პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) (Foreign direct investment – FDI) არის გრძელვადიანი კაპიტალდაბანდება ბიზნესში, რომელსაც უცხოელი (არარეზიდენტი პირი) ახორციელებს. ინვესტიცია რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად ჩაითვალოს, არარეზიდენტი პირი ადგილობრივ კომპანიაში (მაგალითად, უცხოელი საქართველოში რეგისტრირებულ (რეზიდენტ) კომპანიაში) უნდა ფლობდეს საწარმოს აქციების ან საწესდებო კაპიტალის მინიმუმ 10%-ს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიცავს როგორც ახალი საწარმოს დაფუძნებას, ასევე მოქმედ საწარმოში წილის შეძენას, უძრავი ქონების ყიდვას, რეინვესტირებულ მოგებას, სესხის გაცემას, საქონლისა და მომსახურების მიწოდებას და ა.შ. აუცილებელია, აღნიშნული ეკონომიკური ოპერაციები ინვესტორსა და პირდაპირი ინვესტირების საწარმოს შორის ხორციელდებოდეს. შესაბამისად, პუი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: სააქციო ან საწესდებო კაპიტალი, რეინვესტიცია და ვალდებულებები (სესხები).
პუი-ებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზრდის ქვეყანაში წარმოებას და დასაქმებას, შემოაქვს უცხოური ვალუტა, ცოდნა და ტექნოლოგიები.