როცა ერიკ ბეიკერი თავისივე თანადაფუძნებული ბილეთების გამცემი გიგანტი StubHub- იდან გააგდეს, მან ანგარიშის გათანაბრება სცადა და კომპანიის გამოსასყიდად $4 მილიარდი მოიზიდა – კვირებით ადრე, სანამ კორონავირუსი ბიზნესს ერთბაშად გაანადგურებდა. შურისძიება ყოველთვის ტკბილი როდია.
2019 წელია, მადლიერების დღის წინა ღამე, ერიკ ბეიკერი კი უკვე ქეიფობს. „ცოცხალი ღონისძიებების ბიზნესისათვის ამაზე უკეთესი დრო ჯერ არ ყოფილა“, – ამბობს ის გულარხეინად და იცის, რომ ისეთ პო ზიციაშია, ფაქტობრივად, ყველა ამ ღონისძიებისგან იხეირებს. ორი დღით ადრე ბეიკერს თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი გარიგების შესახებ გაეკეთებინა განცხადება: მისი ბილეთების ონლაინბაზრობა, Viagogo, eBay-სგან მის უფრო მსხვილ მეტოქეს, StubHub-ს, $4.05 მილიარდად შეიძენდა. ბეიკერისთვის ეს ერთდროულად ტრიუმფის საკითხიც იყო და შურისძიებისაც. StubHub-ი მას Stanford Business School-ში თანადაეფუძნებინა, მერე მისმა თანადამფუძნებელმა ის საქმიდან გააგდო და უნებურად უბიძგა, საზღვარგარეთ Viagogo მალულად ჩაეშვა. ნოემბრის განცხადებამ ბეიკერს სიტუაციის სასიკეთოდ შემობრუნების შანსი გაუჩინა. “პიროვნულად სასიამოვნო განცდაა, რომ ჩემი ორივე შვილი ერთად მყავდეს და შევძლო მათი კვლავ გაერთიანება“, – ამბობდა მაშინ.
სამი თვის თავზე, 13 თებერვალს, გარიგება სისრულეში მოიყვანა. 47 წლის ბეიკერს, რომლის კომპანიას 2$ მილიარდი – სესხის სახით, $2 მილიარდი კი ნაღდი ფულით გადაეხადა, გლობალური დინოზავრი შეექმნა, რომელმაც შარშან სხვადასხვა ღონისძიების მილიონობით ბილეთები გაყიდა და, ჯამში, $1.5 მილიარდი მიიღო წლიური შემოსავლის სახით. 23%-იანი წილი ახალ ფირმაში მას მილიარდერის სტატუსთან აახლოებდა.
მერე პანდემია დაიწყო.
კორონავირუსმა შორეული აზია მოიცვა, შემდეგ – ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა, ჰოდა, სტადიონებიც დაიხურა, არტისტებმა ტურნეები გააუქმეს, Broadway-ს შოუები შეწყდა… ამ ყველაფერმა კი, ანალიტიკოსთა შეფასებით, StubHub-სა და Viagogo-ს შემოსავლებს, სულ მცირე, 90% ჩამოაჭრა. მარტის მიწურულს StubHub-მა თავისი აშშ- ის პერსონალის ორი მესამედი უხელფასო შვებულებაში გაუშვა. დაახლოებით იმავე პერიოდში Moody’s-მა ამ ორი კომპანიის პერსპექტივები სტაბილურიდან უარყოფითამდე ჩამოაქვეითა.
“უდავოდ შთამბეჭდავი უიღბლობაა, როცა $4 მილიარდს ჩამოდიხარ, ოთხ კვირაში კი მთელი ინდუსტრია იხურება“, – ამბობს ერიკ ფულერი – კონსულტანტი, რომელიც თვალს ადევნებს ბილეთების ბაზარს. მართალია, ფირმებს შეზღუდული ოდენობის ზედნადები ხარჯები აქვთ (ისინი არ ფლობენ საკუთარ ინვენტარს), ფულერის აზრით, StubHub-ი მალე გაკოტრებულად გამოაცხადებს თავს იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური დახმარების მოძიება ვერ შეძლო (StubHub-მა უარი განაცხადა კომენტარზე, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა Sports Business Journal-ს აპრილში უთხრა, რომ კომპანია “არ გაკოტრდება”).
საქმე კიდევ უფრო რთულდება. ბრიტანეთის მთავრობამ ანტიტრასტული გამოძიება დაიწყო შესყიდვასთან დაკავშირებით, რაც Viagogo-სა და StubHub-ს აიძულებს, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ოპერაციები ჰქონდეთ – ყოველ შემთხვევაში, ივნისამდე მაინც. Viagogo-ს თქმით, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან, რომელსაც ის რუტინულ გამოძიებას უწოდებს. ეს არა მხოლოდ აფერხებს ბიზნესთა ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე მუშაობის მცდელობებს, არამედ ბეიკერს ისიც კი არ შეუძლია, StubHub-ის მენეჯმენტის გუნდს დაურეკოს და დაეხმაროს მას კრიზისთან გამკლავებაში, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მფლობელია.
წარმატება თითქმის ყოველთვის გარკვეული იღბლისა და სწორად შერჩეული დროის ნაზავს წარმოადგენს. ბეიკერს (რომელმაც უარი გვითხრა არაერთ თხოვნაზე შემდგომი ინტერვიუსთვის), ამ შემთხვევაში, ორივემ უმტყუნა. იშვიათადაა შესაძლებელი, გარიგებაზე დასკვნები მისი სისრულეში მოყვანიდან რამდენიმე თვეში გამოიტანო, მაგრამ ვერდიქტი ახლა უტყუარია: ბეიკერის მიერ StubHub-ის შესყიდვა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ გარიგებად შევა – გარიგებად, რომელიც რამდენიმე დღით ადრე შედგა, სანამ პანდემიამ ძირი გამოუთხარა ცოცხალი ღონისძიებების ბიზნესს – იმას, რასაც ბეიკერი, ბილეთების გადაყიდვის თვალსაზრისით, ასე არხეინად აკონტროლებდა.
ბეიკერის CV – Harvard-ი, Stanford-ი, McKinsey, Bain-ი – გამდიდრების სახელმძღვანელოსავით იკითხება. ამგვარი ტრაექტორია, ნაწილობრივ მაინც, იმ დინასტიას უნდა მივაწეროთ, რომელშიც ის გაიზარდა. ბაბუა დედის მხრიდან უძრავი ქონების ანტრეპრენიორი იყო, მამის მამა კი Baker Industries-ს მართავდა – უსაფრთხოების კომპანიას, რომელიც ჯავშნიან ავტომობილებზე იყო ფოკუსირებული. რაღაც მომენტში საოჯახო ბიზნესი, რომელიც 1977-ში $118 მილიონად (დაახლოებით დღევანდელ $500 მილიონად) იქნა შესყიდული, ბეიკერის მამამ, მალკოლმმა, გადაიბარა.
“ჩემში თითქოს ჩადებული იყო ის სასიამოვნო მღელვარება, რაც რაღაც ახლის შექმნის ცდას, საკუთარი თავის ბოსად ყოფნას და საკუთარი განგების კონტროლს ახლავს თან, – ამბობს ბეიკერი. – უბრალოდ არ ვიცოდი, ეს ყველაფერი რა გამოხატულებას პოვებდა“.
სტარტი Harvard-ში ჩაბარებით აიღო, სადაც მართვას სწავლობდა. ამას ხშირად განვლილი გზა მოჰყვა McKinsey-მდე – “დიდი ფულის“ ძიებაში. მაგრამ ბეიკერს მალევე მოსწყინდა. “ეს მაინცდამაინც ჩემთვის არ იყო, – ნათქვამი აქვს 2012- ის ინტერვიუში USC-ში. – იქ ძალიან ბევრი მაღალი IQ-ს მქონე ხალხია, რომლებიც აუცილებლად კომერციულად მომართულები არ არიან“.
McKinsey-ში ორწლიანი მუშაობის შემდეგ, 1997- ში, ბეიკერმა კერძო სააქციო კაპიტალის ფირმა Bain Capital-ში გადაინაცვლა, რომელსაც იმხანად მიტ რომნი თაოსნობდა. “ცხადია, იერარქიის ქვედა საფეხურზე ვიდექი, – ამბობს ის, – მაგრამ Bain Capital-ში გატარებულმა ორმა წელიწადმა ბევრად მეტი მასწავლა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას მისწავლია, სადაც ვყოფილვარ“.
ბეიკერის თანახმად, სწორედ Bain-ში ყოფნისას გაუჩნდა პირველად ონლაინბილეთების ბაზრობის იდეა. მის მეგობარ გოგონას “მეფე ლომზე“ უნდოდა წასვლა Broadway- ზე, მაგრამ ბილეთების რაოდენობა შეზღუდული იყო, რის გამოც ბეიკერს მეორეულ ბაზარზე მოუხდა მათი ძებნა. “ნეტავ, როგორ ხდება ეს?! რომელიმე ქუჩის კუთხეში უნდა მივიდე?“ – იხსენებს საკუთარ ფიქრებს. – საბოლოოდ, ონლაინ მომიხდა ძიება და ვიპოვე ბილეთების გადამყიდველი, რომელსაც უსამართლოდ ბევრი გადავუხადე. ნამდვილად არ ყოფილა სასიამოვნო გამოცდილება“.
ახალი იდეა ბეიკერმა უჯრაში შეინახა და მხოლოდ მაშინ ამოიღო, როცა მომდევნო შემოდგომას Stanford Business School-ში მოხვდა. იქ ჯეფ ფლური გაიცნო – ენერგიული პირველკურსელი კერძო სააქციო კაპიტალის ფირმაში მუშაობის გამოცდილებით. დუეტმა ბეიკერის კონცეფციის ერთ-ერთი ვერსია Stanford-ის ბინზესგეგმების ყოველწლიურ კონკურსზე წარადგინა. ათობით კონკურსანტს შორის ისინი ექვსიდან ერთ-ერთ ფინალისტებად იქცნენ.
მაგრამ ფინალის დღეს წყვილი არ გამოცხადდა. “არ გვინდოდა, პოტენციურ მეტოქეთა ყურადღება მიგვეპყრო“, – ამბობს ფლური, რომელიც, მას მერე, ვენჩურული კაპიტალის ფირმა Craft Ventures-ის თანადამფუძნებლად მოგვევლინა – ფირმისა, რომელსაც ინვესტიციები აქვს განხორციელებული Houzz-ში, Twilio-სა და Warby Parker-ში.
აქედან მოყოლებული, დამფუძნებელთა გზები პირველად გაიყო. ფლურმა სწავლას თავი მიანება და ბიზნესზე კონცენტრირდა პატარა გუნდთან, მათ შორის, ჯეფ ლოუსონთან, ერთად, რომელიც დღეს Twilio-ს მილიარდერი დამფუძნებელია. რისკიანი წამოწყება იყო: დოტ-კომ-ბუშტი ის-ისაა, გასკლეცილიყო. “ჩვენ, ერთგვარად, დინების საპირისპირო მიმართულებით ვცურავდით“, – ამბობს ფლური.
ბეიკერი, მეორე მხრივ, Stanford-ში დარჩა, თუმცა საქმეში თავისი წვლილი შეჰქონდა და სააქციო კაპიტალის წილსაც ინარჩუნებდა. “თავიდან არ უნდოდა საქმეში ბოლომდე ჩართვა”, – ამბობს StubHub-ის ერთ- ერთი პირველი თანამშრომელი. საიტი 2000-ის ოქტომბერში მის გარეშე ჩაეშვა.
ბეიკერი StubHub-ს 2001-ში კიდევ ერთხელ შეუერთდა, – ამჯერად პრეზიდენტის რანგში, ფლურს კი, რომელიც მაშინ აღმასრულებელი დირექტორი და ფირმის ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური მეწილე იყო, უკვე მნიშვნელოვნად დაეხვეწა ბიზნესგეგმა: ბროკერებს ან ბილეთის ჩვეულებრივ მფლობელებს მათ საიტზე შეეძლოთ ბილეთების განთავსება, StubHub-ი კი გარკვეულ ულუფას აიღებდა როგორც მყიდველისგან, ისე გამყიდველისგან (მისი საკომისიოები დღეს საშუალოდ 23%-ს შეადგენს).
2004-ისთვის ბიზნესი ყვაოდა, მაგრამ დამფუძნებლები ვერ იყვნენ ერთმანეთთან ჰარმონიაში. მოგვიანებით Fortune-ში გამოქვეყნებული რეპორტაჟის თანახმად, ბეიკერს მსხვილ სპორტულ ლიგებთან თანამშრომლობაზე სურდა ფოკუსირება, მაშინ როცა ფლური StubHub-ის დამოუკიდებელ ერთეულად გამოზრდას ცდილობდა. “პირველად არ ხდება, ადამიანებს ერთმანეთთან უთანხმოება რომ მოსდით, – თქვა ბეიკერმა გასულ ნოემბერს. – სტრუქტურა იმგვარი იყო, რომ ჯეფი ცოტა უფრო მეტ აქციას ფლობდა, ვიდრე მე“. ბეიკერის მიხედვით, საბჭოსა და ფლურს მისი გაშვება უნდოდათ: “უბრალოდ მითხრეს… წადიო. გაგდებული ხარო. დაგვტოვეო“.
ბეიკერი ერთხანს მსოფლიოს გარშემო ერთწლიან მოგზაურობას განიხილავდა, მერე უკეთესი იდეა მოუვიდა. StubHub-იდან წამოსვლისას, კომპანიას მისთვის ე.წ. კონკურენციაში არშესვლის კონტრაქტზე ხელმოწერა არ უთხოვია. “მსჯელობა ასეთი იქნებოდა: ერიკი მეორე ყველაზე მსხვილი მეწილეა, კონკურენციას არ დაიწყებს!“ – იხსენებს ბეიკერი. შეცდნენ. ერთი თვეც არ იყო გასული, ბეიკერი თავისი მოგზაურობის პირველ დანიშნულების პუნქტში, ლონდონში, ჩასვლას გეგმავდა, რომ უცებ გააცნობიერა, რომ მის ყოფილ კოლეგებს ევროპაში გაფართოებამდე წლები აშორებდათ. გადაწყვიტა, ისინი ამ მიმართულებით დაეჯაბნა.
ცისფერ, ბოლომდე შეკრულ პერანგში (უჰალსტუხოდ – როგორც ყოველთვის) გამოწყობილმა ბეიკერმა თავისი დიდი გეგმები ევროპაში, 2006-ის აგვისტოში გაამხილა. ერთი წლის მანძილზე მალული დაგეგმვის შემდეგ მან პრესკონფერენცია გამართა Viagogo-სთვის, აქეთ- იქიდან კი Manchester United-ისა და Chelsea Football Club-ის აღმასრულებლები შემოესვა – კომპანიის ინაუგურალური პარტნიორები. “[StubHub-ში] არ იცოდნენ არაფერი, სანამ [ოფიციალური] განცხადება არ გავაკეთე, – უთხრა ბეიკერმა Forbes-ს. – მგონი, შოკში ჩავარდნენ“.
შურისძიებით ტკბობისათვის ცოტა დრო ჰქონდა. მომდევნო წელს StubHub-ი eBay-მ $310 მილიონად შეისყიდა. ბეიკერი გარიგების წინააღმდეგი იყო და თვლიდა, რომ ფლურსა და კომპანიას ის ზედმეტად ადრე გაეყიდათ, როგორც ეს მოგვიანებით Wall Street Journal-ს უთხრა. ხმების უმრავლესობით დამარცხებულმა, ფული ჯიბეში ჩაიდო და ევროპაზე კონცენტრაცია გააგრძელა.
StubHub-ის მსგავსი ბიზნესმოდელის გამოყენებით, Viagogo-მ ინვესტორთა ბრჭყვიალა გუნდი მოიზიდა, მათ შორის, შტეფი გრაფი, ანდრე აგასი და LVMH-ის მილიარდერი დამფუძნებელი ბერნარ არნო. ვაითუ კვლავ მოუწევდა კიდევ ერთი კომპანიის იძულებით დატოვება, ბეიკერმა საკუთარი თავი ხმის მიცემის სუპერუფლებით უზრუნველყო, რაც მას ტოტალური კონტროლის გარანტიას აძლევდა. “პუტინისა და პოლიტბიუროსგან ავიღე მაგალითი“, – მახვილგონივრულად აღნიშნა 2012-ში – წლებით ადრე, სანამ თვითდესტრუქციულმა დამფუძნებლებმა, ადამ ნოიმანმა და ტრევის კალანიკმა მსგავს ტერმინებს გემო ბოლომდე არ გაუფუჭეს. ბეიკერის მტკიცებით, Viagogo უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე StubHub-ი პირველ წლებში, ხოლო 2011-ისთვის პლატფორმა უკვე ასობით მილიონ დოლარს ამუშავებდა ტრანზაქციების სახით ყოველ წელს. 2019-ისთვის მას უკვე მილიარდებთან ჰქონდა საქმე და მოგებიანიც გამხდარიყო. Forbes-ის შეფასებით, მისი მთლიანი მოგების მარჟა შარშან 25%-ს შეადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ გატენილ მოედანზე ისეთ კომპანიებთან ასპარეზობს, როგორიც Vivid Seats-ი, Eventbrite-ი, SeatGeek-ი და, დიახ, StubHub-ი არიან… ამ უკანასკნელის მარჟა ოდნავ დაბალი იყო.
მაგრამ აღზევებას პრესის რუტინული ბზუილი ახლდა: არტისტები ბილეთების გაბერილ ფასებზე ბუზღუნებდნენ; მომხმარებლები დამალულ საკომისიოებსა და ბილეთების ყალბ ჩამონათვალზე ჩიოდნენ. 2018-ში მარგო ჯეიმსმა, იმხანად დიდი ბრიტანეთის ციფრული და შემოქმედებითი ინდუსტრიების მინისტრმა, BBC Radio-ში განაცხადა: „ნუ აირჩევთViagogo-ს. ყველაზე ცუდები არიან”.
“ყოველთვის რაღაც სკანდალია, – უთხრა ბეიკერმა ნოემბერში Forbes-ს. – ხალხი უნდა გაანათლო, როცა ახალ რაღაცას აკეთებ. …უფრო მეტი გვმართებს ამ მიმართულებით. და ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ“.
ამასობაში, აშშ- ში eBay – StubHub-ის მშობელი, – თავის მხრივ, წნეხის ქვეშ მოქცეულიყო. თითქმის ერთი წლის განმავლობაში, ბრძოლისთვის მარად მზად მყოფი მილიარდერი პოლ სინგერი და მისი ჰეჯ- ფონდი, Elliott Management-ი, ფირმას ტვინს უჭამდნენ, არამთავარი აქტივები, მათ შორის, StubHub-ი, გაყიდეო. Elliott-ი კი იშვიათად აგებს ბრძოლას. ბევრისათვის ცნობილია, რომ სინგერმა 15 წელი გაატარა არგენტინის მთავრობასთან ომში ობლიგაციების გადასახადებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მის ფირმას 2016-ში $2.4 მილიარდი გადაუხადეს. ამ შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ eBay-ს სერიოზულად გაუმართლა.
ბეიკერი, თავის მხრივ, უარს ამბობდა ნერვიულობაზე და მაშინაც კი, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კოვიდ- 19 ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საგანგებო გლობალურ პრობლემად გამოაცხადა 30 იანვარს – გარიგების სისრულეში მოყვანამდე ორი კვირით ადრე. დაკარგულის ანაზღაურების იდეა იმდენად მომხიბლავი იყო, რომ არ შეეძლო სხვაგვარად. მას მწარე გაკვეთილი ჯერ კიდევ Stanford-ში მიეღო, როცა სწავლის არმიტოვება და StubHub-ში მთლიანად არჩართვა აქციებად და, საბოლოოდ, სამსახურად დაუჯდა. ამჯერად ის თავდაჯერებული ჩამოვიდა ფსონს.
მან განაგრძო გარიგების სისრულეში მოყვანა, რომლის დასაფინანსებლად სესხიც გამოიყენა და დამატებითი ფულიც თავისი ორი წამყვანი ინვესტორისგან, ვენჩურ- კაპიტალის ფირმა Bessemer Venture Partners-ისა და Madrone Capital Partners-ისგან – კერძო საინვესტიციო ფირმისგან, რომელიც Walmart-ის უოლტონების ოჯახთან არის აფილირებული (სტატიისთვის არც ერთმა არ მოგვცა კომენტარი). როგორც ბეიკერმა მშვიდად აღნიშნა CNBC-ზე შესყიდვის შემდეგ, “ამწუთას, [ვირუსი] აზიაშია იზოლირებული“.
ბეიკერის თავდაჯერებულობა, დღევანდელი გადმოსახედიდან, გულუბრყვილოდ და ქედმაღლურად გამოიყურება სამყაროში, რომელიც ერთ ღამეში შეიცვალა. ერთი ღონისძიების გაუქმებას მეორე მოჰყვებოდა, ბოლოს კი ცუნამის სახე მიიღო: Madonna, March Madness-ი, Nascar-ი, South by Southwest-ი, Broadway, Oktoberfest-ი მიუნხენში და Wimbledon-ი.
მომხმარებლები მასობრივად ითხოვდნენ გადახდილი თანხების ანაზღაურებას. აშშ- ში StubHub-მა უარი თქვა ანაზღაურებაზე (იმ შემთხვევების გარდა, როცა ეს ლეგალურად შეუძლებელი იყო) და, სანაცვლოდ, საწყისი შეძენის ფასის 120%-ის ტოლფასი ვაუჩერების გაცემა დაიწყო, რაც გადახვევას წარმოადგენდა თავისი ჩვეული ანაზღაურების პოლიტიკისგან. მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ მას ფუ ლი არ ჰქონდა. წლების მანძილზე StubHub-ი ე.წ. „ტივტივა“ სისტემაზე მუშაობდა. ტრანზაქციას რომ ამუშავებდა, გამყიდველს მყისვე აძლევდა თავის წილს ბილეთის გაყიდვიდან, თუნდაც რომ ღონისძიება თვეების მერე ყოფილიყო დაგეგმილი. როცა მსოფლიოს კორონავირუსი დაატყდა თავს, გადახდების დაბრუნება ათასობით გამყიდველისგან ერთდროულად, პრაქტიკულად, გამორიცხული იყო.
“შეუძლებელია, მთელი ფული აანაზღაურონ დამატებითი ფონდების მოძიების გარეშე“, – ამბობს ცოცხალი ღონისძიებების კონსულტანტი ერიკ ფულერი. ამას დაუმატეთ სოციალური მედიის ქარცეცხლი და, სავარაუდოდ, სასამართლო საქმეებიც (აპრილში ერთმა ვისკონსინელმა, $5 მილიონის მოთხოვნით, ე.წ. კოლექტიური სარჩელი შეიტანა სასამართლოში StubHub-ის წინააღმდეგ. კომპანიამ კომენტარზე უარი გვითხრა)
“ამ კომპანიათა უმეტესობა, რომლებიც თვიდან თვემდე ან სამთვიანი გეგმებით ცხოვრებენ, სიკვდილ- სიცოცხლის წინაშე დგას“, – ამბობს ფრედ როუზენი, რომელიც 1982- დან 1997-მდე Ticketmaster-ს მართავდა. „მაგრამ – ამატებს ის, – “რაწამს ცოცხალი ღონისძიებები განახლდება, StubHub 2 გაჩნდება. …ამ ბიზნესის კონცეფცია არსად წავა. კითხვა ისაა, სადამდე გაუძლებ…“
ჯერჯერობით ბეიკერის ფირმები გადახდისუნარიანებად რჩებიან. მარტში, Moody’s-ის ინფორმაციით, მათ $400 მილიონზე მეტი ჰქონდათ ნაღდი ფულის სახით, რაც, სააგენტოს აზრით, საკმარისია რამდენიმე თვისთვის მაინც. არც ბეიკერის ჯიბესქელი ინვესტორები უნდა დავივიწყოთ, თუმცა რამდენად გარისკავენ დამატებითი ფულის ჩაღვრას გაურკვეველი მომავლის მქონე კომპანიაში, რთული სათქმელია.
პრობლემა ისაა, რომ არავინ იცის, წინ რა გველის. StubHub-ი და Viagogo, სავარაუდოდ, ფეხზე წამომდგარ კომპანიათა ბოლო რიგებში იქნებიან. ისინი დამოკიდებულები არიან არა მხოლოდ ცოცხალ ღონისძიებებზე (რომლებსაც, სრული აღდგენისთვის, ალბათ ვაქცინა დასჭირდებათ), არამედ ამ ღონისძიებებზე არსებულ ჭარბ მოთხოვნაზეც, რაც მყიდველებს მეორეული ბაზრებისკენ უბიძგებს. ამას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს.
ღმერთო, როგორ სწრაფად იცვლება ყველაფერი! “ვფიქრობთ, ორი ძალიან კარგი ტრენდის გადაკვეთის წერტილზე ვართ, – ამბობდა ბეიკერი შესყიდვამდე. – ერთია ის, რასაც მე გლობალიზაციას ვუწოდებ, ვინაიდან სამყარო უფრო პატარა ადგილი გახდა, მეორე კი – ცოცხალი ღონისძიებები“. მერე ქარმა ვითარებას ტრაექტორია უცვალა და ბეიკერის აკრეფილი ტემპიც თან გაიყოლა. მან თავისი საქმე სისრულეში მოიყვანა. უბრალოდ ისე არა, როგორც უნდოდა.