ქეთევან ბოჭორიშვილი - ქალი “მომავლის ქალაქში”

ქეთევან ბოჭორიშვილი - ქალი “მომავლის ქალაქში”

“ეკოლოგიურად სუფთა”, “ეკონომიკურად მიმზიდველი”, “დახვეწილი ინფრასტრუქტურა”, “ხელსაყრელი საცხოვრებელი”, “თანამედროვე ბიზნესგარემო”, “საუკეთესო მდებარეობა”, “ინდუსტრიული პარკი” – ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ასეთი იქნება ანაკლია, ამავე ინფორმაციით – “მომავლის ქალაქი”. უკვე ცნობილია, რომ “ანაკლია სითის” უხელმძღვანელებს ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე. Forbes Woman Georgia-სთან საუბრის დროს ქეთევან ბოჭორიშვილი თანამდებობების ჩაბარება-გადაბარების პროცესში იყო. შეიძლება ამიტომაც ის ერთნაირი აზარტითა და გატაცებით ლაპარაკობდა როგორც სამინისტროში განხორციელებულ პროექტებზე, ისე “მომავლის ქალაქის” სამომავლო გეგმებზე, და იმაზეც, თუ რა ადგილი და როლი აქვს ქალს დღევანდელ საქართველოსა და თანამედროვე სამყაროში.

ეკონომიკის სამინისტროში, საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელისა და მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მისი მუშაობის შვიდწლიანი პერიოდი მოიცავს კერძო სექტორის განვითარებისკენ მიმართულ არაერთ რეფორმას, მრავალმილიონიან უცხოურ ინვესტიციებს, საქართველოში შემოსულ ავტორიტეტიან საერთაშორისო კომპანიებს, ბიზნესის მხარდაჭერის ინოვაციურ პროექტებს, ექსპორტის ხელშეწყობას, ტურიზმის განვითარებას, მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებასა და არაერთ გლობალური მნიშვნელობის ღონისძიების ორგანიზებას. ქეთევან ბოჭორიშვილისა და მისი გუნდის ინიციატივითა და ხელშეწყობით განხორციელდა რამდენიმე მასშტაბური პროექტი – “აწარმოე საქართველოში”, “უმასპინძლე საქართველოში”,  “გადაიღე საქართველოში”, მიკრომეწარმეობის განვითარებისა და საინვესტიციო პროექტები; ქართული ღვინისა თუ სხვა პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა და ასე შემდეგ. ქეთევან ბოჭორიშვილი ამბობს, რომ დღეს ქვეყნისთვის გადამწყვეტია ხარისხიანი ინვესტიცია – ის, რომელიც ქმნის დამატებით ღირებულებას, შემოაქვს ტექნოლოგია, ცოდნა, კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების კულტურა, კორპორაციული მმართველობის მაღალი სტანდარტი, მართვის ჯანსაღი და გამჭვირვალე სისტემები. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოაქვს ბიზნესსა და ინვესტიციას გრძელვადიანი სარგებელი ქვეყნისთვის. “სწორი” ინვესტიცია – ეს არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომელსაც მოჰყვება განათლება, ნოუ-ჰაუ, დარგის განვითარება.

“ინვესტიციების მოზიდვის დროს მნიშვნელოვანია ინვესტიციების მიზანმიმართული გეოგრაფიული და დარგობრივი დივერსიფიკაცია. ერთ ქვეყანასა და სექტორზე არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული; რა თქმა უნდა, არის წამყვანი ქვეყნები და პოპულარული მიმართულებები საქართველოში კაპიტალის დაბანდების კუთხით, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ არაფერი დარჩეს უყურადღებოდ, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას უწყობს ხელს და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო ნიადაგს ქმნის. ამ შვიდი წლის განმავლობაში, ალბათ, ათასობით ადამიანს შევხვდი, ასობით ღონისძიებას დავესწარი, სადაც ჩემი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო ქვეყნის წარდგენა, კონკურენტუნარიანი გარემოებების წარმოჩენა და იმ პერსპექტივის ჩვენება, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს”.

სწორად დაგეგმილ საინვესტიციო პოლიტიკას, კარგად გააზრებულ და მიზანმიმართულ აქტიურობას შეუძლია, ინვესტორისთვის ნებისმიერი სფერო  მიმზიდველი გახადოს. ასე მოხდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სექტორში, სამშენებლო და საწარმოო ინდუსტრიაში, ფინანსურ სექტორში. ქვეყანამ, რომელმაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ კრიზისების მთელი სპექტრი გამოიარა, სწორი პოლიტიკის შედეგად ეკონომიკისა და განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რამდენიმე დარგი “აამუშავა”, მაგალითად, ენერგეტიკა. ურთულესი ენერგოკრიზისების შემდეგ ეს სექტორი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ საინვესტიციო ბაზარს ქმნის ქვეყანაში. საქართველოში დღეს მუშაობს რამდენიმე მსხვილი, უცხოური ენერგოკომპანია. რაც მთავარია, აქტიურად განიხილება “მწვანე ენერგიების” დანერგვისა და განვითარების შესაძლებლობები.

ნებისმიერ პროექტს, რომელსაც ის იწყებს, იქნება ეს ინვესტიციის მოზიდვაზე თუ შიდა ბაზრის განვითარებაზე ორიენტირებული, მუდმივად აახლებს, არგებს ახალ გარემოებებს და ამბობს, რომ პროექტი 2-3 წელზე მაინც უნდა იყოს გათვლილი, რომ ზუსტად შეაფასო, რამ იმუშავა ან სად არ გაამართლა, სად სჭირდება ცვლილებები. ყველაზე წარმატებული პროექტის შემთხვევაშიც კი ვერ მოდუნდები – იცვლება დრო, ბიზნესსამყარო და ეს ცვლილება არ უნდა გამოგეპაროს. სახელმწიფოს პოლიტიკა კერძო სექტორის საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული:

“ვერასდროს იტყვი, რომ ყველაფერი იდეალურადაა. იმდენად სწრაფად იცვლება ბიზნესის განვითარების მექანიზმები, კულტურა, მოთხოვნები, რომ მე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ, თუნდაც 10 წლის წინ დანერგილი მიდგომები დღეს ისე კარგად მუშაობდეს, რომ არანაირ ცვლილებას არ მოითხოვდეს. მთავრობა მუდმივად ცდილობს, არ ჩამორჩეს ამ მოთხოვნებს. ვფიქრობ, საქართველოში ძალიან კარგი საინვესტიციო გარემოა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას  ზრდის ტენდენცია აქვს. ჩვენ ევროპის ქვეყნების მსგავსი საინვესტიციო თუ ბიზნესისტორია არ გაგვაჩნია, თუმცა მსოფლიო რუკაზე ნელ-ნელა ვჩნდებით როგორც ქვეყანა, რომელიც დინამიკურად ვითარდება, ახორციელებს რეფორმებს, აქვს კარგი ბიზნესრეიტინგები და რაც მთავარია, უკვე აქვს ბევრი ქვეყნისთვის შესაშური თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ევროპასთან, ასევე ჩინეთთან და სხვა …”

ის ხშირად ახსენებს რუკას, ალბათ, ეს ყველაფერიც “რუკის ამბავია” – ხარ თუ არა მსოფლიო რუკაზე საერთოდ, ან თუ ხარ, სად? როგორ? რა ადგილი გიჭირავს? რა იციან საქართველოზე სხვა ქვეყნებში? რა იციან ჩვენ შესახებ იმ ქვეყნების მოსახლეობამ და ბიზნესწრეებმა, საიდანაც ყველაზე მეტად ველით ტურისტებსა და ინვესტორებს. ველით, რომ მოვლენ არა მხოლოდ ფინანსებით, არამედ ტექნოლოგიებითა და ცოდნით. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორს მივაწოდოთ საქართველოს შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია, მეორე ნაბიჯი უკვე მათი ქვეყანაში ჩამოყვანაა. ქეთევან ბოჭორიშვილი ამბობს, რომ “ნიჩბის პირველ დარტყმამდე” ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. ზოგი საცდელ ოფისს ხსნის რამდენიმე ქვეყანაში, ისე როგორც, მაგალითად, კომპანია Lactalis-ი  მოიქცა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ყველაზე კარგად იმუშავა, ამიტომ სხვა ოფისები დახურა და აქ გააგრძელა გაფართოება და განვითარება, გახდა ქართული კომპანია “სანტეს” აქციონერი და გზა გაუხსნა ქართულ რძის პროდუქტებს მსოფლიო ბაზრებზე.

ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო რეჟიმის პირობებში, მსოფლიო ბაზრებთან სიახლოვის გამო, ბევრი კომპანიისთვის საქართველოში მუშაობა ხელსაყრელი და კომფორტული გახდა. რამდენიმე ევროპულმა კომპანიამ თავისი საქმიანობისთვის ძირითად ადგილად საქართველო აირჩია. მაგალითად, ავსტრიულმა კომპანია Rauch-მა.ასე მოხდა შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი ავეჯის მწარმოებელი გერმანული კომპანია Zooplus-ის შემთხვევაშიც, რომელმაც ჩინელი კონტრაქტორი ქართველი მწარმოებლით ჩაანაცვლა.

ერთ-ერთი გამოწვევა იყო და არის “მეტი სამუშაო ადგილი”. დარგი, რომელიც სწრაფად ქმნის სამუშაო ადგილებს – საფეიქრო ინდუსტრიაა. წლების განმავლობაში ხორციელდებოდა მიზანმიმართული კამპანია როგორც თურქეთში, ისე გერმანიასა და ევროპის სხვა წამყვან სახელმწიფოებში. ქეთევან ბოჭორიშვილის თქმით, კამპანიამ შედეგი გამოიღო და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმე საერთაშორისო ბრენდმა დაიწყო დიზაინერული სამოსის საქართველოში წარმოება.  დღეს საქართველოში იკერება Zara, Massimo Dutti, Moncler-ი, Puma, Adidas-ი, Nike-ი და ბევრი სხვა ბრენდი.

“მინდა, კონკრეტულად ერთი საწარმო გამოვყო, ის ახლა მშენებლობის პროცესშია. ეს საფეიქრო საწარმო, რეალურად, ორი წლის განმავლობაში დაასაქმებს 4 000 ადამიანს ქალაქ ფოთში და იმუშავებს მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისთვის”.

საინვესტიციო პოლიტიკის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა, სწორედ ეს არის ბოლო წლების დიდი გამოწვევა. მეწარმეობის განვითარების სააგენტო (ამჟამად ა.ა.ი.პ. “აწარმოე საქართველოში”) 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. ეს იყო ქეთევან ბოჭორიშვილისა და მისი ეკონომიკური გუნდის მიერ ჩაფიქრებული პროექტი. ინსტიტუციური რეფორმის შემუშავებამდე გაეცნენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, გაარკვიეს, როგორ დააარსეს მეწარმეობის ხელშემწყობი მსგავსი ორგანიზაციები ირლანდიამ, შვედეთმა, ჩეხეთმა, ბალტიისპირეთისა და ბალკანეთის ქვეყნებმა. მეორე ეტაპი იყო ამ ყველაფრის საქართველოს სპეციფიკისთვის მორგება. ასობით მეწარმესთან გასაუბრების შემდეგ  მათი გამოწვევების იდენტიფიცირება მოახდინეს.  საბოლოოდ  გადაწყდა, რომ კერძო სექტორის განვითარებისთვის გამოეყენებინათ მხარდაჭერის ფინანსური ინსტრუმენტების კონკრეტული სახეობები, ტექნიკურ და მარკეტინგულ დახმარებასთან კომბინაციაში. ბანკის შეღავათიანი კრედიტი და გარანტიები, ლიზინგის ხელსაყრელი სქემა, თანამონაწილეობრივი გრანტი – ეს არის ფინანსური ხელშეწყობის მექანიზმები, რომლებითაც 3 წლის განმავლობაში ათასობით მცირე, საშუალო და მსხვილმა მეწარმემ ისარგებლა.

“ხშირად იყო კამათი – რატომ ბანკები? ბანკები ძნელად გასცემენ თანხას და ასე შემდეგ… ჩვენთვის უმთავრესი იყო, რომ გახსნილი საწარმო მეორე დღეს არ დახურულიყო, მდგრადი, კონკურენტუნარიანი და კომერციულად მოგებიანი საწარმოები შექმნილიყო. ამის განსაზღვრის ყველაზე დიდი გამოცდილება კი ბანკს აქვს. 2014 წლიდან დღემდე, ბანკებთან თანამშრომლობით შეიქმნა ან გადაიარაღდა 300-ზე მეტი კომპანია, მობილიზებულია ნახევარ მილიარდზე მეტი ლარის ინვესტიცია და შექმნილია 11 300 ახალი სამუშაო ადგილი.ზოგი 2014 წელსვე დაფინანსდა და უკვე მუშაობს, ზოგი – მშენებლობის პროცესშია და წლის ბოლომდე ან მომავალ წელს გაიხსნება. გადასახადების სახით დაბრუნებულია სახელმწიფოს მიერ გაცემული თანხების ორმაგი ოდენობა. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ დაახლოებით 15 კომპანიამ სახელმწიფოსგან 7 მილიონ ლარამდე თანადაფინანსება მიიღო და ორი წლის განმავლობაში, გადასახადების სახით, უკვე დააბრუნა თითქმის 14 მილიონი”.

“უმასპინძლე საქართველოშიც” ბიზნესის მხარდაჭერის ერთ-ერთი წარმატებული მექანიზმია, რომელიც ხელს უწყობს რეგიონებში სასტუმროების ინფრასტრუქტურის განვითარებას.  ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა 23 სასტუმრო:

“მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ტალებ რიფაის სიტყვებს თუ გავიმეორებ – სასტუმრო არის “უკვამლო ქარხანა”. ეს “ქარხნები” განსაკუთრებით სჭირდება მაღალმთიან რეგიონებს, რადგან ტურიზმს აუცილებლად მოჰყვება სხვა დარგების განვითარება. ეს არის ჯაჭვური რეაქციის დასაწყისი”.

აღსანიშნავია, რომ ყველა ეს პროექტი დიდი მოწონებით სარგებლობს ადგილობრივ მეწარმეებს შორის, რასაც ამ მოკლე დროში კომპანიების აქტიური ჩართულობა, ახალი დარგების განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ადასტურებს. მაგალითად, გაიხსნა პლასტმასის ბოთლის თავსახურების საწარმო “ჯეოკეპი”. დღეს ეს საწარმო ბაზრის 70%-ს ფლობს და ექსპორტზე გასვლასაც ცდილობს. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) ,,აწარმოე საქართველოში” ბიზნესის სტიმულირების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროგრამად აღიარა. დღეს საქართველო აქტიურად თანამშრომლობს აზერბაიჯანთან, ბელორუსიასთან და უკრაინასთან, რადგან ამ ქვეყნებსაც უნდათ მსგავსი პროგრამების დანერგვა.

ქეთევან ბოჭორიშვილის აზრით, უნდა მოხდეს ქართული კომპანიების ინტერნაციონალიზაცია; მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირება და გასაყიდი ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიკაცია. ერთ-ერთი მიმართულება, რომელზედაც ის აქტიურად მუშაობდა, ექსპორტის ხელშეწყობაა:

“როგორ ხდება ეს? მოვიყვან ღვინის მაგალითს. ჩვენმა ჯგუფმა დავისახეთ მიზნად, რომ ალკოჰოლური სასმელების ბაზრების დივერსიფიცირება მოგვეხდინა. შევარჩიეთ ჩინეთის ბაზარი, სადაც განსაკუთრებით მზარდი მოთხოვნა იკვეთებოდა. შევიმუშავეთ ერთწლიანი სტრატეგია და ამ სტრატეგიის ფარგლებში: მოვახდინეთ სამიზნე იმპორტიორთა დაინტერესება, ასევე ორგანიზება გავუკეთეთ ჩინეთის, მათ შორის ჰონკონგის ყველაზე პრესტიჟულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში წამყვანი ღვინის მწარმოებლების მონაწილეობას; გამოვიყენეთ აზიაში განხორციელებული ყველა სამთავრობო ფორუმი თუ ღონისძიება, რომ ადგილობრივი ავტორიტეტიანი პროფესიონალების მეშვეობით ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოგვეხდინა. კონკურსებმა წარმატებით ჩაიარა და ქართულმა ღვინომ მრავალი გრან-პრი და მნიშვნელოვანი ჯილდო აიღო.  შედეგად, ღვინის მწარმოებელი ქვეყნების პრესტიჟულ საერთაშორისო რეიტინგებშიც დავწინაურდით და ჩვენი ღვინის მიმართ პირველი “აზიური ინტერესიც” გაჩნდა. ჩვენ მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ: სპეციალურად შერჩეული 80-მდე აზიური იმპორტიორი და ღვინის მედია, მათ შორის, აზიაში ყველაზე ცნობილი ღვინის მაგისტრი მოვიწვიეთ და შევახვედრეთ ქართული ღვინის ორმოცამდე მწარმოებელს. გამყარდა კონტაქტები, შედგა გარიგებები, აზიური ღვინის ჟურნალები კი ქვევრისა და ყანწის ფოტოებით აჭრელდა. აქედან ერთი კომპონენტიც რომ ამოგვეღო, არაფერი გამოვიდოდა, არ იმუშავებდა. საბედნიეროდ, ეს კამპანია წარმატებულად და კოორდინირებულად გააგრძელა სახელმწიფომ, კერძო და არასამთავრობო სექტორთან ერთად, და დღეს ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტის ტოპსამეულშია”.

დღემდე გამოწვევად რჩება კვალიფიციური მუშახელი, თუმცა ამის გადალახვაც შეიძლება და სწორედ ამას ემსახურება პროფესიული სასწავლებლების გაძლიერება და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებისა და გადამზადების ცენტრების ამუშავება, რომლებიც სახელმწიფოს მხარდაჭერით ხორციელდება. სწორედ ამ მიზნით დაიწყო სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა ექსპორტის მენეჯერებისათვის. ასევე განათლებით დაიწყო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” – კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი – მიკრო- და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა. საშუალო და მსხვილი საწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ბანკების ჩართულობით ხორციელდება, ამ კომპონენტში თანამონაწილეობრივ გრანტს თავად სახელმწიფო გასცემს, ხოლო განხორციელება და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა შესაბამისი გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხდება.

“გამოუცდელი ადამიანისთვის ფულის მიცემის ფუფუნება სახელმწიფოს არა აქვს. საქართველოში ბიზნესის დაწყება უმარტივესია, თუმცა მისი შენარჩუნება და განვითარება მარტივი აღარ არის. ეს კომპონენტი კომპანია BP-ის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამის მაგალითზე შეიქმნა. პირადად გავეცანი რეგიონებში ამ პროგრამის ბენეფიციარებს, ვითანამშრომლეთ კომპანიის მენეჯმენტთან და  კერძო სექტორის ცოდნა საჯარო სექტორს გავუზიარეთ.  ეს მსოფლიო მასშტაბითაც კი იშვიათი პრეცედენტია. პირველ რიგში, შევკრიბეთ ბიზნესიდეები მთელი ქვეყნის მასშტაბით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში  რეგიონებიდან  40 000 განაცხადი მივიღეთ. შევარჩიეთ ისეთები, რომლებსაც გააჩნდათ პერსპექტივა, შემდეგ ამ იდეების მატარებელ თითქმის 10 000-მდე ადამიანს ჩავუტარეთ ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით, რათა ეს იდეები პროექტებად ექციათ. დაფინანსდა 5 000 მეწარმე. პირობა იყო, რომ პირველ რიგში მეწარმეს თავისი 20% უნდა ჩაედო ბიზნესში და შემდეგ სახელმწიფო გასცემდა თანამონაწილეობრივ გრანტს. მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი, დღეს დაფინანსებულების თითქმის 99% მოქმედია, ანუ კომპანიებმა ერთი წლის შემდეგაც გააგრძელეს საქმიანობა და განვითარება”.

რაც შეეხება მიკრომეწარმეებს, როგორც ისინი აცხადებენ, ამ გადასახედიდან მათთვის ფინანსებზე მეტად მნიშვნელოვანი ის განათლება აღმოჩნდა, რაც მათ პროექტის პირველ ეტაპზე მიიღეს და სურთ ეს პროცესი გაგრძელდეს. და კიდევ, ქეთევან ბოჭორიშვილის თქმით, არსებობს “გადადების ეფექტი”. სჯერა, რომ წარმატება გადამდებია:

“ბავშვი იზრდება ოჯახში, სადაც ხედავს, რას აკეთებენ მშობლები, ჩართულია თავადაც, სწავლობს. როგორც წესი, მიკრომეწარმეობა ოჯახური ბიზნესებია. ამას მეზობლებიც ხედავენ და მათაც უჩნდებათ რაღაც ახლის კეთების სურვილი. მიკრომეწარმეობის ამ პროექტმა შეიძლება ქვეყნის ეკონომიკა უმალ ვერ შეცვალოს, მაგრამ ის ხელს შეუწყობს სამეწარმეო უნარებით აღჭურვილი ახალი ფენის გაჩენას. ამ პროექტებით 3-5 წელიწადში შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები ვიხილოთ. პირდაპირ 100-მილიონიან საწარმოს ვერ შექმნი, ეს ნელ-ნელა ხდება”.

როგორც ქეთევან ბოჭორიშვილი ამბობს, ერთი პროექტი ყველასთვის ვერ იქნება, რომ პროექტებს თავისი მიზნობრივი ჯგუფები ჰყავს, მთავარია, ის იყოს ხარისხიანი, შედეგზე ორიენტირებული და ქვეყნის რომელიმე სექტორი, რომელიც მხარდაჭერას საჭიროებს, ყურადღების მიღმა არ დარჩეს. სახელმწიფოს მხარდამჭერი პოლიტიკა უნდა შეეხოს როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ბიზნესს, ინვესტორსაც და ადგილობრივ მწარმოებელსაც, თუმცა არა ერთი, უნიკალური მექანიზმით, არამედ ინდივიდუალურად; ეს უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი და ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი.

უმნიშვნელოვანესია წარმატების მაგალითების წინ წამოწევა, წახალისება. ამ მიზანს ემსახურება კამპანია “ქართულია და კარგია”, რომლის მიზანიც უკვე საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზებაა.

რუკაზე ღირსეული ადგილისთვის კიდევ ერთი “ბრძოლაა” “გადაიღე საქართველოში”. პროექტის საბოლოო მიზანი მსოფლიო კინოინდუსტრიის საქართველოთი დაინტერესება და იმაში დარწმუნებაა, რომ აქ კინოს გადაღება საინტერესო და ხელსაყრელია. საქართველოში უკვე იყვნენ აზიის, ევროპისა და ამერიკის კინობაზრების წარმომადგენლები.  გადაღებულია რამდენიმე ფილმი, რამდენიმეზე კი ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკება. ამ პროგრამით, ერთი მხრივ, დარგის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების ხელშეწყობა ხდება, ხოლო მეორე მხრივ –  ქვეყნის პოპულარიზაცია, რასაც ტურისტების რაოდენობის ზრდაც მოჰყვება. ამავე მიზნებს ემსახურება მოდის ინდუსტრიის მხარდაჭერაც.

“კინოს უკავშირდება თითქმის ყველა სფერო. ფილმის გადაღება ნიშნავს ამუშავებულ სასტუმროებსა და კვების ობიექტებს, გაზრდილ მოთხოვნას მომსახურებაზე; ლოგისტიკური, საფეიქრო, სატრანსპორტო თუ ტექნიკური უზრუნველყოფის კომპანიების ჩართულობას. ერთ ფილმს შესაძლოა მრავალმილიონიანი ბიუჯეტი ჰქონდეს, წარმოიდგინეთ, რა შედეგი მოჰყვება ეკონომიკაში ამ ფულის შემოსვლას. თუ ფილმმაც გაამართლა, ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის შეუფასებელი რეკლამა, რომელსაც საჩუქრად მივიღებთ. ახალ ზელანდიას, ირლანდიას, ისლანდიას, ჩეხეთს, უნგრეთს უზარმაზარი პოპულარობა და ტურისტების სიმრავლე მოუტანა იქ გადაღებულმა ისეთმა ფილმებმა და სერიალებმა, როგორიცაა “ბეჭდების მბრძანებელი”, “მამაცი გული”, “სამეფო კარის თამაშები” და სხვა. დღეს საქართველოში ტარდება მოდის კვირეულები, რომლებზეც წერს Vogue-ი, Elle-ი და მსოფლიოში ცნობილი სხვა გამოცემები. ყველაფერს სჭირდება “შეფუთვა” და სწორ მისამართზე “გაგზავნა”, იქნება ეს ღვინო, თავისი მრავალათასწლიანი ისტორიითა და უნიკალური ჯიშებით თუ ათობით სახეობის ქართული ყველი, თაფლი და სხვა – ყველაფერი, რაც უნდა გავიტანოთ და რის გამოც უნდა შემოვიდნენ”.

ქეთევან ბოჭორიშვილი საზღვარგარეთ პირველად 1997-1998 წლებში,  “მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით” აღმოჩნდა. ამბობს, რომ მის ცხოვრებაში სწორედ ამერიკამ მოახდინა გარდატეხა. მიხვდა, რა არის კარგი განათლება და რა შეუძლია კარგ განათლებას. რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა “მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის” კურსდამთავრებულთა ასოციაციას და ამბობს, რომ ყველაზე “გიჟური იდეები” იქ იყრიდა თავს და უხარია, რომ დღეს ასოციაციის წევრთა უმეტესობა წარმატებული ბიზნესმენი და საჯარო მოხელეა. მისი აზრით, სხვა ქვეყანაში სწავლისა და ცხოვრების გამოცდილება ფასდაუდებელია, რადგან ამის შემდეგ კიდევ უფრო ძვირფასია საკუთარი ქვეყანა და უკეთესად ხედავ იმ პოტენციალს, რაც მას აქვს. მან ზუსტად იცის, რა შეუძლია განათლებისა და კარიერული განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს. ამბობს, რომ საკანონმდებლო დონეზე საქართველოში ქალსა და კაცს აბსოლუტურად ერთნაირი უფლებები აქვთ, თუმცა ყველაზე დიდიპრობლემა ცნობიერებაში გამჯდარი სტერეოტიპები და წარმოდგენებია. მიაჩნია, რომ უმთავრესია ამ სტერეოტიპებისგან თავის დახსნა, რასაც სწორედ წამყვან პოზიციებზე მყოფმა ხალხმა უნდა შეუწყოს ხელი, სწორედ მათ შეუძლიათ ყოველ კონკრეტულ დროს, კონკრეტულ პოზიციაზე ადამიანი შეაფასონ მისი პროფესიონალიზმისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად და არა სქესის მიხედვით. იცის, რომ დღეს ქალისთვის თავისი ადგილის დამკვიდრება მარტივი არ არის – მას ამისთვის დიდი ძალისხმევა სჭირდება. თანაბარ პირობებში კი ქალისთვისაც და კაცისთვისაც ერთნაირად მიღწევადია განათლება, მუშაობა, დისციპლინა, ერთნაირია განვითარების სურვილი და წარმატება. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როდესაც “ამერიკულ საბჭოებში” დაიწყო მუშაობა. შემდეგ იტალიაში, ბოკონის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მიიღო და გარკვეული პერიოდი იქვე, იტალიურ საკონსულტაციო კომპანიაში იმუშავა. შემდეგ იყო ფონდი “ათასწლეულის გამოწვევა – საქართველო”, შემდეგ კი – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. საჯარო სამსახურზე მანამდე არ უფიქრია, ვიდრე ყოფილმა მინისტრმა ვერა ქობალიამ საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელობა არ შესთავაზა. ამბობს, ამ საქმეს ისედაც ვაკეთებდი – საქართველოს წარმოჩენა, ქვეყნის პოპულარიზება ყოველთვის და ყველგან ჩემს საქმედ მიმაჩნდა, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მოგვიანებით იტალიაში სწავლისა და მუშაობის დროს, თუმცა ახლა გაცილებით მეტის გაკეთების შესაძლებლობა მეძლეოდა და ამიტომაც დავთანხმდიო. ასეა ახლაც, როცა კერძო სექტორში გადასვლა გადაწყვიტა. მისი აზრით, “ანაკლია სითი” სრულიად შეცვლის საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს:

“ჩემი სამსახური არასოდეს განმიხილავს პოლიტიკასთან კავშირში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქმის კეთების შესაძლებლობა მქონოდა. ერთია, უნარები გქონდეს და მეორე – ამ უნარების გამოყენების შესაძლებლობა მოგეცეს. ჩემი ხელმძღვანელები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ, მათ  მომცეს შესაძლებლობა, თითოეული ჩემი იდეა წარმატებულ პროექტად გადამექცია. რომ არა მათი ძალისხმევა ყველა  ამ პროექტში, მათი მენტორობა, არაფერი გამომივიდოდა. ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი აქვს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, მის მიერ სწორი მიმართულებების მიცემითა და იდეების ბოლომდე მხარდაჭერით მოხერხდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების ხორცშესხმა. ასევე – ვიცე-პრემიერს, დიმიტრი ქუმსიშვილს, რომელთან ერთად არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელე. ახალ პოზიციაზე ბევრი სამუშაო მელოდება. ეს არის მრავალწლიანი, მრავალკომპონენტიანი, მასშტაბური პროექტი. ძალიან გამომადგება ის გამოცდილება, რაც საჯარო სამსახურში მუშაობისას დავაგროვე: ინვესტიციების მოზიდვა, კერძო სექტორის ხელშეწყობა, ინდუსტრიების განვითარება, სივრცითი მოწყობა და დაგეგმარება. დიდი მხარდაჭერის იმედი მაქვს ყველა თვალსაზრისით, რადგან ეს არ არის მხოლოდ “თიბისი ჯგუფისა” და “კონტი ჯგუფის” პროექტი, ეს საქართველოს პროექტია. ვნერვიულობ კარგი გაგებით – ძალიან დიდი გამოწვევაა; ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი ისე გამოვა, როგორც საჭიროა! ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნება სპეციალური ეკონომიკური ზონა. ამ პროცესში ყველაფერი მნიშვნელოვანია – სამეზობლო პოლიტიკა, სტრატეგიული ხედვა და იმ სატრანზიტო შესაძლებლობების სრულად ათვისება, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ეს უნდა იყოს მსოფლიო მნიშვნელობის დერეფანი. ის, რომ საქართველო იწყებს ისეთ ამბიციურ პროექტს, როგორიცაა ღრმაწყლოვანი პორტი, ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო სხვანაირად წარმოაჩენს მსოფლიო რუკაზე”.

36 წლის ასაკში 18-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. შეიძლება მიმართლებს, თუმცა დაუმსახურებლადაც არასდროს არაფერი მიმიღია – ყველა მომდევნო საფეხურს წინა პოზიცია და გამოცდილება განაპირობებდა და ასე გრძელდება დღემდეო, ამბობს. იყო წარუმატებლობაც, მაგრამ არასოდეს დანებებულა; არასოდეს გამოსულა 6 საათზე სამსახურიდან – “აი, ამოიწურა სამუშაო საათები და მორჩა”. არასდროს მიმუშავია, მხოლოდ მუშაობისთვის – ვმუშაობდი არა მარტო იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო, არამედ საინტერესო საქმეცო. იყო რთული პერიოდებიც, მაგრამ იცოდა, რომ არ უნდა გაჩერებულიყო და  ამაში ოჯახიც ხელს უწყობდა. ამერიკაში, იტალიასა თუ საქართველოში საკუთარ განათლებას ყოველთვის თვითონ აფინანსებდა – მოიპოვებდა გრანტებს, იღებდა სტიპენდიებს ან საკუთარი შრომით გამომუშავებულ ფულს ხარჯავდა. არასდროს უთქვამს, რომ სწავლა დაამთავრა, არდადეგების დროსაც კი დადიოდა საზაფხულო სკოლებში, ტრენინგებზე, ვორკშოპებზე. ამბობს, რომ მისი შემდეგი კარიერული ეტაპიც ლოგიკურია – სჭირდება ახალი გამოწვევები, ახალი პროექტები და სწორედ ამიტომ მიიღო “ანაკლია სითიში” გადასვლის გადაწყვეტილება:

“ბოლო 7 წლის მანძილზე თითზე ჩამოსათვლელი დღეები მაქვს აღებული როგორც შვებულება, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი არჩევანია. სულ მინდა მეტის გაკეთება, მეტის მოსწრება, მეტი ენერგია, სირბილი, ცვლილება, განვითარება; სულ მჭირდება ერთი-ორი დღით უფრო გრძელი კვირა ან თვე, ერთი-ორი საათით მეტი დღე – ეს არის ჩემი რეჟიმი, ჩემი ცხოვრება…”

P.S. ახლა ძალიან ცხელა, თუმცა წელს გაზაფხული გამოვტოვეთ, მაისის ბოლოს ისევ ქურთუკებით დავდიოდით. ქეთევან ბოჭორიშვილთან შეხვედრის დღეს კარგი ამინდი იყო, მაგრამ საკმაოდ გრილოდა. მთელი საუბრის განმავლობაში სახეზე მზე აცხუნებდა და ბოლო მომენტამდე ადგილი არ შეუცვლია. წარმოვიდგინე მცხუნვარე მზე, ზღვა და ასაშენებელი ქალაქი. კარგი დროა ცვლილებებისთვის. უფრო მეტის წარმოდგენაცაა შესაძლებელი: მცხუნვარე მზე, ზღვა და სანაპირო, სადაც ერთმანეთს კვეთს გემებით სავსე, უზარმაზარი პორტისა და “ანაკლია სითის” მეგაპოლისური ხმაური.

ქეთევან ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ყველაფერი გამოვა! ყველაფერი შესაძლებელია!

მომავალ შეხვედრამდე “ანაკლია სითიში”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *