ყველაზე სტაბილური ბანკირი საქართველოში

ყველაზე სტაბილური ბანკირი საქართველოში

ნულიდან დაწყებული ბიზნესის #1 ბანკად ქცევა ვახტანგ ბუცხრიკიძეს თავისი გუნდის მთავარ მიღწევად მიაჩნია. “ჩვენ დავიწყეთ ნულიდან და შევქმენით ლიდერი ბანკი საქართველოში. ეს კარგი მაგალითია იმისთვის, რომ სხვებსაც გაუჩნდეთ ბიზნესის კეთების ამბიცია და იყვნენ წარმატებულნი. უამრავ ადამიანს მივეცით ზრდისა და განვითარების საშუალება. შეიძლება მათ ჩვენზე უკეთ აკეთონ ბიზნესი და ეს კარგი იქნება. ჩვენი წარმატების გასაღები კი ერთადერთია – გუნდი, ადამიანები და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია”, – ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე – ერთადერთი ბანკირი საქართველოში, რომელიც 20 წელზე მეტია, გენერალური დირექტორის პოზიციიდან მართავს საქართველოში უკვე სიდიდით #1 ბანკს.

ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ–სეგმენტში გადასვლა, “ბანკ რესპუბლიკის” შემოერთება და სადაზღვევო ბიზნესში შესვლა – ეს ვახტანგ ბუცხრიკიძის ბოლო მიღწევებია, მაგრამ მანამდე იყო 20–წლიანი განვითარება. ეს 20 წელი საქართველოს უახლესი ისტორიაა – თავისი კრიზისებით, რყევებით, გამოწვევებით, ომებით. ამ უსწორმასწორო გზაზე ვახტანგმა თავისი გუნდით თიბისი ბანკის მუდმივი წარმატების ისტორია განაპირობა.

ვახტანგ ბუცხრიკიძე თიბისი ბანკს 1993 წელს შეუერთდა კრედიტების მართვის დეპარტამენტის უფროს მენეჯერად. ერთი წლის შემდეგ ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. კიდევ ორი წლის შემდეგ ვახტანგ ბუცხრიკიძეს უკვე დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. 1998 წლიდან ის თიბისი ბანკის გენერალური დირექტორია. 2002 წელს “გორბიმ” საქართველოს საუკეთესო ბიზნესმენად დაასახელა, 2011 წელს საუკეთესო ბანკირის ჯილდო მიიღო GUAM-სგან, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციისგან, 2014 წელს კი ჟურნალ EMEA Finance–მა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წლის საუკეთესო გენერალურ დირექტორად დაასახელა. მომსახურების უმაღლესი ხარისხი და ტექნოლოგიური ინოვაციები – ეს ის მთავარი მახასიათებლებია, რაც, გენერალური დირექტორის შეფასებით, თიბისი ბანკს საქართველოს ბაზარზე არსებული ყველა სხვა ბანკისგან გამოარჩევს. ვახტანგ ბუცხრიკიძე Forbes Georgia-ს ბანკთან, ქვეყნის ეკონომიკურ მოწყობასა და განვითარებასთან დაკავშირებულ თემებზე ესაუბრა:

რა არის დღეს მთავარი გამოწვევები, რომლებიც საბანკო სექტორის წინაშე დგას და როგორ აპირებთ ამ გამოწვევებთან გამკლავებას?

საბანკო პროდუქტები სულ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდება. სწორედ ამიტომ ჩვენ რამდენიმე მიმართულებით უნდა განვვითარდეთ. მომსახურების უმაღლესი ხარისხი, ტექნოლოგიური პროდუქტები და ზუსტი ცოდნა იმისა, თუ რა სჭირდებათ მომხმარებლებს – საბანკო განვითარების მომავალია, ამიტომ ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვძლიერდებით.

რა არის ის მიზნები, რომლებიც თიბისი ბანკმა დაისახა და მათ მიღწევას წარმატებით გაართვა თავი?

ჩვენი მიზანი იყო, გვქონოდა საუკეთესო მომსახურება და ვყოფილიყავით ყველაზე დიდი ბანკი საქართველოში. ეს მიზანი მიღწეულია. დღეს 2 მილიონ მომხმარებელს ვემსახურებით. სამომავლო განვითარების სტრატეგია არის ის, რომ გავ ძლიერდეთ, როგორც ფინანსური ინსტიტუტი. ჩვენ ვავითარებთ არა მხოლოდ საბანკო პროდუქტებს, არამედ სხვადასხვა ფინანსურ სერვისსაც. ჩვენი ხედვის ნაწილია ის, რომ დავაფუძნეთ საინვესტიციო ბანკი და აქტივების მართვის კომპანია, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველო უკვე მზად არის ამ ტიპის მომსახურების მიღებისთვის. ასევე, ჩვენ შევიძინეთ სადაზღვევო კომპანია “კოპენბურის” 100% და უკ ვე გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მომხმარებლებს სადაზღვევო პროდუქტებიც შევთავაზოთ. ჩვენი ამბიციური მიზანია, სამ წელიწადში სადაზღვევო ბაზრის დაახლოებით 25% ავითვისოთ. ამ მიზნის მიღწევას ახალი ტექნოლოგიების დანერგვით ვაპირებთ. ყველა ამ ნაბიჯით ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია, მომხმარებელს სრული ფინანსური მომსახურება შევთავაზოთ.

ტექნოლოგიები უკვე რამდენჯერმე ახსენეთ, რატომ თვლით, რომ განვითარების ხაზი ტექნოლოგიებზე გადის?

ჩვენი ბანკი წლების განმავლობაში გამოირჩეოდა საუკეთესო დისტანციური მომსახურებით – ინტერნეტ და მობაილ ბანკით. ბანკის ტრანზაქციების 80%-ზე მეტი სწორედ ამ ტექნოლოგიის გამოყენებით სრულდება. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ძალიან სწრაფად იცვლება ტექნოლოგიები, ჩვენი მუდმივი პრიორიტეტია, ვიყოთ ინოვატორები და პირველებმა დავნერგოთ ტექნოლოგიური პროდუქტები. მთვარია, ეს ტექნოლოგიები იყოს რაც შეიძლება მარტივი და, ამავე დროს, იმდენად მოქნილი, რომ მომხმარებელმა დროის დაზოგვა და ხარისხიანი მომსახურების მიღება შეძლოს. განვითარების ამ ხაზს, რა თქმა უნ და, გავაგრძელებთ მომავალშიც.

არავინ დავობს, რომ საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სექტორია საქართველოში, თუმცა საინტერესოა, რაიმე სახის სისტემური პრობლემა თუ არსებობს ამ სექტორში?

პრობლემა, რომელიც დღეს აქვს საბანკო სისტემას, ეს არის დოლარიზაციის მაღალი დონე. სამწუხაროდ, ამ პრობლემის ერთ დღეში გადაწყვეტის გზები არ არსებობს. ეს არის გრძელვადიანი ამოცანა, რომელიც საშუალო ვადაში დაძლევადია. ეროვნულ ბანკს აქვს საკმაოდ კარგი ინიციატივები ამ მიმართულებით, მათ შორის, განსხვავებული დარეზერვების მოთხოვნა დეპოზიტებზე ლარსა და დოლარში და ასევე რეპოოპერაციები ობლიგაციებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ საშუალო ვადაში საქართველოში დოლარიზაციის დონე უნდა შემცირდეს.

ხელისუფლება ამ პრობლემის გადაჭრის ერთ- ერთ გზად საპენსიო რეფორმას მიიჩნევს. თქვენც ასე თვლით?

ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა ქვეყნისათვის. საპენსიო რეფორმის განხორციელება რთული და ხანგრძლივი პროცესია, რადგან შედეგებს გრძელვადიან პერიოდში მოიტანს. ჩემი აზრით, 2017 წელი რეფორმების კუთხით პროდუქტიული უნდა იყოს. სასურველია, რომ 2017 წელს შევ ძლოთ საპენსიო რეფორმის კანონმდებლობის დამტკიცება. ვფიქრობ, საპენსიო რეფორმის განხორციელება ირიბად კაპიტალური ბაზრის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

საპენსიო ფონდის მართვით თუ დაინტერესდებით?

აუცილებლად. ეს, რა თქმა უნ და, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტიპის საკანონმდებლო ბაზა ჩამოყალიბდება. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ დავაარსეთ აქტივების მართვის კომპანია და ვფიქრობთ, როდესაც რეფორმა განხორციელდება, გვექნება საკმარისი გამოცდილება იმისათვის, რომ აქტიურად ჩავერთოთ ამ პროცესებში.

მთავრობა გეგმავს, საპენსიო ფონდების მართვაში საერთაშორისო კომპანიები ჩართოს. თქვენი აზრით, რა უპირატესობა შეიძლება გქონდეთ საერთაშორისო ფონდთან შედარებით?

ვფიქრობთ, რომ ქართულ კომპანიებს უნდა მიეცეთ საშუალება, საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, მიიღონ მონაწილეობა ტენდერში. ჩვენი მთავარი უპირატესობა ჩვენი გუნდი და შემადგენლობა იქნება. ჩვენ შევკრიბეთ ადამიანები, რომლებსაც ევროპის ყველაზე წარმატებულ ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის 20-30 წლიანი გამოცდილება აქვთ, რაც, დამეთანხმებით, მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

ადგილობრივი ბირჟისა და ზოგადად, კაპიტალის ბაზრის განვითარების პირობებში გაიზრდება თუ არა კონკურენცია საბანკო სექტორში? ფულის მოზიდვის ალტერნატიული მექანიზმის გაჩენა შეიძლება თუ არა საბანკო სექტორის- თვის ერთგვარ გამოწვევად იქცეს?

ვფიქრობ, კაპიტალის ბაზრის განვითარება აუცილებელია ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის. საშუალო ზომის კომპანიებს, რომლებსაც არა აქვთ საშუალება, გავიდნენ საერთაშორისო ბირჟებზე, ფინანსური რესურსების მოზიდვის საშუალება საქართველოში გაუჩნდებათ, რაც ქართული ბანკების ბუნებრივი ინტერესია, რადგან ბანკებს მეტი კომპანიის დაფინანსების შესაძლებლობა ექნებათ.

თიბისი ბანკის აქციები 2014 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. წელს უკვე ამ ბირჟის პრემიუმ-სეგმენტში გადაინაცვლეთ. რას ნიშნავს ეს ბანკისთვის და ქვეყნისთვის?

დღეს თიბისი ბანკს 100-ზე მეტი ინვესტორი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ეს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პოზიციაა თიბისი ბანკისთვის. ჩვენი ყოფნა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ-სეგმენტში ნიშნავს, რომ თიბისი ბანკის კორპორაციული მართვა საუკეთესოა და აკმაყოფილებს ყველაზე მაღალ საერთაშორისო სტანდარტს. მეორე მხრივ, ჩვენ ქვეყნის მიმართ ნდობის გამყარებასაც ვუწყობთ ხელს, რადგან, როდესაც ინვესტორები იღებენ გადაწყვეტილებას, ითანამშრომლონ ჩვენთან და გახდნენ ჩვენი ინვესტორები, ეს ნიშნავს, რომ მათ პირველ რიგში ქვეყნის მიმართ აქვთ ნდობა, რაც სამომავლოდ სხვა ქართული კომპანიებისათვის კარგი სასტარტო პირობაა. თუკი ისინი მოინდომებენ ბირჟაზე გასვლას, ქვეყნის მიმართ ნდობა ინვესტორებს, რა თქმა უნდა, მეტი ექნებათ. საერთაშორისო ბირჟებზე გასული კომპანიები – “თიბისი”, “საქართველოს ბანკი”, ჯანდაცვის ჯგუფი – კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ მომავალში სხვა კომპანიებმაც იგივე შეძლონ.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა პრობლემაა საქართველოში?

მე არ ვფიქრობ, რომ დღეს ეს პრობლემაა. საქართველოში 16 ბანკია და სესხების შეთავაზება საკმაოდ აქტიურად ხდება. მსოფლიო ბანკის Doing Business 2017 წლის ან გარიშის მიხედვით, საქართველომ ბიზნესის კეთების სიმარტივით გასულ წელთან შედარებით 24-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესისათვის სასტარტო პირობები საქართველოში კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა?

დეპოზიტების დაზღვევის მთავარი მიზანი სტაბილურობა და საბანკო სექტორის მიმართ ნდობის გაზრდაა. მე ვფიქრობ, რომ დღეს ამის საჭიროება არ დგას. საქართველოს საბანკო სისტემამ არაერთხელ აჩვენა, რომ კრიზისების მიმართ მდგრადია. არ მგონია, რომ რაიმე დამატებითი მოტივაციაა ადამიანებისათვის საჭირო, რომ საკუთარი სახსრები ბანკს ანდონ. ვფიქრობ, საქართველოში დღეს ეს საკითხი არ დგას.

როდესაც ფინანსურ ბაზრებზე ვსაუბრობთ, რომელი მიდგომის მომხრე უფრო ხართ: რეგულირების თუ ლიბერალიზების?

პირადად მე მიმაჩნია, რომ მკაცრი რეგულაციები, რომლებიც საბანკო სექტორის მიმართ არსებობდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ქართული ბანკებისთვის, რადგან საბანკო სექტორს არაერთი გამოწვევა შეხვდა: კონფლიქტი რუსეთთან, გლობალური ფინანსური კრიზისი, დაბოლოს, 2015 წელს – დევალვაცია. საბანკო სექტორმა ყველა ამ კრიზისს წარმატებით გაართვა თავი. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება თვითონ საბანკო სექტორის განვითარების შედეგია, თუმცა ფაქტია ისიც, რომ მკაცრმა რეგულაციებმა, სტაბილურობის მხრივ, გარკვეული როლი ითამაშა. მეორე მხრივ, 21-ე საუკუნეში ახალ- ახალი მიდგომები, სერვისები, ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება – უნდა არსებობდეს იმის შესაძლებლობაც, რომ ქართულმა ბანკებმა ადვილად აუწყონ ფეხი ამ განვითარებას, შემოიტანონ და დანერგონ ტექნოლოგიური პროდუქტები და ამას ხელი არ უნდა შეუშალოს რეგულაციებმა.

თქვენი აზრით, რა სქემით უნდა რეგულირდებოდეს საბანკო სისტემა? ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის აუცილებლობას ხელისუფლება სწორედ 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისით ასაბუთებდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა არეგულირებდეს საბანკო სისტემას და რა სქემით?

ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. არის ქვეყნები, სადაც საბანკო სექტორის ზედამხედველი დამოუკიდებელი ერთეულის სახით ფუნქციონირებს და ქვეყნები, სადაც ის მოქმედებს ცენტრალური ბანკის შიგნით. პირადად მე ვფიქრობ, რომ მარეგულირებელი ფუნქცია ეროვნული ბანკის შიგნით უნდა დარჩეს. ვერ ვხედავ აუცილებლობას, გამოიყოს მარეგულირებელი ცალკე ერთეულად მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკის შიგნით საბანკო სექტორის წარმატებული რეგულირების გამოცდილება არსებობს.

დაბოლოს, შევაჯამოთ ჩვენი საუბარი. გთხოვთ, გვითხრათ, არსებობს თუ არა რაიმე განსაკუთრებული მიდგომა, რომლითაც უმკლავდებით კრიზისებს?

წარმატების გასაღები ჩვენი გუნდია. თიბისი ბანკს წარმოადგენს თითოეული ჩვენი თანამშრომელი. სწორედ ჩვენი გუნდი ქმნის თიბისი ბანკის მთავარ ღირებულებას. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი გუნდის წევრი იყოს ცვლილებებისადმი მოქნილი, გაბედული, ინიციატივიანი, კოლეგიალური, კონკრეტულ შედეგებსა და დახმარებაზე ორიენტირებული.

——————————-

ამ სიტყვებით ინტერვიუ სრულდება. სანამ დავემშვიდობებით, კიდევ ერთხელ მახსენებს, რომ გრძელვადიანი განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გუნდი და ადამიანებია: “ჩვენი მიზანია, მივცეთ ადამიანებსა და კომპანიებს ახალი შესაძლებლობები. ჩვენ მათ ვთავაზობთ წვდომას არა მხოლოდ ჩვენს რესურსებზე, არამეც კომპეტენციაზეც”.

ვახტანგი მიიჩნევს, რომ თუ სწორი სტრატეგია გაქვს, ეს რესურსები და კომპეტენცია შეუზღუდავია. ახლა თიბისი ბანკის სტრატეგიაა, იყოს საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში.

“ჩვენ ვცდილობთ, კონკურენცია გავუწიოთ არა მხოლოდ ბანკებს, არამედ ნებისმიერ სერვისკომპანიას საქართველოში. გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, ვიყოთ არა მხოლოდ საუკეთესოები ბანკებს შორის, არამედ, ზოგადად, საუკეთესოები მომსახურების სფეროში”, – ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე – ყველაზე სტაბილური ბანკირი საქართველოში.