III კვარტალში საქართველოს 478.4 ათასი რუსი ესტუმრა | საიდან შემოდიან ვიზიტორები?

III კვარტალში საქართველოს 478.4 ათასი რუსი ესტუმრა | საიდან შემოდიან ვიზიტორები?

2023 წლის III კვარტალში საქართველოს 2.7 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, რაც 19.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 42.5 პროცენტი 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია (22.5% ზრდა), მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი 2.3 მილიონი შეადგინა (21% ზრდა).

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 15.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2023 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი, 478.4 ათასი (ჯამური რაოდენობის 24.4%) ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.9%-იანი წილით.

წყარო: საქსტატი

შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (571.4 ათასი), თურქეთის (498.9 ათასი) და სომხეთის (339.0 ათასი) მოქალაქეების მიერ.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ვიზიტი (58.9%) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტორების უმრავლესობა ესტუმრა აჭარის ა/რ-ს და თბილისს. გაწეული ხარჯები კი 4.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 7.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.