ცნობილი ადამიანები, რომლებსაც Instagram-ზე ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც Instagram-ზე ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ

სოციალური მედია, განსაკუთრებით კი ისეთი პლატფორმები, როგორიცაა TikTok-ი, YouTube-ი და Instagram-ი, ადამიანთა ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა და ბევრისთვის შემოსავლის წყაროსაც კი წარმოადგენს. მათ შორის ისეთი ცნობილი პირებისთვისაც, რომელთა გამომწერების რაოდენობა ასობითმილიონიან ნიშნულს სცდება.

უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში სოციალურ ქსელ Instagram-ზე გამომწერთა რაოდენობით – 626 მილიონი მიმდევარი – პირველ ადგილზე პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა. რონალდუმ აღნიშნულ პლატფორმაზე მიმდევართა 600-მილიონიანი ნიშნულიც პირველმა გადალახა 2023 წლის აგვისტოში და დღემდე ლიდერის სტატუსს ინარჩუნებს.

საფეხბურთო კონკურენცია სოციალურ ქსელშიც გრძელდება, რის შედეგადაც, რეიტინგის მეორე ადგილზე უკვე არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი გვხვდება – Instagram-ზე 501 მილიონი გამომწერით.

შედარებისთვის, მხოლოდ რონალდუს გამომწერთა რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების, მექსიკისა და კანადის მოსახლეობის ერთობლივი რაოდენობა. საინტერესოა ისიც, რომ პლატფორმაზე მხოლოდ სწორედ მესისა და რონალდუს გამომწერთა რაოდენობა აღემატება 500 მილიონს.

Instagram-ზე მიმდევრების რაოდენობის მიხედვით, კიდევ ერთი ცნობილი დაპირისპირება პოპსტარ და მსახიობ სელენა გომესსა და კარდაშიან-ჯენერების ოჯახის წარმომადგენელ, კაილი ჯენერს შორისაა. ამჟამად რეიტინგში, 429 მილიონი გამომწერით, მესამე ადგილს სელენა იკავებს, მეოთხე პოზიციას კი – 400 მილიონი გამომწერით – ჯენერი სჯერდება. თუმცა ადგილები ხშირად იცვლება, მათ ფანებს შორის არსებული დაპირისპირებისადა მიხედვით. რეიტინგის ათეულში ვხვდებით კარდაშიან-ჯენერების ოჯახის სხვა წარმომადგენლებსაც, მათ შორის კიმ კარდაშიანს და კაილი ჯენერს.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგში Instagram-ზე ყველაზე მეტი გამომწერის მყოლი ადამიანებია წარმოდგენილი, ყველაზე მეტი მიმდევარი პლატფორმაზე თავად სოციალურ ქსელს ჰყავს. Instagram-ის ანგარიშზე ამჟამად 7 ათას პოსტს ვხვდებით, გამომწერთა რაოდენობა კი 671 მილიონს აღწევს. Instagram-ის შემდეგ, ყველაზე მეტი გამომწერის – 307 მილიონი – მყოლი კორპორაციული ანგარიში Nike-ია.

უახლესი მონაცემებით, Instagram-ზე ყველაზე მეტი გამომწერის მყოლი ცნობილი ადამიანების ათეული ასე გამოიყურება:

  1. კრიშტიანუ რონალდუ – 626 მილიონი მიმდევარი
  2. ლიონელ მესი – 501 მილიონი მიმდევარი
  3. სელენა გომესი – 429 მილიონი მიმდევარი
  4. კაილი ჯენერი – 400 მილიონი მიმდევარი
  5. დუეინ ჯონსონი (როკი) – 397 მილიონი მიმდევარი
  6. არიანა გრანდე – 380 მილიონი მიმდევარი
  7. კიმ კარდაშიანი – 364 მილიონი მიმდევარი
  8. ბიონსე – 319 მილიონი მიმდევარი
  9. ქლოი კარდაშიანი – 310 მილიონი მიმდევარი
  10. კენდალ ჯენერი – 294 მილიონი მიმდევარი