რა არის სახაზინო ვალდებულებები?

რა არის სახაზინო ვალდებულებები?

სახაზინო ვალდებულებები (ინგლისურად Treasury Bills) არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული მოკლევადიანი, მაქსიმუმ ერთწლიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. როდესაც ქვეყნის ბიუჯეტი დეფიციტურია, ანუ ბიუჯეტის ხარჯები შემოსავლებს აჭარბებს, ფინანსთა სამინისტრო ყიდის სახაზინო ვალდებულებებს. სახაზინო ვალდებულების მყიდველი ამ გზით ფინანსთა სამინისტროს თანხას ასესხებს გარკვეული ვადით და პროცენტით. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მთავრობა სახაზინო ვალდებულების მფლობელს ძირ თანხას პროცენტთან ერთად გადაუხდის.

თუ სახაზინო ვალდებულება 1 წელზე მეტი ვადის არის, ამ შემთხვევაში მას სახაზინო ობლიგაცია ეწოდება. 1 წლამდე ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებისგან ობლიგაცია მხოლოდ ვადით არ განსხვავდება. ობლიგაციის შემთხვევაში, მისი მფლობელისთვის (ანუ ფულის მიმსესხებლისთვის) სარგებლის გადახდა პერიოდულად ხდება. მაგალითად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 1-დან 10 წლამდე სახაზინო ობლიგაციებს უშვებს და დარიცხულ სარგებელს (ანუ კუპონს) 6 თვეში ერთხელ იხდის.

სამთავრობო ფასიანი ქაღალდები (ვალდებულებები და ობლიგაციები) მინიმალური რისკიანობით ხასიათდება. ამასთან, მათ მფლობელებს აღნიშნული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა შეუძლიათ.