ყველაზე ძვირად ღირებული ბერძენი და ქართველი ფეხბურთელები

ყველაზე ძვირად ღირებული ბერძენი და ქართველი ფეხბურთელები

დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.

ვილი სანიოლიოს გაწვრთნილ გუნდს ერთა ლიგის ფინალში დაპირისპირება მოუწევს გუსტავო პოიეტის ტაქტიკურად გამართულ და თავდაჯერებულ საბერძნეთის ნაკრებთან, რომელმაც წინა თამაშში ყაზახეთი გაანადგურა (5:0). თავისი თამაში საქართველომაც დამაჯერებლად მოიგო და ლუქსემბურგი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ამ თამაშის ფინანსური განზომილება, შესაძლოა, ახლა ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც საინტერესო. თანაც, როგორც წესი, ფასები თავის თავში მრავალი ინფორმაციის მატარებელია.

Transfermarkt-ის თანახმად, საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელების საერთო საბაზრო ღირებულება 151.85 მილიონ ევროს შეადგენს, რაც მცირედით აღემატება საქართველოს ნაკრებისას.

ყველაზე ძვირად ღირებული ბერძენი ფეხბურთელების ჩამონათვალი ასეთია:

  1. კონსტანტინოს ციმიკასი (ლივერპული) – 22 მლნ ევრო;
  2. ვანგელის პავლიდისი (ალკმაარი) – 22 მლნ ევრო;
  3. კონსტანტინოს მავროპანოსი (ვესტ ჰემ იუნაიტედი) – 18 მლნ ევრო;
  4. იანის კონსტანტელიასი (პაოკი) – 12 მლნ ევრო;
  5. ფოტის იოანიდისი (პანათინაიკოსი) – 10 მლნ ევრო.

გარდა ამ მოთამაშეებისა, ფასის კუთხით გამოსარჩევია ოდისეას ვლახოდიმოსი (ნოტინგემ ფორესტი – 9 მლნ ევრო), კრისტოს ცოლისი (დიუსელდორფის ფორტუნა – 7 მლნ ევრო), ანასტასიოს ბაკასიტასი (პანათინაიკოსი – 7 მლნ ევრო) და კონსტანტინოს კულირაკისი (პაოკი – 6 მლნ ევრო).

რაც შეეხება საქართველოს, ეროვნული ნაკრების საერთო საბაზრო ღირებულება 150.35 მლნ ევროს შეადგენს.

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები კი არიან:

  1. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 80 მლნ ევრო;
  2. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) – 35 მლნ ევრო;
  3. გიორგი მიქაუტაძე (მეცი) – 9 მლნ ევრო;
  4. ოთარ კიტეიშვილი (გრაცის შტურმი) – 3 მლნ ევრო;
  5. საბა საზონოვი (ტორინო) – 3 მლნ ევრო.

საქართველოს ნაკრებზე საუბრისას უნდა ვახსენოთ გიორგი ჩაკვეტაძეც (უოტფორდი – 2.5 მლნ ევრო), ზურიკო დავითაშვილიც (ბორდო – 2.5 მლნ ევრო) და გიორგი გოჩოლეიშვილიც (დონეცკის შახტარი – 2.5 მლნ ევრო).

აღსანიშნავია, რომ ბერძნული კლუბები ქართულ კლუბებს ღირებულებით საგრძნობლად აღემატება. მაგალითისთვის, Transfermarkt-ის თანახმად, ოლიმპიაკოსის ღირებულება 110.8 მლნ ევროა, პანათინაიკოსისა და პაოკის – 93 მლნ ევრო. შეიძლება ვინმემ ეს გუნდები გრანდებად არ მიიჩნიოს, თუმცა მათი დონე საკმაოდ მაღალია და ევროტურნირებზე თამაშის გამოცდილებაც დიდია.

ყველაზე ძვირად ღირებულ ქართულ კლუბად შეფასებულია ბათუმის დინამო, რომელიც 6 მილიონი ევრო ღირს. შემდეგ მოდის თბილისის დინამო (5 მლნ ევრო) და ქუთაისის ტორპედო (4.8 მლნ ევრო). ფასების ამგვარ სხვაობას ჩემპიონატების კლასს შორის სხვაობა განაპირობებს – ბერძნულ ლიგაში ბევრად უფრო მეტი და მაღალი კლასის ლეგიონერია, ვიდრე ქართულში.

საინტერესოა, რომ 26 მარტს საქართველოს ნაკრებს ოთხჯერ აქვს ნათამაშები, მათ შორის, 2011 წელს ხორვატია დაამარცხა, ხოლო 2005 წელს სწორედ საბერძნეთთან დამარცხდა. ეროვნულ ნაკრებს საბერძნეთთან უარყოფითი ბალანსი აქვს: 9 მატჩი, 0 მოგება, 2 ფრე და 7 წაგება.

ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონატს, არსებობის ისტორიაში, ყოველთვის ჰყავდა ერთი დებიუტანტი მაინც. ვნახოთ, იქნება თუ არა ასე ევრო 2024-ზეც.