რა არის რევალვაცია?

რა არის რევალვაცია?

რევალვაცია (ინგლისურად Revaluation) არის ეროვნული ვალუტის ღირებულების ზრდა სხვა ქვეყნის ვალუტის მიმართ, როდესაც ეს სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნური ჩარევით ხდება. როდესაც მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა ოქროს რაოდენობასთან იყო მიბმული, რევალვაცია ნიშნავდა ოქროს მიმართ ფულის გამყარებას (ნაკლები ფული გჭირდებოდა 1 გრამი ოქროს საყიდლად). დღეს კი რევალვაცია რომელიმე საერთაშორისო ვალუტის მიმართ გაცვლითი კურსის შემცირებაა, რასაც ძირითადად ცენტრალური ან ეროვნული ბანკები ახორციელებენ. მაგალითად, თუ 1 დოლარი ღირდა 3.0 ლარი და მთავრობის მხრიდან ხელოვნური ჩარევით გახდა 2.7, ეს არის ვალუტის რევალვაცია.

ოფიციალურად, რევალვაციას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როდესაც ქვეყანას ფიქსირებული გაცვლითი კურსი აქვს ანუ ქვეყნის ცენტრალური ბანკის განცხადებული პოლიტიკაა, რომ ვალუტის კურსი არ შეიცვლება. თუ ასეთ პირობებში ცენტრალური ბანკი ახალ ფიქსირებულ კურსზე გადავა, რომელიც აქამდე არსებულზე დაბალი იქნება, ადგილი აქვს ვალუტის რევალვაციას. თუმცა დღეს ზოგიერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკი, რომელსაც ოფიციალურად თავისუფალი მცურავი კურსი აქვს, ანუ სავალუტო ბაზარი განსაზღვრავს ვალუტის კურსს, ზოგჯერ მაინც მიმართავს ხელოვნურ ჩარევას კურსის ზრდის ან შემცირების მიზნით.