ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის განახლებულ ორგანულ რეგულაციებთან.
საქართველო ორგანული წარმოებისთვის ერთ-ერთი ხელსაყრელი გარემოა. თუმცა, მხოლოდ გარემო როგორც იტყვიან აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. იმისთვის, რომ საქართველოში ორგანული წარმოების სექტორმა გამართულად იმუშაოს და ჰქონდეს წვდომა ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია, მთელი რიგი საკანონმდებლო და სააღმსრულებლო ქმედებებია განსახორციელებელი.
ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, დღეს უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები განხორციელდა, რის შედეგადაც საქართველოს კანონმდებლობა უფრო დაუახლოვდება ევროკავშირის განახლებულ ორგანულ რეგულაციებს.
და რას ნიშნავს ეს ყველაფერი?…
ქართული კანონმდებლობის მიახლოება ევროკავშირის განახლებულ ორგანულ რეგულაციებთან, იგივე ჰარმონიზაციის პროცესი, ნიშნავს, რომ საქართველოში გაიზრდება ორგანულ წარმოებაზე სახელმწიფო ხელშეწყობა და ამასთანავე კონტროლი. ასევე, საქართველოში წარმოებული ბიო სერტიფიცირებული პროდუქტები მიუახლოვდებიან ევროკავშირისთვის მისაღებ სტანდარტებს და ქართველ მწარმოებლებს ბიო სერტიფიცირების პროცესი გაუმარტივდებათ. შედეგად, საქართველოში წარმოებულ ბიო სერტიფიცირებულ პროდუქტს უფრო გაუმარტივდება ევროკავშირის ბაზარზე რეალიზება.
ევროკავშირის ახალი რეგულაციები წევრ ქვეყნებში 2022 წლის იანვრიდან ოფიციალურად ამოქმედდა. ჯერ კიდევ მანამდე დადგა საჭიროება, რომ ქართული კანონმდებლობა ფეხდაფეხ აჰყოლოდა ამ ცვლილებებს. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ფორმალურად დასრულდა ადაპტირებული კანონმდებლობის განხილვა, რომლის უკან 2,5 წლიანი ინტენსიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით და ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით.
ცვლილებებისთვის მზადყოფნისთვის, 2020 წელს მოსალოდნელი ახალი რეგულაციები ითარგმნა ქართულ ენაზე და შეიქმნა მეწარმეებისთვის გამარტივებული გზამკვლევი. აღნიშნული სამუშაო ასევე მყარი საფუძველი გახდა შედარებითი ანალიზის ჩატარებისთვის და ეროვნული საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროების გამოსავლენად, რომელიც, ევროპელ ექსპერტებთან ერთად წარმატებით დასრულდა.
“პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად, რომელშიც ფერმერები და სურსათის მწარმოებელი კომპანიები თამამად შეძლებენ მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას, საკუთარი მომხმარებლების, განსაკუთრებით ორგანულ პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. – ამბობს პროექტ GRETA-ს ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი რიკარდო მონტანარი.
პროექტ გრეტას ფასილიტაციით გაფართოებულ ფორმატში გაიმართა დასკვნითი სამუშაო შეხვედრა, სადაც ესწრებოდა ყველა მთავარი მხარე ორგანული კანონმდებლობის საბოლოო ვარიანტზე შეჯერებისთვის. შედეგად, შექმნილი დოკუმენტი გადაეცემა საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
„შეხვედრა, რომელიც გაიმართა, ეძღვნებოდა ორგანული პროდუქტის წარმოებისა და ეტიკეტირების წესებს, განხილული იყო არამარტო მოთხოვნები თითოეული პროდუქტის წარმოების, არამედ სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული წესები. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იყო ის სერტიფიკაციის პროცედურები, რომლებიც ახალი ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრა. ეს გარკვეულწილად მოსამზადებელი ეტაპი იქნება იმ დაინტერესებული მხარეებისთვის და იმ ბიზნეს ოპერატორებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი პროდუქტი განათავსონ საქართველოს ბაზარზე, როგორც ორგანული ან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი“ – გვიყვება სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ქალბატონი ქეთევან ლაფერაშვილი.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი, „კავკასერტი“-ს დირექტორი, ბნ. დავით ბედოშვილი, გვიზიარებს თავის მოსაზრებას:
„ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შედეგად ჩვენთანაც გაიზრდება სახელმწიფო კონტროლი და ამის შედეგად გაიზრდება მომხმარებლების ნდობა, ასევე, გაიზრდება შიდა ბაზარი, რომელიც ახლა ამჟამად გაცილებით ნელა იზრდება, ვიდრე ექსპორტი ევროკავშირში.“
ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ხელშეწყობით, დღემდე განხორციელდა 1,5 მილიონამდე ლარის ოდენობის საგრანტო დახმარება საქართველოს მაღალმთიან რეგიონში მოღვაწე მეწარმეებისთვის. მიმდინარე ეტაპზე პროექტის 6 პარტნიორი ორგანიზაცია უკვე არის ორგანული სერტიფიკატის მფლობელი, ხოლო დამატებით 10 ორგანიზაცია ჩართულია სერტიფიცირების პროცესში. S
***
პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. დამატებითი ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ: www.gretaproject.ge
ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავსტრიის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.