ქვევრის უპირატესობა

ქვევრის უპირატესობა

ავსტრიაში მალე ქართული მარანი გამოჩნდება. თავად უკვე ბრენდად ქცეული ქართველი ბუთა დოლიძე ევროპელებს ტანინით გაჯერებული ქვევრის ღვინის გემოს აჩვევს.

35 წლის ბუთა დოლიძე უკვე 15 წელია, ემიგრანტია. ის ავსტრიაში ცხოვრობს და ბოლო ათი წელია, ბავშვობის გატაცება თავის მთავარ საქმიანობად აქცია. გასტრონომია და ღვინო – ეს არის მისი მთავარი კოზირი. მისი მთავარი ბრენდი კი – თვითონ. ბუთას ივენთზე სულ ცოტა 100–150 კაცი ერთ დაძახებაზე უპრობლემოდ იყრის თავს.

როგორც თვითონ ამბობს, მისი მთავარი მიგნება ქვევრის ღვინოა. ღვინო, რომლის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბუთა ამბობს, რომ ამის შემდეგ უფრო ადვილი გახდა ამ ღვინის ევროპულ და ისეთ პრეტენზიულ ბაზარზე შეთავაზება, როგორიც ავსტრიის ბაზარია. „რთულია იმ ევროპელებისთვის, რომლებიც წლების მანძილზე მხოლოდ კლასიკურ გაფილტრულ ღვინოს მიირთმევენ, უცებ ნატურალური, ტანინებით გაჯერებული ღვინის აღქმა“, – განმარტავს ღვინის ექსპერტი.

ბუთა მართლა ღვინის ექსპერტია: საკუთარი ბიზნესის მიუხედავად, დღემდე ღვინის მრჩევლად მუშაობს ავსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით 35 ფილიალი აქვს და მისი საქმე, რაშიც ის ხელფასს იღებს, აქ სწორედ სხვადასხვა კერძისთვის ღვინის შერჩევაა.

ბუთას ექსპერტობა მხოლოდ პრაქტიკულ ცოდნას არ ეფუძნება: გასტრონომიის სკოლა და სომელიეს კურსები აქვს დამთავრებული. ფლობს ისეთ სერტიფიკატს, რომლის მიხედვითაც მთელი ევროპის ტერიტორიაზე შეუძლია საკუთარი რესტორნის ან კლუბის გახსნა. ერთი პერიოდი მეწილეებთან ერთად რესტორნის მეპატრონეც იყო, მაგრამ დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. „აქ იმდენად მაღალი გადასახადებია, რომ ბიზნესს ვერ გამართავ, თუ თავიდან ბოლომდე პირადად არ იქნები ჩართული მის მართვაში. და თუ იქნები, მაშინ სხვას ვეღარაფერს მოჰკიდებ ხელს, რადგან ეს შენს დროს მთლიანად წაიღებს. ისე არ გამოდის, როგორც საქართველოში: დაიქირავებ დირექტორს, სტაფს და შენ ჯიპით ივლი ქალაქში“, – იღიმება ბუთა დოლიძე.

დღეს ავსტრიაში ბრენდი თვითონ არის – ბუთა. მისი საქმიანობა პრაქტიკულად სამ მიმართულებას აერთიანებს: სუფრა – როგორც ევროპული და ქართული ე.წ. კეტერინგი; ღვინო – კერძოდ, ძვირფასი, პრემიუმ-კლასის ღვინოები და, როგორც თავად უწოდებს, ცეკვა-თამაში. მის ვირტუალურ, უოფისო სამსახურში ოცი ადამიანია დასაქმებული. როგორც წესი, ტკბილეულს თავის თავზე არ იღებს – ამისთვის ფრანგი მზარეული ჰყავს დაქირავებული. თვითონ – მომხმარებელს ქართულ ღვინოს, სამზარეულოსა და კულტურას აცნობს. „ქართველებზე და რუსებზე არ ვმუშაობ. უფრო – ევროპელებზე, რომლებსაც აინტერესებთ ქართული სუფრა და არა მხოლოდ ხინკალი და ქაბაბი“, – ასეთია ბუთა დოლიძის ფილოსოფია.

ამბობს, რომ ბაზარზე კონკურენტულობას მიაღწია და დღემდე ინარჩუნებს. მხოლოდ კერძები მომხმარებელს 40-50 ევრო უჯდება, ღვინით – უფრო მეტი.

ქვევრის ღვინო ბუთასთვის კონკურენტული უპირატესობის ნაწილია. „საქართველოს დღეს აქვს ერთადერთი შანსი, რომ გლობალურ ღვინის ბაზარზე ფეხი მოიკიდოს და ეს არის ქვევრის ღვინო. ჩვენი ამბიციები, სამწუხაროდ, გადაჭარბებულია. ქართული ღვინო, რომელიც ევროპულად არის დაყენებული, ევროპულ ბაზარზე თავს ვერ დაიმკვიდრებს“, – ასეთია ბუთა დოლიძის შეფასება.

როგორც ინტერვიუდან ვარკვევ, ქართული ქვევრის ღვინის კონკურენტულ უპირატესობას სომელიეებიც აღიარებენ: ეს არის ღვინო, რომელიც თეთრი ყურძნისგან მზადდება, ოღონდ წითლის ტექნოლოგიით – ცხადია, მას უდიდესი შანსი აქვს, შეინარჩუნოს როგორც თეთრი, ისე წითელი ღვინის გემოს თვისებები და შესაბამისად, ორივე სეგმენტზე კონკურენციის გაწევა შეძლოს. „ეს ევროპელმა სომელიეებმა ძალიან კარგად იციან, თუმცა მათთვის ძალიან რთულია ამის აღიარება, რადგან მაშინ გამოვა, რომ არსებობს ერთი ღვინო, რომელიც კონკურენციას ერთდროულად უწევს ორს“, – განმარტავს ბუთა.

სომელიეების დამოკიდებულება პრობლემის მხოლოდ ნაწილია: ქართული ქვევრის ღვინის საბოლოო აღიარებას ხელს ფორმალური მხარეც უშლის – კერძოდ ის, რომ ღვინის ასოციაცია ქვევრის ღვინის ფერს ჯერ არ ცნობს, როგორც ცალკე არსებულ ახალ ფერს. „ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში ქვევრის ღვინის ფერი ასოციაციაში დარეგისტრირდება როგორც ქარვისფერი (amber) და მაშინ ჩვენ ღვინის პირამიდის თავში აღმოვჩნდებით“, – ამბობს ბუთა დოლიძე. მას მტკიცედ სჯერა, რომ როგორც ბორდოსა და ბურგუნდიულს ვერც ერთი ღვინო კონკურენციას ვერ უწევს წითელი ღვინის კატეგორიაში, ზუსტად ასე – ქვევრის ღვინოსაც ვერავინ გაუწევს კონკურენციას.

ბუთა დოლიძეს ბიზნესი საქართველოში არა აქვს. „ევროპაში, გამართული კონცეფცია თუ მოიფიქრე, შეგიძლია თავისუფლად მოიძიო ყველანაირი წყარო, ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება და მიხედო საქმეს“, – განმარტავს ბუთა. „ყველანაირ წყაროში“ ის მხოლოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას არ გულისხმობს. განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევს ლოგისტიკას – ავსტრიაში ქართული ღვინის გატანაც კი ძალიან გაუჭირდა მანამ, სანამ მეგობრები არ დაეხმარნენ. დღეს ამბობს, რომ მისი მთავარი პარტნიორები მეღვინეები და მევენახეები არიან და ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასაც სრულიად დამოუკიდებლად ახერხებს. ამბობს, რომ ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ამოქმედება მისთვის და იმ საქმისთვის, რასაც დღეს ემსახურება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ევროპული ღირებულებებიდან სასამართლო სისტემის გამართული მუშაობა და დაცული ბიზნესგარემო მისთვის კერძო სექტორის წარმატების მთავარი გასაღებია. ამბობს, რომ ავსტრიაში ძალიან მაღალი გადასახადებია, რაც ინოვაციებს პრაქტიკულად გზას უკეტავს და ბიუროკრატიული მექანიზმებით ახრჩობს. თუმცა, მეორე მხრივ, ბუთას თქმით, მაღალ საგადასახადო ტვირთს ის სერვისები ამსუბუქებს, რასაც კერძო სექტორი სტარტისთანავე იღებს. „როდესაც გადაწყვეტთ, რომ კერძო სექტორში წახვიდეთ, სახელმწიფო თქვენ გამზადებთ: გეხმარებათ, გაერკვეთ საგადასახადო სისტემაში, სადაზღვევო სისტემაში… სახელმწიფოს ინტერესში შედის, რომ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოთ – გახდეთ მეწარმე. ეს უბრალო გადაწყვეტილება არ არის – ეს დიდი პასუხისმგებლობაა როგორც სახელმწიფოს, ისე იმ დასაქმებულების წინაშე, ვისაც თქვენ დაასაქმებთ“, – ამბობს ბუთა დოლიძე.

კიდევ ერთი პირობა, რომელსაც ბუთა ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებლად მიიჩნევს, ბაზარზე სტაბილური თამაშის წესებია. „ეს ბევრად ეფექტიანი დახმარებაა, ვიდრე სუბსიდიები“, – ასეთია უკვე გამოცდილი მეწარმის შეფასება. მისთვის წარმოუდგენელია, მაგალითად, როგორ შეიძლება, მოულოდნელად გაიზარდოს გადასახადები ისე, რომ ბიზნესს არ ჰქონდეს დრო, თამაშის ახალ წესებს საფუძვლიანად მოერგოს. ავსტრიის ბიზნესგარემოს მონოპოლიებისგან თავისუფალი სტრუქტურაც იზიდავს: მაგალითად გარე რეკლამის შემთხვევა მოჰყავს, როცა ამ სფეროში მხოლოდ სახელმწიფო იყო ერთადერთი მოთამაშე, თუმცა როდესაც კერძო დაინტერესებულმა კომპანიამ იჩივლა და ბაზარზე დაშვება მოითხოვა – ასეც მოხდა. „დღეს ავსტრიაში ვერ ნახავთ სფეროს, სადაც კონკურენცია არ არის“, – ამბობს ბუთა დოლიძე.

ბიზნესში წასვლა მისთვისაც გააზრებული არჩევანი იყო. ინტერვიუდან ვიგებ, რომ პროფესიით გამოყენებითმა მათემატიკოსმა ავსტრიაში გადაბარგებამდე, ჩემს სკოლაში – 53-ეში – მაშინ ჯერ კიდევ საუნივერსიტეტო სკოლის დაწყებით კლასებში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობაც მოასწრო და შემდეგ ავსტრიის საელჩოში ტექნიკური მრჩევლის სტატუსიც მოირგო. თუმცა, როგორც „ფორბსის“ პროფაილის არაერთ გმირს უთქვამს ჩვენთვის, ბუთას ცხოვრებაშიც დადგა მომენტი, როცა აღარ მოუნდა, რომ სხვაზე დამოკიდებული ყოფილიყო. გასტრონომიის სკოლა, სომელიეს კურსები, ევროპის სერტიფიკატი –– და აგორდა და დაიწყო…

ავსტრიაში ქართული მარნის გახსნისთვის დიდ გადასახადებს ხომ არ დააწესებენ? – ვეკითხები და თან მინდა, რომ პასუხი უარყოფითი იყოს. მიმართლებს. ბუთა მიხსნის, რომ ქართული ქვევრი არა მხოლოდ კონკურენტული ღვინის ჭურჭელი, არამედ კულტურული მემკვიდრეობის საგანიც იქნება ავსტრიაში –– რაც მოგებიანია, რადგან გადასახადების გადახდა საჭირო აღარ იქნება.

მარანი უკვე შემდგარი თემაა. სამომავლო გეგმას ვეღარ დავარქმევთ. „ფორბსის” ახალ ნომრამდე ყველაფერი გამართული და აწყობილი იქნება. თუმცა ბუთას ამაზე შეჩერება არ სურს: „ვარსკვლავი უნდა მოვიპოვო, – მეუბნება. – მხოლოდ ვარსკვლავის შემთხვევაში გავხსნი ისევ რესტორანს. ქართული ღვინო უკვე ხელს მიწყობს. სისტემასაც კარგად ვიცნობ. ათწლიანი პროექტი ამოვიღე მიზანში. ავსტრიაში ჩემი რესტორანი თუ მექნება, ვარსკვლავით, ჩავთვლი, რომ მიზანს მივაღწიე“.

ათ წელს ვინც წინასწარ გეგმავს, ენთუზიაზმსა და ბიზნესალღოს არ აკლებს და პრინციპში, არც იღბალი აკლია, რადგან აქამდე მოვიდა –– მიზანშიც აუცილებლად მოარტყამს.

არ მეთანხმებით?