ფოტო: Reuters
ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალებმა აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს შეცდომით სამი ამერიკული F-15 ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) გაავრცელა.
CENTCOM-ის განცხადებით, ეკიპაჟის ექვსივე წევრმა კატაპულტირება მოასწრო, ისინი უსაფრთხოდ იქნენ ევაკუირებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკული სამხედრო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ცენტრალური სარდლობის განმარტებით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც რეგიონში ინტენსიური შეტაკებები, მათ შორის ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით საჰაერო იერიშები, მიმდინარეობდა. სწორედ ამ პირობებში ქუვეითის საჰაერო თავდაცვამ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები შეცდომით მტრულ სამიზნედ მიიჩნია.
ქუვეითის მხარემ დაადასტურა შემთხვევა და განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება, რათა შეცდომის მიზეზები დადგინდეს.
ვიდეომასალაში, რომელიც ორშაბათის გამთენიისას გავრცელდა, ჩანს როგორ ეცემა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ქუვეითის ციდან, ხოლო ერთ-ერთ კადრში იქიდან პარაშუტით დაშვებულ პირსაც ვხედავთ. სააგენტო Reuters-მა ლოკაცია გადაამოწმა და დაადგინა, რომ კადრები ალ-ჯაჰრას რაიონშია გადაღებული.
Reuters/Ipsos-ის უახლესი გამოკითხვის მიხედვით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს ამერიკელთა მხოლოდ დაახლოებით მეოთხედი უჭერს მხარს. მათი ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამს ამერიკელი სამხედროების შესაძლო დანაკარგებზე. კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ სამხედრო ოპერაციების გაგრძელებას შესაძლოა დამატებითი მსხვერპლი მოჰყვეს, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, ომის მიმართ საზოგადოებრივ მხარდაჭერას კიდევ უფრო შეამცირებს.









