რა არის აქცია?

რა არის აქცია?

აქცია არის კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი, რომლის მფლობელი ამ კომპანიის მეწილე ხდება. როდესაც კომპანიას ფული სჭირდება, შეუძლია ვალი აიღოს ან აქცია გამოუშვას და გაყიდოს. როდესაც აქციას ყიდის, ფულის სანაცვლოდ ბიზნესის გარკვეულ წილს უთმობს აქციონერს – ანუ იმ სუბიექტს, ვინც მისგან აქცია შეიძინა. ხშირად კომპანიებს ვალის აღებას აქციის გაყიდვა ურჩევნიათ, რადგან, როდესაც ვალს აიღებს, ვალდებულია, თანხა უკან დააბრუნოს, აქციის გაყიდვის დროს კი არა აქვს ვალდებულება, აქციონერს თანხა დაუბრუნოს. რისკი ბოლომდე აქციონერის მხარესაა.

ვინც აქციას ყიდულობს, რადგან მეწილე ხდება, მომავალში კომპანიის მოგებისგან წილს მიიღებს ან თუ კომპანიის საქმე კარგად მიდის, მის მიერ შეძენილი აქცია გაძვირდება და გადაყიდვით ფულს იშოვის. გარდა ამისა, აქციების მფლობელს (ძირითადად, გააჩნია იმას, თუ რამდენ აქციას ფლობს) შესაძლებლობა ეძლევა, კომპანიის მართვაში მიიღოს მონაწილეობა.

ძირითადად არსებობს ორი სახის აქცია – ჩვეულებრივი და პრივილეგირებული. ჩვეულებრივი აქციების მფლობელებს შეუძლიათ, დაესწრონ აქციონერთა კრებებს და გადაწყვეტილებებზე ხმის მიცემის უფლება აქვთ, თუმცა გარანტირებული არა აქვთ დივიდენდის მიღება. პრივილეგირებული აქციის დროს კი პირიქით, მისი მფლობელი არ ერევა კომპანიის მართვაში, მაგრამ გარკვეული მოცულობის დივიდენდი გარანტირებულად ეძლევა. აქციონერს ორივე სახეობის აქციის გაყიდვა შეუძლია.

კომპანიების მიერ აქციების გამოშვება და მათი ყიდვა-გაყიდვა ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს, რადგან თუნდაც ერთი აქციის ყიდვით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, კომპანიის ინვესტორი და მცირე წილის მფლობელი გახდეს. ეს ადამიანებს მოტივაციას უზრდით, დააგროვონ ფული და იყიდონ აქციები, დააკვირდნენ კომპანიების საქმიანობას, უფრო მეტად გაერკვნენ ბიზნესსა და ეკონომიკაში. მოსახლეობაში ფულის დაგროვებისაკენ მიდრეკილების ზრდა და ეკონომიკაში ცოდნის ამაღლება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად ეხმარება.

აქციებს ყიდიან ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა: „ეპლი“, „ტესლა“, „მაიკროსოფტი“, „გუგლი“ („ალფაბეტი“), „ფეისბუკი“ („მეტა“), „ფაიზერი“, „კოკა-კოლა“, „მაკდონალდსი“, „ტოიოტა“ „სონი“ და უამრავი სხვა კომპანია.

დატოვე კომენტარი

74 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *