FT: მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მიხედვით ბიზნესსკოლების რეიტინგი

FT: მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მიხედვით ბიზნესსკოლების რეიტინგი

გამოცემა Financial Times-მა მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მიხედვით, ბიზნესსკოლების უახლესი რეიტინგი გამოაქვეყნა. 2023 წლის მონაცემებით, სიას HEC Paris-ი ლიდერობს, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ შვეიცარიის „სენტ გალენის უნივერსიტეტსა“ და წამყვან თორმეტეულში შემავალ ოთხ სხვა ფრანგულ სკოლას უსწრებს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის რეიტინგში, ყველაზე მეტი, 21 პოზიციით სწორედ საფრანგეთია წარმოდგენილი. საფრანგეთის შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო, ათი დაწესებულებით – მათ შორისაა „ლონდონის ბიზნესსკოლა“ მესამე ადგილით. თუმცა, ევროპის რეგიონის ლიდერობის მიუხედავად, რეიტინგში ბიზნესსკოლებს მსოფლიოს სხვა წერტილებიდანაც შევხვდებით. მათ შორის, Financial Times-ის მიმდინარე წლის ასეულში თერთმეტი ინდური სკოლა მოხვდა, ასევე სამი სკოლა კონტინენტური ჩინეთიდან და ორიც ჰონგ-კონგიდან.

რაც შეეხება ამერიკას, შეერთებული შტატებიდან FT MiM-ის რეიტინგში მხოლოდ ორ დაწესებულებას ვხვდებით, ესენია: „სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტი“ და „ჰალტის ბიზნესსკოლა“. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში, აშშ-ის უნივერსიტეტები ბიზნესის მიმართულებით პროგრამების შეთავაზებებს ზრდიან და, მაგალითად, „ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბუტის ბიზნესსკოლა“ წელს პირველ ნაკადს იღებს. ეს კი ნაწილობრივ თავად აშშ-ის ინტერესებს ემსახურება – შესთავაზონ სტუდენტებს იაფი და სწრაფი გზა ბიზნესის შესასწავლად, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალგაზრდა და შედარებით დაბალი ანაზღაურების მუშახელი უზრუნველყონ.

Financial Times-ის რეიტინგში უნივერსიტეტები მონაწილეობისა და ინფორმაციის გაზიარების გადაწყვეტილებას თავადვე იღებენ. სიაში მოსახვედრად, ყველა უნივერსიტეტი აშშ-ის AACSB-ის ან ევროპის EFMD Equis-ის სააგენტოს მიერ უნდა იყოს აკრედიტებული. რეიტინგის შედგენისას ყურადღება ექცევა სწავლის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ კურსდამთავრებულთა მიერ მიღწეულ შედეგებს, მათ შორის ანაზღაურებას და ანაზღაურების ზრდას, რომელსაც რეიტინგის კრიტერიუმებს შორის ყველაზე მაღალი, 16%-იანი და 10%-იანი წონა აქვს.

საერთო ჯამში, რეიტინგი 19 კრიტერიუმის მიხედვითაა შედგენილი. რვა კრიტერიუმი კურსდამთავრებულთა პასუხების მიხედვით ფასდება, რომელთაც, კოლექტიურად, რეიტინგის 56% უკავია, ხოლო სკოლის მონაცემებით შეფასებულ 11 კრიტერიუმს 44% აქვს. მეთოდოლოგია ასევე ითვალისწინებს სკოლების ვალდებულებას, წარადგინონ წმინდა ნულოვანი ემისიების სამიზნე, გამოაქვეყნონ შესაბამისი ანგარიშები და შეასწავლონ მდგრადობასთან დაკავშირებული საკითხები მათ ძირითად კურსებში.

სწავლის დასრულებიდან სამ წელიწადში, ანაზღაურების მიხედვით, პირველ ოთხ პოზიციას ინდოეთის უნივერსიტეტები იკავებენ (საერთაშორისო მსყიდველუნარიანობის პარიტეტის შესაბამისად) – პირველ ადგილზე „აჰმედაბადის მენეჯმენტის ინსტიტუტია“, $137,919-ით, ხოლო ევროპაში ლიდერი HEC Paris-ია, $129,806-ით.

ცნობისთვის, MiM-ის პროგრამებს შორის საშუალო ანაზღაურება 2017 წლის შემდეგ $5,000-ითაა გაზრდილი. ამის მიუხედავად, გენდერული უთანასწორობა კვლავაც შენარჩუნებულია და ქალები 19%-ით უფრო ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე მათი კოლეგა მამაკაცები. გავრცელებული ინფორმაციით, ხელფასები გასულ წელს, პანდემიის პერიოდში გაიზარდა, თუმცა ალუმნის საშუალო ანაზღაურება 2019 წელთან შედარებით ($79,026) შემცირებულია და 2023 წლის მონაცემებით, $78,325-ს უტოლდება.

Financial Times-ის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მიხედვით ბიზნესსკოლების 2023 წლის რეიტინგი:

  1. HEC Paris – საფრანგეთი – ანაზღაურება: $129,806
  2. „წმინდა გალენის უნივერსიტეტი“ – შვეიცარია – $129,264
  3. „ლონდონის ბიზნესსკოლა“ – გაერთიანებული სამეფო – $114,438
  4. ESCP ბიზნესსკოლა – საფრანგეთი – $102,362
  5. Essec-ის ბიზნესსკოლა – საფრანგეთი – $108,393
  6. „ცინგხუას უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლა“ – ჩინეთი – $128,461
  7. EMLyon-ის ბიზნესსკოლა – საფრანგეთი – $101,747
  8. Esade-ის ბიზნესსკოლა – ესპანეთი – $112,183
  9. SDA-ის ბიზნესსკოლა – იტალია – $102,910
  10. „როტერდამის მენეჯმენტის სკოლა“ – ნიდერლანდები – $108,864