ქვეყნების პანდემიისგან აღდგენის პერსპექტივები

ქვეყნების პანდემიისგან აღდგენის პერსპექტივები

ჩინეთში აღმოჩენილი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ვირუსი ძალიან მალე გადაიქცა ფაქტორად, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკა წელიწადნახევრით შეაჩერა. პანდემიის ეფექტებისაგან ეკონომიკების აღდგენის პროცესი კი ყველა სახელმწიფოში სხვადასხვაგვარია.

აღდგენის ტემპები ყველაზე სწრაფი ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებშია. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი ამ საქმეში შეერთებულ შტატებს მკვეთრად სჯობნის იქიდან გამომდინარე, რომ ისინი პრე-პანდემიურ დონეს 2020 წლის მეორე ნახევარშივე დაუბრუნდნენ.

მეორე მხრივ, სხვადასხვა სტატისტიკაზე დაყრდნობით, ქვეყნების უმეტესობას იგივე შედეგების გასამეორებლად წლები დასჭირდება. მაგალითად, საუდის არაბეთი საკუთარი ეკონომიკის პირვანდელი სახით აღდგენას 2024 წლის პირველი კვარტლისათვის მოელის. მეტიც, არგენტინას საუდის არაბეთზე კიდევ უფრო ნელი აღდგენის ტემპი აქვს და იგივე შედეგი 2026 წლის მეორე კვარტლისათვისაა მოსალოდნელი.

ქვეყნების უმეტესობა პრე-პანდემიის მშპ-ს მონაცემებს ერთ სულ მოსახლეზე 2022 წლის ბოლოსათვის მიაღწევენ. ყველაზე ნელი აღდგენის ტემპი წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ისლანდიასა და ესპანეთს აქვს. მათი ეკონომიკური აღდგენის პროცესი 2023 წლისათვის დასრულდება.

რუსეთის, ჩილეს, ინდოეთისა და ინდონეზიის განვითარებადი ეკონომიკების აღდგენის ტემპი საკმაოდ მაღალია და ამ პროცესის დასასრული 2021 წლის ბოლოსათვის ან ოდნავ მოგვიანებითაა მოსალოდნელი.

ქვეყნების ეკონომიკების აღდგენის ტემპების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ვაქცინაციის ტემპებია. რაც უფრო მაღალია ვაქცინაციის ტემპი, მით უფრო ნაკლებია კოვიდ-19-ის გავრცელებაც. ეს კი სახელმწიფოებს შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას აძლევს. ხალხი სამსახურებსა და ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდება, რაც ეკონომიკას აცოცხლებს.