გასული წლის მაისში კერძო კოლექციონერის მიერ რეკორდულ ფასად ნაყიდი 1955 წლის Mercedes-Benz 300 SLR-ი ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილია. მხოლოდ და მხოლოდ ორ ეგზემპლარად წარმოებული უიშვიათესი ავტომობილი მისი შემქმნელისა და მთავარი ინჟინრის, რუდოლფ ულენჰაუტის სახელს ატარებს. ავტოექსპერტებისა და ენთუზიასტების შეფასებით, Mercedes-Benz 300 SLR Uhlenhaut Coupe საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი დიზაინისა და ინჟინერიის მქონე ავტომობილია.

2022 წელს გერმანულმა ავტომწარმოებელმა სწორედ ამ საკულტო, ლეგენდარული ავტომობილის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, რაც საინვესტიციო მიზნებით და ინდუსტრიის განვითარებისათვის აუცილებელი კაპიტალის საჭიროებით ახსნა. შესაბამისად, ახალმა მფლობელმა $143 მილიონ აშშ დოლარად Sotheby-ის სააუქციონო სახლის დახმარებით 1955 წლის Mercedes-Benz 300 SLR-ი პირდაპირ ბრენდის მუზეუმიდან შეისყიდა.
მანქანა ბრიტანელმა ავტომობილების კოლექციონერმა და დილერმა საიმონ კიდსტონმა ანონიმი კლიენტისთვის შეიძინა. კიდსტონი Mercedes-Benz-ის ავტომობილის გასაყიდად გატანას სამეთვალყურეო საბჭოსთან 18 თვის განმავლობაში ლობირებდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1955 წელს აღნიშნული ავტომობილის მხოლოდ ორი ეგზემპლარი იწარმოვა. მეორე ექსპონატი კი კვლავ რჩება შტუტგარტში, Mercedes-Benz-ის მუზეუმში.
Mercedes-Benz 300 SLR კომპანიის კუთვნილი W 196 R გრანპრი მოდელის ბაზაზე აიწყო და 3.0 ლიტრის მოცულობის ძრავით იყო აღჭურვილი. Mercedes-მა მისი დამსახურებით ორი მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოახერხა. Mercedes-Benz 300 SLR-ს 290 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლო, რაც მას იმ დროისათვის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ავტომობილად აქცევდა.

1950-იან წლებში ავტოსპორტში დაბრუნებულმა Mercedes-მა წარსული დიდების აღდგენა სწორედ აღნიშნული ავტომობილის დახმარებით შეძლო. 1955 წელს ფორმულა 1-ის ჩემპიონატის პარალელურად, 300 SLR-მა სპორტული ავტომობილების მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. მისმა ინჟინერმა, რუდოლფ ულენჰაუტმა ავტომობილისათვის იმ პერიოდისათვის შეუძლებელი ტექნიკური მახასიათებლების მინიჭება შეძლო.