არბიტრაჟი (ინგლისურად Arbitration) არის კერძო დავების მოგვარების ალტერნატიული საშუალება, რომელიც არ მიეკუთვნება სასამართლო სისტემას. არბიტრაჟს მოდავე მხარეები წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მიმართავენ, ანუ კონტრაქტში თავიდანვე უთითებენ, რომ თუ მათ შორის დავა წარმოიშობა, არბიტრაჟში გაარკვევენ სიმართლეს.
ყველაზე ცნობილი არბიტრაჟებია პარიზის, ლონდონის, სინგაპურის, ჰონგ-კონგისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის არბიტრაჟი.
არბიტრაჟი ბიზნესისა და ქონებრივი დავების დროს გამოიყენება. მისი უპირატესობა ის არის, რომ მაღალი სანდოობით სარგებლობს. ასევე, უფრო სწრაფად შეიძლება განიხილოს საქმე, ვიდრე ადგილობრივმა სასამართლომ, უფრო იაფი შეიძლება დაუჯდეს დავა მხარეებს და განხილვები წარიმართოს დახურულად. არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა.