რა არის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot-ი და რატომ ითხოვს მას უკრაინა?

რა არის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot-ი და რატომ ითხოვს მას უკრაინა?

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დადასტურებული ინფორმაციით, აშშ უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ის დამატებით რაკეტებს გაუგზავნის. დონალდ ტრამპს შეიარაღების რაოდენობის შესახებ სხვა ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა აღნიშნა, რომ შეიარაღებას უკრაინისათვის ევროპული სახელმწიფოები შეიძენენ და მას აშშ უსასყიდლოდ არ გასცემს.

უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებისაგან Patriot-ის გამშვები დანადგარებისა და რაკეტების მიწოდებას უკვე რამდენიმე თვეა, ითხოვს. განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ ბოლო პერიოდში რუსეთმა უკრაინაზე რამდენიმე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. სტატიაში წარმოგიდგენთ ინფორმაციას, თუ რატომ ითხოვს უკრაინა აღნიშნულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს და რამდენად ეფექტიანია ის საჰაერო თავდაცვისთვის.

რა არის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot-ი?

Phased Array Tracking Radar for Intercept On Target – აკრონომით Patriot-ი, მობილური მიწა-ჰაერი-კლასის სარაკეტო თავდაცვის სისტემაა, რომელიც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა Raytheon Technologies-მა გასულ საუკუნეში შექმნა. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი თავის კლასში ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ჰსთ-სისტემად მიიჩნევა და ის აშშ-ის არმიის შეიარაღებაში 1980-იანი წლებიდან ოპერირებს.

Patriot-ის ბატარეა რამდენიმე ტიპის დანადგარისაგან შედგება: სარადარე მოწყობილობა, მართვის პუნქტი, ელექტროკვების დანადგარი, რაკეტის გამშვები დანადგარი და დამხმარე-ლოგისტიკური მანქანები.

სისტემა ისეთი საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენება, როგორებიცაა: საბრძოლო თვითმფრინავები, ტაქტიკური ბალისტიკური და საკრუიზო  რაკეტები და სხვა. აღნიშნული დამოკიდებულია იმ გზაგადამჭრელ რაკეტაზე, რომელსაც საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი კონკრეტულ შემთხვევაში იყენებს.

როგორ მუშაობს Patriot-ი?

როგორც აღვნიშნეთ, სისტემის შესაძლებლობები გზაგადამჭრელი რაკეტის მოდიფიკაციის შესაბამისად განსხვავდება. მაგალითად, უფრო ძველი PAC-2 ტიპის გზაგადამჭრელი რაკეტა ფეთქებადი საბრძოლო თავაკითაა აღჭურვილი და ის სამიზნესთან მიახლოებისას დეტონირდება, რაც სამიზნის განადგურებას იწვევს. შედარებით თანამედროვე PAC-3 ტიპის რაკეტა კი მოწინავე ტექნოლოგიას იყენებს და საჰაერო სამიზნეს ზუსტად ხვდება. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის რადარის დაფარვის რადიუსი 160 კილომეტრია.

უცნობია, თუ რა სახის რაკეტების მიწოდებას განიხილავენ უკრაინისათვის, თუმცა, სხვადასხვა ვარაუდით, შესაძლებელია ეს PAC-3 CRI ტიპის გზაგადამჭრელი რაკეტები გახლდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად კომპლექსი ჰიპერბგერითი რაკეტების გასანეიტრალებლად არ შექმნილა, 2023 წლის მაისში აშშ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა Kinzhal-ი სწორედ Patriot-ით გაანადგურა. მწარმოებლის ინფორმაციით, 2015 წლის იანვრიდან დღემდე სხვადასხვა საომარ სიტუაციაში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა 150-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტის გადაჭერა შეძლო.

Patriot-ის გამოყენების გეოგრაფიული არეალი

Raytheon-ის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დღემდე სულ 240 გამშვები დანადგარი აწარმოა. აღნიშნული დანადგარები კი აშშ-ის გარდა 18 ქვეყანაშია ექსპორტირებული. მათ შორისაა: გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, იაპონია, კატარი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, იორდანია, ქუვეითი, ნიდერლანდები, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი, ტაივანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ისრაელი. არსებული ინფორმაციით, მომავალში აღნიშნული სისტემების მაროკოსა და შვეიცარიისთვის მიყიდვაც იგეგმება.

რა ღირს Patriot-ის გამშვები დანადგარი და გზაგადამჭრელი რაკეტები?

CSIS-ის მონაცემებით, ერთი ბატარეა Patriot-ის ღირებულება $1 მილიარდია, საიდანაც $400 მილიონი – გამშვები სისტემის, $690 მილიონი კი ბატარეისთვის განკუთვნილი რაკეტების ღირებულებაა. ერთი ერთეული გზაგადამჭრელი რაკეტის ღირებულება საშუალოდ $4 მილიონია, რაც მოდიფიკაციის შესაბამისად განსხვავდება.

რატომ სურს უკრაინას უფრო მეტი Patriot-ის მიღება?

როგორც აღვნიშნეთ, ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან გახშირებული სარაკეტო თავდასხმების ფონზე, უკრაინის ცა სულ უფრო დაუცველი ხდება. განსაკუთრებით იმ გარემოების გამო, რომ ჰსთ-სისტემებისათვის განკუთვნილი რაკეტების მარაგები მინიმუმამდეა შემცირებული.

შესაბამისად, უკრაინის მთავრობა პარტნიორებისაგან მეტი გამშვები დანადგარისა და რაკეტების მიწოდებას ითხოვს. გამანადგურებლებისა და ბალისტიკური რაკეტების გარდა, Patriot-ს დრონების გასანადგურებლადაც იყენებენ. თუმცა დაბალბიუჯეტური კამიკაძე დრონის ძვირადღირებული გზაგადამჭრელი რაკეტით განადგურება საკმაოდ არაეფექტიანი და ძვირი ალტერნატივაა.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინისათვის დამატებით Patriot-ების გადაცემა ომის პირდაპირი ესკალაციაა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რამდენჯერმე გავრცელებული განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მშვიდობის მიღწევის პერსპექტივას გააჭიანურებს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.