სავალუტო აუქციონი (ინგლისურად Foreign Exchange Auction) არის ეროვნული/ცენტრალური ბანკების სავალუტო პოლიტიკის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით ყიდიან ან ყიდულობენ უცხოურ ვალუტას ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე. ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი არის კომერციულ ბანკებს შორის ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ადგილი. დღეს სავალუტო აუქციონი სრულად ციფრულია და სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით მიმდინარეობს.
საქართველოში სავალუტო აუქციონი ტარდება ბლუმბერგის პლატფორმაზე. აუქციონზე მონაწილეობის უფლება ყველა კომერციულ ბანკს აქვს. აუქციონის ჩატარების შესახებ ეროვნული ბანკი აუქციონამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე ატყობინებს კომერციულ ბანკებს. სავალუტო აუქციონზე თითო ბანკიდან დასაშვებია მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენა. აუქციონში გამარჯვებულ ბანკებთან ანგარიშსწორება ხდება მომდევნო საბანკო დღეს.
ეროვნული/ცენტრალური ბანკისგან უცხოური ვალუტის ყიდვა ან გაყიდვა ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე ზეგავლენის მიზნით ხორციელდება. ზოგჯერ ვალუტის შეძენის მიზეზი ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდაა.