დივერსიფიკაცია (ინგლისურად Diversification) ქართულად მრავალფეროვნებას, ასევე გაფართოებას ნიშნავს. ეკონომიკაში ტერმინი დივერსიფიკაცია გამოიყენება, როგორც რესურსების (მაგალითად, ფინანსური) განთავსების ტექნიკა. ყველაზე ხშირად ტერმინი დივერსიფიკაცია ფინანსებში, საინვესტიციო პორტელებთან მიმართებით გვხვდება. საინვესტიციო პორტფელი აქტივების ერთობლიობაა, რომელიც მოიცავს აქციებს, ობლიგაციებს, ნაღდ ფულსა და მის ეკვივალენტებს, უძრავ ქონებას და ა.შ. შესაბამისად, საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირება ნიშნავს ამ პორტფელში შემავალი აქტივების რაც შეიძლება მეტად გამრავალფეროვნებას, გაფართოებას, რათა აქტივების ფასის ცვლილებით გამოწვეული რისკები შემცირდეს. მაგალითად, თუ პორტფელში შემავალი ერთ-ერთი კომპანიის აქციების ფასი მცირდება, ამან მნიშვნელოვანი ზიანი არ მიაყენოს საინვესტიციო პორტფელის მფლობელს. ამ მოვლენას კარგად აღწერს ცნობილი გამოთქმა: „ყველა კვერცხი ერთ კალათში არ უნდა ჩადო“. სწორედ ეს არის დივერსიფიცირება, როცა რისკების შესამცირებლად რამდენიმე კალათს იყენებ.
დივერსიფიკაცია ასევე მნიშვნელოვანია ვაჭრობაში, რომ მიმწოდებელი არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ მომხმარებელზე, ან პირიქით – მომხმარებელი არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ მიმწოდებელზე. მეტი დივერსიფიცირება ნაკლებ რისკს ნიშნავს.