რა არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო?

რა არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო?

ბიუჯეტის საოპერაციო სალდო (ინგლისურად operating balance) არის მიმდინარე შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა. თუ შემოსავალი ხარჯზე მეტია, საოპერაციო სალდო დადებითია, თუ შემოსავლები ხარჯებზე ნაკლებია, საოპერაციო სალდო უარყოფითია.

მიმდინარე შემოსავლები ყველა ის შემოსავალია, რაც არაა დაკავშირებული კომპანიის (ან მთავრობის) არაფინანსური და ფინანსური აქტივების გაყიდვასთან (შემცირებასთან) და საწარმოს (ან მთავრობის) საოპერაციო საქმიანობიდან გამომდინარეობს. იგივე ლოგიკაა მიმდინარე ხარჯებთან მიმართებით, ყველა ხარჯი მიმდინარეა, თუ არ იხარჯება არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდაზე. საოპერაციო სალდო კარგად უჩვენებს, რა შედეგზე გადის კომპანია უშუალოდ მისი საქმიანობიდან გამომდინარე.

საოპერაციო სალდო ქვეყნის ბიუჯეტშიც არის ცალკე გამოყოფილი, რაც აჩვენებს, მთავრობა ხარჯავს თუ არა იმაზე მეტ თანხას, რასაც მიმდინარე შემოსავლებიდან იღებს (ძირითადად, ეს არის გადასახადები, გრანტები, სახელმწიფო ქონებიდან შემოსავალი). კარგი პრაქტიკაა დადებითი საოპერაციო სალდო, ანუ შემოსავლები უნდა აჭარბებდეს ხარჯებს.