შესახებ ყველანაირი საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, ასევე მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვების სფეროების შესახებ ინფორმირებას, რაც მათ დაეხმარება დახვეწონ იდები და შექმნან ინოვაციური პროდუქტი. პროექტის შესახებ Forbes-ს საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი, ლევან გომშიაშვილი ესაუბრა.

რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?

500 Startups-ის შემოსვლა ხელს შეუწყობს ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენას, დაეხმარება მათ წარმატებული კომპანიების შექმნაში, რადგან ის არის უცხოურ ბაზარზე გასვლის ერთ-ერთი ყველაზე კარგი შესაძლებლობა. პროექტი წაახალისებს ანტრეპრენერობის სულისკვეთებას. პირველ რიგში სტარტაპებს მისცემს უმნიშვნელოვანეს ცოდნას და გამოცდილებას, რაც აუცილებელია გლობალურ ბაზრებზე გასვლისთვის და ბიზნესის მართვისთვის. ამასთან ერთად, საქართველო გამოჩნდება ინოვაციური ეკოსისტემების რუკაზე, რაც თავის მხრივ გააჩენს ინტერესს სხვადასხვა ინვესტორების მხრიდან, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და დაიწყონ ტალანტების აღმოჩენა და მათ განვითარებაში ინვესტირება.

რატომ გახდა საჭიროება იმისა, რომ მსგავსი ბიზნეს აქსელერატორი შეგეთავაზებინათ სექტორისთვის?

პოტენციალი და სურვილი, რომ საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემა ჩამოყალიბებულიყო და გაძლიერებულიყო, სულ იყო.  ამისათვის საჭირო იყო მხოლოდ რწმენა და მზაობა, რომ საქართველოში მიუხედავად ბევრი სხვადასხვა ხელშემშლელი ფაქტორისა, შესაძლებლობები უსაზღვროა. ზოგადად, ერთადერთი დაბრკოლება, რაც ამ შესაძლებლობების გამოყენებასა  და თვითრეალიზაციაში გვიშლის ხელს, არის საკუთარი თავი. 500 Startups დახმარებით შეიქმნება პრეცედენტი, რომ შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა და ეს ყველაფერი მტკიცდება ძლიერი, გლობალური ბაზრისთვის სასურველი პროდუქტებით და ბიზნესებით, რომელიც იქმნება საქართველოში.

რისი შესაძლებლობა ექნებათ სტარტაპერებს ამ პროექტის ფარგლებში?

500 startups-ი არის მსოფლიო გამოცდილების მქონე მომზადების ცენტრი, რომელიც ამზადებს ინოვაციური ბიზნესის ტოპ ტალანტებს. ამ მომზადების მთავარი მიზანია მოხდეს ქართველი ინოვატორების ცნობიერების შეცვლა, რათა ისინი ადგილობრივი მეწარმეებიდან გადაიქცნენ მსოფლიო მეწარმეებად იმისათვის, რომ მათი პროდუქტები რელევანტური იყოს ტოკიოდან – სან-ფრანცისკომდე. გარდა ცნობიერების გამოცვლისა, 500 startups-ის აქსელერაციის პროგრამა ფარავს ისეთ ტექნიკურ დეტალებს, როგორიცაა კომპანიის შექმნა, ბიზნეს მოდელი, სტრუქტურა და საკადრო პოლიტიკა, ოპერაციები, იურიდიული და საგადასახადო ჩარჩო, მარკეტინგი, ინვესტორებთან ურთიერთობა და ბევრი სხვა კომპონენტი, რომლის ცოდნაც აუცილებელია გლობალური, მსოფლიო დონის მეწარმისთვის.

როგორ შეიძლება ჩაერთოს მსურველი ამ პროექტში?

ამისათვის აუცილებელია მათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. ცოტა ხანში გახდება ცნობილი თუ როდიდან დაიწყება აპლიკაციების მიღება. განაცხადის შემდეგ მონაწილეებმა წარმატებით უნდა გაიარონ შერჩევის პროცესი. გადარჩევის შემდეგ აპლიკანტები იმუშავებენ იდეაზე და ეცდებიან გამოცდილ მენტორებთან ერთად სრულყოფამდე მიიყვანონ ის.  

რა ოდენობის ინვესტიციას გეგმავს “საქართველოს ბანკი” ამ პროექტში და მცირე ბიზნესების განვითარების კუთხით რა წვლილს შეიტანს აღნიშნული პროექტი?

“საქართველოს ბანკის” მხრიდან პროექტის განსახორციელებლად დამატებით 1 მილიონი დოლარის მობილიზება მოხდება, რაც  პროექტში ჩართულ სტარტაპებს განვითარებისა და მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

ეს იქნება მცირე ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროექტი რამდენიმე ფაქტორის გამო: პირველ რიგში, მსოფლიოში ტოპ 3 აქსელერატორიდან ერთ-ერთის საქართველოში შემოსვლა არის ქართული ტალანტისა და იდეებისთვის დიდი ნდობის გამოცხადება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი 500 Startups თვლის, რომ საქართველოში შესაძლებელია ტალანტების აღმოჩენა, ე.ი. ის საინტერესოა, როგორც ინვესტორებისთვის, ასევე გლობალური კომპანიებისთვის.

მეორე  მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ე.წ. “ღია კარი”, რაც გულისხმობს იმას, რომ 500 Startups-ი საკუთარი პარტნიორების და მეგობრების ქსელის გამოყენებით დაეხმარება საქართველოში ფორმირებულ ინოვაციურ ბიზნესებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილებაა და რომელიც სამწუხაროდ ამ მომენტისთვის ჩვენ არ გაგვაჩნია. 

აქვე ამ პროექტის მსოფლიო გამოცდილებაზეც რომ გვესაუბროთ….

500 Startups-ის საინვესტიციო პორტფოლიო მდიდარია ისეთი ცნობილი კომპანიებით როგორიცაა: 9GAG; Farfetch; Credit Karma, Canva, Talkdesk და Ipsy, twilio, sentgrid, grab. კომპანიამ დაარსების დღიდან, “სილიკონ ველიში” 5 გლობალური ფონდისა და 15 თემატური ფონდის მეშვეობით, 75 ქვეყნის მასშტაბით, 2 300 კომპანია დააფინანსა. 500 Startups ბიზნეს იდეის საწყის ეტაპზე დამფინანსებელი აქსელერატორია და იდეებს უფრო მეტად უდგება მხარში, ვიდრე უკვე არსებულ მცირე მეწარმეობასა და ბიზნესებს. გარდა თანაინვესტირებისა, 500 Startups ხელს უწყობს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებას,  მხარს უჭერს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, ღონისძიების, კონფერენციის ორგანიზებას მთელი  მსოფლიოს მასშტაბით.   

რა შედეგებს ელოდებით ამ პროექტისგან საქართველოში?

შეგვიძლია თამამად და ცალსახად ვთქვათ, რომ 500 Startups-ის შემოსვლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯია, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბიზნესის განვითარებისთვის გადადგმულა გლობალური ბაზრისკენ. მოხარული ვართ, რომ პროექტს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ. გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი ბევრი საინტერესო და ინოვაციური იდეისა. ველოდებით ახალ, უნიკალურ და მასშტაბურ შესაძლებლობებს მცირე ბიზნესებისთვის. ასევე, მსოფლიო ბაზარზე ქართული კომპანიების წარმატებით თვითდამკვიდრებას, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას და საქართველოს, როგორც საინტერესო პოტენციალის მქონე ქვეყნის იმიჯის განმტკიცებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *