ყადაღა, იგივე აქტივების, ქონების გაყინვა არის სამართლებრივი ღონისძიება, რომლის შედეგად მესაკუთრეს ეკრძალება თავისი საკუთრების განკარგვა და ნებისმიერი ფორმით მისით სარგებლობა. მესაკუთრე ინარჩუნებს დაყადაღებული ქონების მხოლოდ ფლობის უფლებას, თუმცა ქვეყნების კანონმდებლობიდან გამომდინარე, შესაძლოა, სხვადასხვა სიმკაცრის ყადაღა არსებობდეს და გარკვეულ გამონაკლისებს უშვებდეს. ყადაღა შეიძლება გავრცელდეს როგორც ადამიანის, როგორც ფიზიკური პირის, ასევე კომპანიისა და სახელმწიფო ქონებაზე.
ყადაღა შეიძლება დაედოს უძრავ და მოძრავ ქონებას, საბანკო ანგარიშებს, მარაგებს, აქციებს და ა.შ. ყადაღის დადებას უშუალოდ აღსრულების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო სტრუქტურები ახორციელებენ, მაგალითად, საქართველოში ასეთი გახლავთ აღსრულების ეროვნული ბიურო და შემოსავლების სამსახური.
ქონების დაყადაღება ძირითადად ხდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქონების მფლობელს აქვს საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, ან ვალს ვერ იხდის, ან მისი ქონება სადავოა და სასამართლოში მიმდინარეობს განხილვა. დაყადაღებას იმისთვის მიმართავენ, რომ მფლობელმა ვერ მოასწროს ქონების გაყიდვა ან დროებით გასხვისება, რადგან შესაძლოა, ეს ქონება გამოყენებულ იქნას კომპენსაციისთვის მთავრობის, მევალის ან სხვა მოდავე მხარის სასარგებლოდ.