რა არის მონეტარული პოლიტიკა?

რა არის მონეტარული პოლიტიკა?

მონეტარული პოლიტიკა (ინგლისურად Monetary policy) არის იგივე ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომლის მეშვეობით ეროვნულ ბანკს ქვეყანაში არსებულ ფულის ბაზარზე აქვს გავლენა. ფულის ბაზარზე გავლენა ეროვნულ ბანკს ინფლაციური პროცესების კონტროლისთვის სჭირდება. მონეტარული პოლიტიკის მიზანი დაბალი ინფლაციის შენარჩუნებაა.

ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას რამდენიმე ინსტრუმენტის მეშვეობით ახორციელებს. ესენია: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ლიკვიდურობის მართვა (ნაღდი ფულის მიწოდება), ღია ბაზრის ოპერაციები (მაგალითად, სადეპოზიტო სერტიფიკატების ყიდვა-გაყიდვა), მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, ერთდღიანი სესხები და სავალუტო აუქციონები. ყველა ეს ინსტრუმენტი ფულის ბაზრისა და ფასების სტაბილურობას ემსახურება. როდესაც ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა, ეროვნული ბანკი აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენებით მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს (ეკონომიკის დაკრედიტების ტემპს ამცირებს) და როდესაც დაბალი ინფლაციაა, მონეტარულ პოლიტიკას არბილებს (ეკონომიკის დაკრედიტების ტემპს ამაღლებს).