დიდი დანაკარგების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში, კონკრეტულად კი გასული კვირის პარასკევს, Silicon Valley Bank-მა კოლაფსი განიცადა. შედეგად, ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი რეცესიის შემდეგ უდიდესი საბანკო კოლაფსი მივიღეთ, რამაც მთავრობას უსწრაფეს ვადებში მეანაბრეების დასაცავად საჭირო გეგმის შემუშავება აიძულა.
დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის (FDIC) ინფორმაციით, კალიფორნიაში დაფუძნებული Silicon Valley Bank-ი პარასკევს, სახელმწიფო ფინანსური მარეგულირებლის მიერ დაიხურა და უდიდესი ბანკიც გახდა, რომელმაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ კოლაფსი განიცადა.
პანდემიის პერიოდში ტექნოლოგიური ინდუსტრია გაიზარდა, SVB-ის კლიენტებმა კი ბანკში მილიარდობით ამერიკული აშშ დოლარის ღირებულების დეპოზიტების შეტანა დაიწყეს – შედეგად, 2020 წლის $60 მილიარდის მთლიანი დეპოზიტიდან, ორი წლის შემდეგ, ბანკის დეპოზიტების მოცულობა, $200 მილიარდამდე გაიზარდა. დეპოზიტების შემოდინებისას SVB-ი ინვესტიციებს ისეთ ნაკლებად სარისკო აქტივებში აბანდებდა, როგორიც მაგალითად აშშ-ის ხაზინისა და იპოთეკური ფასიანი ქაღალდებია. თუმცა, ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდასთან ერთად, SVB-ის ინვესტიციების ღირებულებაც შემცირდა.
საპროცენტო განაკვეთების ზრდამ კი გავლენა ბანკის კლიენტებზეც იქონია: სტარტაპების დაფინანსება ეტაპობრივად გაქრა, რადგან კერძო სახსრების მოზიდვა მათთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა და კლიენტებმაც ბანკიდან თანხების გატანა დაიწყეს. თანხის მასობრივი გატანის ზრდის ფონზე SVB-მა აქტივები (მათ შორის ობლიგაციები, რომელთაც საპროცენტო განაკვეთის ზრდის შედეგად ღირებულება დაკარგეს) გაყიდა და $1.8 მილიარდიც იზარალა.
პარასკევის კოლაფსამდე რამდენიმე დღით ადრე, ტექნოლოგიური სტარტაპერების კრედიტორმა ბანკმა, $21 მილიარდის ფასიანი ქაღალდები $1.8 მილიარდის ზარალით გაყიდა, თუმცა ზარალის ასანაზღაურებლად $2.25 მილიარდის აქციების გაყიდვა დააანონსა. SVB-ი $1.25 მილიარდის ჩვეულებრივი აქციების და $500 მილიონის კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების გაყიდვას გეგმავდა, ამასთან ერთად კი ბანკმა, $500 მილიონის ღირებულების ჩვეულებრივი აქციების გაყიდვის თაობაზე General Atlantic-თან გარიგებაც დააანონსა.
მფლობელმა კომპანია SVB Financial-მა საფონდო ბირჟაზე აქციების გაყიდვები პარასკევ დილას შეაჩერა – მას შემდეგ, რაც წინასაბაზრო ვაჭრობისას ინვესტორების მხრიდან აქციების მასობრივი გაყიდვების ზრდასთან ერთად, მათი ფასი ხუთშაბათის 60%-იანი ვარდნის შემდეგ, პარასკევს უკვე 64%-ითაც დაეცა. ბანკის სტაბილურობის შესახებ ეჭვების გაჩენის ფონზე, ვენჩურული კაპიტალის ფონდების ნაწილმა, მათ შორის პიტერ ტიელის Founders Fund-მა, პორტფელში შემავალ კომპანიებს SVB-ისგან ფულის გამოტანა ურჩია. მხოლოდ ათ საათში, Silicon Valley Bank-ის დეპოზიტარებმა ბანკიდან $42 მილიარდი გაიტანეს.
მიუხედავად ამისა, თავად ბანკის CEO გრეგ ბეკერი SVB-ის კლიენტებს „დამშვიდებისკენ“ მოუწოდებდა. ბეკერმა ხუთშაბათს ისიც განაცხადა, რომ ბანკს „საკმარისი ლიკვიდობა“ ჰქონდა. თუმცა, საინტერესოა, რომ CNBC-ის ინფორმაციით, SVB Financial-ი მის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს კაპიტალის მოზიდვის ჩაშლის შემდგომ აწარმოებდა. დაზღვეული მეანაბრეების დასაცავად, დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურმა კორპორაციამ (FDIC) „სანტა კლარას ეროვნული ბანკიც“ შექმნა. FDIC-ის ინფორმაციით, მეანაბრეებს საკუთარ დაზღვეულ დეპოზიტებზე წვდომა, არაუგვიანეს 13 მარტისა ექნებოდათ.
SVB-ის მარცხიდან მხოლოდ ორ დღეში, რეგულატორების მიერ ნიუ-იორკში დაფუძნებული Signature Bank-იც დაიხურა, რაც აშშ-ის ისტორიაში, სწორედ SVB-ის შემდეგ, მესამე ყველაზე დიდ საბანკო მარცხად შეფასდა. SVB-ის მსგავსად, Signature Bank-მაც სცადა მყიდველის პოვნა და ფინანსების მოზიდვა, მაგრამ მისი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. Signature ახლო წარსულში კრიპტოვალუტაზე ფსონის გამოც დაზარალდა, თუმცა საბჭოს წევრისა და ყოფილი კონგრესმენის ბარნი ფრენკის განცხადებით, საბოლოო დარტყმა ბანკს „SVB-ის კოლაფსით შექმნილმა პანიკამ“ მიაყენა.
შაბათსვე, სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დაიცავდა ორივე ბანკის მეანაბრეებს და დაარწმუნა ისინი, რომ ორშაბათისთვის მათ ფინანსებზე წვდომა ექნებოდათ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გეგმა აქციონერებსა და არაუზრუნველყოფილი ვალის მფლობელებს არ ითვალისწინებდა. პრეზიდენტ ბაიდენის მტკიცებით, „გადასახადის გადამხდელებს ზარალის საკუთარ თავზე გადატანა არ მოუწევთ“, ხოლო მთავრობა მისი ადმინისტრაციის ქმედებებს, 2008 წლის ფინანსური კრიზისის დახმარებებისგანაც განასხვავებს.
„ამერიკელებს შეუძლიათ წყნარად იყვნენ, რადგან ჩვენი საბანკო სისტემა და მათი დეპოზიტები უსაფრთხოდაა. დამერწმუნეთ, რომ ამაზე არ შევჩერდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭირო იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათის გამოსვლაში.
2022 წლის მეოთხე კვარტალში, Silicon Valley Bank-მა $212 მილიარდის ღირებულების აქტივების ფლობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მან ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე უმსხვილესი საბანკო მარცხი განიცადა Washington Mutual-ის 2008 წლის კოლაფსის შემდე. ცნობისთვის, Washington Mutual-ს დაახლოებით $300 მილიარდის ღირებულების აქტივები ჰქონდა. კოლაფსამდე, აქტივების მოცულობის მიხედვით, Silicon Valley Bank-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში რიგით მე-16 უმსხვილესი ბანკი იყო.