ქვანახშირი ბუნებრივი რესურსია. რომელიც ძირითადად თბოელექტროსადგურებში ენერგიის გამოსამუშავებლად გამოიყენება. წიაღისეულ საწვავებს შორის ქვანახშირი ენერგიის გამომუშავების ყველაზე ბინძურ და ბუნებისთვის საზიანო წყაროდ განიხილება, თუმცა მსოფლიო ყოველწლიურად დაახლოებით 8.5 მილიარდ ტონა ქვანახშირს მოიხმარს, რაც 2000-იანი წლების მაჩვენებელზე 70%-ით მეტია.
ქვანახშირის გლობალური მოხმარების თითქმის ნახევარი ჩინეთზე მოდის, მეორე ადგილზე 12%-ით ინდოეთია, მესამე ადგილს გლობალური მოხმარების 8.5%-ით აშშ იკავებს, მეოთხეს – 3.1%-ით გერმანია, მეხუთე ადგილზე კი რუსეთია, რომელზეც გლობალური მოხმარების 2.7% მოდის.
ევროკავშირი ყოველწლიურად დაახლოებით 500 მილიონ ტონა მყარ და ყავისფერ ქვანახშირს მოიხმარს – მისი დიდი ნაწილი ენერგიის გამოსამუშავებლად გამოიყენება. EU-ს მასშტაბით ქვანახშირის უმსხვილესი მომხმარებლები გერმანია (44%), პოლონეთი (20%), ჩეხეთი (12%), ბულგარეთი (10%) და საბერძნეთი (6%) არიან.
90-იან წლებთან შედარებით EU-ში ქვანახშირის მოხმარება მნიშვნელოვნადაა შემცირებული, თუმცა ელექტროენერგიის 13%-ს ევროკავშირი დღემდე თბოელექტროსადგურების საშუალებით გამოიმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში სამხედრო ძალების შეჭრის გამო, დასავლეთმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა, მათ შორის, განიხილება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვების გეგმაც, რომელიც 2030 წლამდე ევროკავშირის რუსულ ნავთობზე, ბუნებრივ აირზე, ქვანახშირსა და სხვა სახის ენერგოპროდუქტებზე დამოკიდებულების მნიშვნელოვნად შემცირებას ისახავს მიზნად.
ნავთობისა და გაზის მსგავსად, ევროკავშირში იმპორტირებული ქვანახშირის უდიდესი წილიც (46%) რუსეთის ფედერაციაზე მოდის. უმსხვილეს იმპორტიორებს შორის მეორე ადგილზე საერთო მოცულობის 15%-ით აშშ-ია, მესამეზე კი – 13%-ით – ავსტრალია.
EU-ს გეგმის ზუსტი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ მომდევნო წლებში გაერთიანებამ რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამციროს და მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციის მიზნით იმპორტი სხვა მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან გაზარდოს, რომელთაც შესაბამისი რეზერვები და საწარმოო შესაძლებლობები აქვთ.
ქვანახშირის გლობალური რეზერვები
ქვანახშირის წლიური წარმოება