ევროკავშირში მზის ენერგიით ელექტროენერგიის გამომუშავება რეკორდულად გაიზარდა

ევროკავშირში მზის ენერგიით ელექტროენერგიის გამომუშავება რეკორდულად გაიზარდა

მიმდინარე წელს ევროკავშირში მზის ენერგიით ელექტროენერგიის გამომუშავებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, მთელს რეგიონში წარმოებული ელექტროენერგიის 10% უკვე მზის ენერგიის გადამუშავებითაა მიღებული.

ევროკავშირში შემავალმა 27–მა ქვეყანამ მიმდინარე წლის ივნის–ივლისის პერიოდში მზის ელექტროსადგურების საშუალებით თითქმის 39 ტერავატსაათი ენერგია გამოიმუშავა(TWh), რაც დაახლოებით 11 ტერავატსაათით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მონაცემებს.

მიმდინარე ანგარიშში მოხვდა ევროკავშირის რვა ქვეყანა, მათ შორის ესპანეთი და გერმანია, რადგან ამ ქვეყნებში მზის პანელების წარმოება და მოხმარება საგრძნობლად გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ მზის ენერგიის ათვისება საკმაოდ სწრაფი ტემპებით იზრდება, ის მაინც ჩამორჩება ქვანახშირის გამოყენებით მიღებული ელექტროენერგიის მიწოდებას, რომლის მოცულობამაც ევროკავშირის ქვეყნებში 2021 წლის ივნის–ივლისის პერიოდში მთლიანი მიწოდების 14% შეადგინა.

საინტერესოა, რომ კლიმატის პოლიტიკის პაკეტის ფარგლებში ევროკომისიამ დაადგინა ახალი წესები, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია განახლებადი ენერგიის წარმოების წესები. ამასთან, პოლიტიკის პაკეტში განხილულია, რამდენად სწრაფად უნდა გაიზარდოს ევროკავშირში ელექტროენერგიის წარმოება ისეთი წყაროების გამოყენებით როგორიცაა: ქარის, მზის და ბიომასის ენერგია.

გეგმის მიხედვით, 2030 წლისათვის განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 40%–მდე უნდა გაიზარდოს. დღეს ეს მაჩვენებელი 20%–ის ფარგლებში მერყეობს.

The Ember–ის კვლევის მიხედვით, მზის ენერგიის ათვისების კუთხით კვლავ გერმანია ლიდერობს. მიმდინარე პერიოდში გერმანიამ მზის ენერგიის გამოყენებით 13.4 ტერავატსაათი ენერგია გამოიმუშავა, რაც ქვეყანაში წარმოებული მთლიანი ელექტროენერგიის 17%–ია.

ყველაზე დიდი ზრდა მზის ენერგიის ათვისების კუთხით ესპანეთს აქვს – 2018 წელთან შედარებით ელექტროენერგიის წარმოება მზის პანელების გამოყენებით გააორმაგა 3.1 TWh– დან   6.4 TWh– მდე. ეს კი ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის 16%–ს შეადგენს. ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპი დაფიქსირდა ჰოლანდიაშიც, სადაც მზის პანელებით ელექტროენერგიის წარმოება 1.1 TWh– დან გაიზარდა 3.2 TWh– მდე. ანალიტიკოსების აზრით, ამ ორ ქვეყანაში მზის ენერგიის გამოყენების ზრდა ამბიციური საკანონმდებლო ცვლილების შედეგია.

ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირში შემავალ 27 ქვეყანაში მზის ენერგიით წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა საშუალოდ წელიწადში 14 TWh– ით იზრდება, მაგრამ 2030 წლის კლიმატური მიზნების მისაღწევად წელიწადში საშუალოდ 30 TWh–იანი ზრდაა საჭირო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *