რა არის საინვესტიციო ფონდი?

რა არის საინვესტიციო ფონდი?

საინვესტიციო ფონდი (ინგლისურად Investment Fund) არის კოლექტიური საინვესტიციო სქემა, რომელიც ინვესტორებისგან იზიდავს კაპიტალს და აღნიშნული კაპიტალის ინვესტირებას ახდენს ინვესტორების სასარგებლოდ. საინვესტიციო ფონდში ინვესტირების შემდეგ, ინვესტორი იღებს გარკვეული რაოდენობის აქციებს, ანუ ის ფონდის თანამესაკუთრე ხდება. ფონდი ბევრი მცირე და საშუალო ინვესტიციას უყრის თავს, რომელთაც შემდეგ სხვადასხვა აქტივში აბანდებს.

საინვესტიციო ფონდები ეკონომიკაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას ქმნიან. ქვეყნებში, სადაც ფასიანი ქაღალდების ბაზრები განვითარებულია, საინვესტიციო ფონდები მსხვილი მოთამაშეები არიან. ისინი არიან ბანკების ერთგვარი ალტერნატივა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ფასიანი ქაღალდების გაყიდვით დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა სურთ. ფასიან ქაღალდებს ხშირად საინვესტიციო ფონდები ყიდულობენ, რომლებმაც, თავის მხრივ, მრავალი ადამიანის დანაზოგს მოუყარეს თავი.