რა არის მაკროეკონომიკა?

რა არის მაკროეკონომიკა?

მაკროეკონომიკა (ინგლისურად Macroeconomics) არის ეკონომიკის, როგორც მეცნიერების მიმართულება და შეისწავლის მომხმარებლებისა და მწარმოებლების აგრეგირებულ, ანუ ერთობლივ ქცევას. “Macro“ ქართულად დიდს ნიშნავს, ანუ “Macroeconomics“ ქართულად ითარგმნება, როგორც „დიდი ეკონომიკა“. დასახელებაში სიტყვა „დიდი“ გვხვდება, რადგან ის სწავლობს ისეთ თემებს, როგორებიცაა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, დასაქმება და უმუშევრობა, საპროცენტო განაკვეთები, ფულის მიწოდება, საგარეო ვაჭრობა, სახელმწიფო ბიუჯეტი, მთავრობის ვალი და ა.შ. მაკროეკონომიკის მიზანია, სწორად განმარტოს ეკონომიკური მაჩვენებლები და დაადგინოს, რა კავშირია მათ შორის, მაგალითად, როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ეკონომიკური ზრდა და ფულის მიწოდება, საპროცენტო განაკვეთები და ინფლაცია.

მაკროეკონომიკას ძირითადად ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტები სწავლობენ, თუმცა ის ზოგადი განათლების დისციპლინადაც არის მიჩნეული, რომ ყველა ადამიანმა იცოდეს, როგორ მუშაობს მომხმარებელი, ბიზნესი, ბაზრები და მთავრობა.