რა არის ინფლაცია?

რა არის ინფლაცია?

ინფლაცია არის საქონლის და მომსახურების ფასების საერთო დონის ზრდა. მარტივად რომ ვთქვათ, პროდუქციის გაძვირება. როგორც წესი, ყოველთვის გარკვეული საქონელი და მომსახურება ძვირდება, გარკვეული კი იაფდება. ინფლაცია მხოლოდ მაშინ გვაქვს, თუ გაძვირების ეფექტი გაიაფების ეფექტზე მეტია. ინფლაციას ფულის მსყიდველობითი უნარის შემცირებასაც უწოდებენ, რადგან ფასების ზრდის გამო, მაგალითად, 100 ლარით ვეღარ ყიდულობ იმდენ საქონელს და მომსახურებას, რასაც ერთი თვის ან ერთი წლის წინ ყიდულობდი.

ინფლაციას  ქვეყნების სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურები ითვლიან, როგორც წესი, ერთთვიანი პერიოდით, ანუ აკვირდებიან, როგორ შეიცვალა ფასები ბოლო ერთ თვეში. ინფლაციის დასათვლელად სამომხმარებლო ფასების ინდექსს (სფი) იყენებენ. რადგან საინტერესოა არა ერთ ან ორი დასახელების პროდუქციაზე რამდენად შეიცვალა ფასები, არამედ საშუალოდ რამდენად შეიცვალა ფასები იმ მრავალრიცხოვან პროდუქციაზე, რაზეც ფულს ვხარჯავთ, სამომხმარებლო ფასების ინდექსში შეტანილი არის 300-მდე დასახელების საქონელი და მომსახურება. ეს ის 300-მდე საქონელი და მომსახურებაა, რაზეც ქვეყნის მოსახლეობა ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს, უფრო მეტად აუცილებელი მოხმარებისაა. ჩამონათვალი ღარიბი და საშუალო შემოსავლების მქონე მოსახლეობის ხარჯებთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მოსახლეობის მდიდარი ნაწილის.

სამომხმარებლო ფასების ინდექსში შემავალ 300-მდე საქონელს და მომსახურებას საკუთარი წონები აქვთ მინიჭებული. რაც მეტი წონა აქვს კონკრეტულ პროდუქტს, მის ფასის ცვლილებას უფრო მეტი გავლენა აქვს საბოლოო ინფლაციაზე. მაგალითად, პური ან შაქარი რომ ძვირდება 10%-ით, ეს გაცილებით მეტად ზრდის ინფლაციას, ვიდრე ნაყინი ან მსხალი რომ ძვირდება 10%-ით.

2020 წლის დეკემბერთან შედარებით, 2021 წლის დეკემბერში საქართველოში ფასები საშუალოდ 13.9%-ით იყო გაზრდილი, ინფლაციამ 13.9% შეადგინა. ცალკე აღებული სურსათი 15.6%-ით გაძვირდა. რადგან სურსათის წილი სამომხმარებლო ფასების ინდექსში 32%-ია, სურსათის გაძვირებამ საბოლოო ჯამურ ინფლაციაში (13.9%), 5%-იანი წილი შეიტანა (15.6-ის 32%).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *