დავით ნარმანია ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით წარდგა

დავით ნარმანია ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია USAID-ის ორგანიზებით გამართულ ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა USAID-ის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და როლს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში.

„ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, ხელი შეეწყოს განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ენერგიის ზრდას. გვაქვს მოლოდინი, რომ ენერგეტიკის სექტორში განხორციელდება უფრო მეტი ინვესტიცია. ადგილობრივი წარმოების განვითარება ნიშნავს მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას, ქვეყნის შიდა მოხმარების დაკმაყოფილებას. ამასთანავე, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ექსპორტიორი ქვეყანა, რაც ეკონომიკური თავალსაზრისით ძალიან ეფექტური იქნება. აუცილებელია, დროთა განმავლობაში საქართველომ შეამციროს ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა.

მნიშვნელოვანია, რომ USAID-თან ვთანამშრომლობთ არა მხოლოდ სემეკის, არამედ ახლა უკვე ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებშიც. საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დღემდე რამდენიმე შეხვედრა შედგა, რომლის მიზანიც ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, როგორც ორგანიზაციის, ასევე ცენტრის ტრენინგების სწორი ჩამოყალიბება და განვითარებაა. ვგეგმავთ, მომავალში უფრო მეტად გავააქტიუროთ ჩვენი თანამშრომლობა“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმს ესწრებოდნენ საჯარო უწყებების, ენერგეტიკული კომპანიების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე იმსჯელეს ენერგეტიკული ბაზრის ახალ მოდელზე, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ფორუმი გახსნეს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, USAID/საქართველოს მისიის წარმომადგენელმა კლერ მეისონმა და სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ. S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *