ჩვეულებრივ ხარჯები აბსოლუტური ოდენობით იზომება და ფასდება. 2021 წელს, გლობალურად ქვეყნების მიერ თავდაცვისთვის გაწეულმა კოლექტიურმა დანახარჯმა $2.1 ტრილიონი შეადგინა. ტრადიციულად, თავდაცვისთვის ყველაზე მეტი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ($800 მილიარდი) გაიღო, შემდეგი იყო ჩინეთი ($293 მილიარდი), ხოლო მესამე ადგილს ინდოეთი ($77 მილიარდი) იკავებდა.
თუმცა, სახელმწიფოების მიერ თავდაცვისთვის გაღებული ხარჯების შესაფასებლად, უკეთესი იქნება თუ მათ თავად ქვეყნების ეკონომიკებთან მიმართებით განვიხილავთ. სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა (SIPRI) ჯამში 158 ქვეყნის სამხედრო დანახარჯები წარმოადგინა. Visual Capitalist-მა კი, SIPRI-ის მონაცემებზე დაყრდნობით, სახელმწიფოების მშპ-ისა და დანახარჯების ერთ სულ მოსახლეზე გათვალისწინებით, იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, რომლებიც თავდაცვაზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ.
უკანასკნელი ხუთი წლის (2018-2022) მონაცემებით, ქვეყნების მიერ თავდაცვაზე გაწეულ ხარჯებს მშპ-ის პროცენტულ ნაწილად თუ განვიხილავთ, ნათელი გახდება, რომ გარკვეული ქვეყნები მათი ეკონომიკური გამომუშავების გაცილებით დიდ ნაწილს გამოყოფენ თავდაცვისთვის, ვიდრე აბსოლუტურ მაჩვენებელში დასახელებული ტოპ-მხარჯველები. ამ კატეგორიზაციის შესაბამისად, თავდაცვის ხარჯის მაღალ მაჩვენებლად მშპ-ის 5% და მეტი, საშუალოდ 2-5%, ხოლო დაბალ მაჩვენებლად მშპ-ის 2%-ზე ნაკლები მიიჩნევა.
ქვეყნების მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, რეიტინგის სათავეში უკრაინაა, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თავდაცვაზე ქვეყნის მშპ-ის 9.46% დახარჯა – შედარებისთვის, რუსეთის მიერ გაწეული ხარჯი ამავე პერიოდში ქვეყნის მშპ-ის 3.98%-ია. უკრაინის ლიდერობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება სახელმწიფოს პრიორიტეტები შეიცვალოს. 2018-2021 წლებში, უკრაინის თავდაცვის ხარჯები მხოლოდ 3.2-3.8%-ს შეადგენდა, თუმცა რუსეთის მიერ წარმოებული ომით გამოწვეული საჭიროებით, ხარჯები მკვეთრად, მშპ-ის 9.46%-მდე გაიზარდა.
გარდა ამისა, რეიტინგში მრავლად შევხვდებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებს, რაც ამ ტერიტორიაზე რეგიონული უსაფრთხოების არასტაბილურობით აიხსნება. ამავდროულად, იმ ქვეყანათა უმრავლესობა, რომელიც თავდაცვაზე მშპ-ის საშუალო პროცენტულ მაჩვენებელს მაინც ხარჯავს, წარსულში ან ბოლოდროინდელ პერიოდში მეზობელ სახელმწიფოებთან უთანხმოებით, შიდა კონფლიქტებითა და რეგიონულ აგრესორთან ფრთხილი მიდგომით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, რომ აბსოლუტური ოდენობით სამხედრო ხარჯების ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატები, თავდაცვაზე დახარჯული მშპ-ის 3.48%-ით მხოლოდ მე-17 ადგილს სჯერდება, შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს ინდოეთს, რომელიც თავდაცვისთვის ქვეყნის მშპ-ის 2.58%-ს გამოყოფს, ხოლო ჩინეთი, დაბალი ხარჯვითი მონაცემების სახელმწიფოებში ერთიანდება, რადგან მის მიერ თავდაცვაზე გაღებული ხარჯი ქვეყნის მშპ-ის მხოლოდ 1.72%-ს შეადგენს.
ხოლო რაც შეეხება საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებს, საინტერესოა ის, რომ რეიტინგის ათეულში ვხვდებით ერთმანეთთან დაპირისპირებულ სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებიც თავდაცვისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის თანაბარ, 4.53%-ს გამოყოფენ. მათ მნიშვნელოვნად ჩამორჩება, თუმცა მაინც, თავდაცვაზე დახარჯული მშპ-ის 2.19%-ით, საშუალომაჩვენებლიან ქვეყნებს შორის რჩება თურქეთი. საქართველო კი თავდაცვაზე ქვეყნის მშპ-დან მხოლოდ 1.71%-ის ხარჯავს და, შედეგად, 158 ქვეყანას შორის 66-ე პოზიციას იკავებს.
მთლიან შიდა პროდუქტზე გადაანგარიშებით, ქვეყნების ათეული, რომლებიც თავდაცვაზე ყველაზე მეტს ხარჯავენ (2018-2022 წწ):
- უკრაინა – მშპ-ის 9.46% (მაღალი)
- საუდის არაბეთი – 8.19% (მაღალი)
- ომანი – 8.11% (მაღალი)
- კატარი – 5.88% (მაღალი)
- ალჟირი – 5.70% (მაღალი)
- ქუვეითი – 5.66% (მაღალი)
- ისრაელი – 5.09% (მაღალი)
- იორდანია – 4.81% (საშუალო)
- სომხეთი – 4.53% (საშუალო)
- აზერბაიჯანი – 4.53% (საშუალო)
ერთ სულ მოსახლეზე თავდაცვის ხარჯების შეფასება კი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ რამდენს გამოყოფენ თავდაცვისთვის ქვეყნები მათი მოსახლეობის ზომის გათვალისწინებით. კვლავ ხუთწლიანი პერიოდით, ერთ სულ მოსახლეზე თავდაცვის ხარჯების რეიტინგის ლიდერი კატარია ($4,564), რომელიც თითქმის ორჯერ უსწრებს მეორეადგილოსან ისრაელს ($2,535) და მესამეადგილოსან საუდის არაბეთს ($1,928).
შესაბამისად, შესაძლოა სახელმწიფოს მხრიდან თავდაცვისთვის გამოყოფილი თანხა ძალიან მაღალი იყოს, თუმცა ერთ ადამიანზე გაანგარიშებით საპირისპირო შედეგი მივიღოთ. ამის ნათელი მაგალითია ინდოეთი, სადაც მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლეზე თავდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ $53-ს შეადგენს. ჩინეთის შემთხვევაში აღნიშნული მონაცემი $183-ს უტოლდება, ხოლო მათგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატები, $1,815-ით კვლავ ლიდერთა შორის რჩება.
რაც შეეხება უკრაინას, ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი, 2018-2022 წლების გაანგარიშებით, $302-ს უტოლდება, რუსეთის კი შედარებით მეტს, $467-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ერთ სულ მოსახლეზე უკრაინის თავდაცვის ხარჯები 2018-2021 წლებში მხოლოდ $122.4-ს უდრიდა, 2022 წელს კი, რუსეთის შეჭრის შემდეგ, თითქმის ათჯერ, $1,018.66-მდე გაიზარდა.
რუსეთის გარდა, ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს სხვა მეზობლების თავდაცვის ბიუჯეტი შემდეგნაირია: აზერბაიჯანი – $226, სომხეთი – $217, თურქეთი – $199. მეზობელ სახელმწიფოებს ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვნად ჩამორჩება საქართველო, სადაც ერთ სულ მოსახლეზე თავდაცვის დანახარჯები მხოლოდ $80-ს უდრის.
ერთ სულ მოსახლეზე თავდაცვის ხარჯების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი (2018-2022 წწ)
- კატარი – $4,564
- ისრაელი – $2,535
- საუდის არაბეთი – $1,928
- სინგაპური – $1,837
- ქუვეითი – $1,815
- ამერიკის შეერთებული შტატები – $1,815
- ნორვეგია – $1,438
- ომანი – $1,254
- ავსტრია – $1,131
- ბრუნეი – $959