რა არის სადეპოზიტო სერტიფიკატი?

რა არის სადეპოზიტო სერტიფიკატი?

სადეპოზიტო სერტიფიკატი (ინგლისურად Certificates of Deposit) არის ფასიანი ქაღალდი, რომელსაც დეპოზიტის მიმღები საფინანსო ორგანიზაცია გასცემს. ყველაზე ხშირად სადეპოზიტო სერტიფიკატს ბანკები გასცემენ.

სადეპოზიტო სერტიფიკატში თანხის გადახდა განსხვავდება ბანკში ანაბარზე თანხის შეტანისგან. ანაბრიდან თანხის გამოტანა მეანაბრეს ნებისმიერ დროს შეუძლია გარკვეული საკომისიოს (ან პირგასამტეხლოს) გადახდის შემთხვევაში, მაგრამ სადეპოზიტო სერტიფიკატში გადახდილი თანხის უკან მიღება მხოლოდ სერტიფიკატის ვადის ამოწურვის შემდეგ არის შესაძლებელი. სერტიფიკატის ვადიანობა ერთი თვიდან დაწყებული მრავალი წელი შეიძლება იყოს. რაც მეტია სერტიფიკატის ვადიანობა, მისი გამცემი უფრო მეტ პროცენტს უხდის სერტიფიკატის მესაკუთრეს.

ანაბარზე თანხის განთავსებასთან შედარებით სადეპოზიტო სერტიფიკატის უპირატესობა ის არის, რომ სერტიფიკატის გამცემი უფრო მაღალ პროცენტს იხდის. მაგალითად, თუ 1,000 ლარს 1 წლით განათავსებთ ბაკში, ბანკმა შესაძლოა შემოგთავაზოთ 10%-იანი წლიური განაკვეთი, მაგრამ თუ ბანკისგან 1,000 ლარად 1-წლიან სადეპოზიტო სერტიფიკატს იყიდით, 10%-ზე მეტს გადაგიხდით. ბანკი სერტიფიკატში უფრო მაღალ პროცენტს იხდის, რადგან მას გარანტირებულად რჩება 1,000 ლარი სერტიფიკატის ვადის ამოწურვამდე, ანუ განაღდებამდე.

სადეპოზიტო სერტიფიკატის უპირატესობა ისიც არის, რომ ის ფასიანი ქაღალდია და მესაკუთრეს მისი გაყიდვა შეუძლია.