რა არის სესხის ლიმიტის კანონპროექტი, რომელმაც აშშ-ს დეფოლტი თავიდან ააცილა?

რა არის სესხის ლიმიტის კანონპროექტი, რომელმაც აშშ-ს დეფოლტი თავიდან ააცილა?

შაბათს პრეზიდენტმა ბაიდენმა $3.14-ტრილიონიანი ვალის ზღვრის შეჩერების შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა. სესხის ლიმიტის შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისტორიაში პირველი დეფოლტის თავიდან აცილებაში დაეხმარება.

კანონპროექტი, ცნობილი როგორც „ფისკალური პასუხისმგებლობის აქტი 2023“, წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას, მას შემდეგ დაამტკიცა, რაც ბაიდენსა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ კევინ მაქკარტის შორის გამართული დაძაბული მოლაპარაკებების სერია შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმების მიღწევამდე, სახაზინო დეპარტამენტმა აშშ-ის კონგრესი გააფრთხილა, რომ ორშაბათს გადასახადების სრულად დაფარვას ვერ შეძლებდნენ და მყისიერი მოქმედებისკენ მოუწოდა. ხელმოწერის ცერემონია, რომელიც ბოლო თვეების კრიზისის ერთგვარ სიმბოლურ დასასრულს წარმოადგენდა, პრესისთვის დახურულად წარიმართა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა კანონპროექტზე შეთანხმების მიღწევისთვის დემოკრატიული და რესპუბლიკური პალატისა და სენატის ლიდერებს, სპიკერ მაქკარტის, ლიდერ ჯეფრის, ლიდერ შუმერსა და ლიდერ მაქკონელს მადლობა გადაუხადა. მოგვიანებით შეთანხმებაზე ხელმოწერის აღმბეჭდავი ათწამიანი ვიდეომასალაც გავრცელდა. „შეთანხმების მიღწევას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, ამერიკელმა ხალხმა მიიღო ის, რაც სჭირდებოდა“, – განაცხადა ბაიდენმა.

რა არის სესხის ლიმიტი?

სესხის ლიმიტის კანონპროექტი იმ თანხის სრულ მოცულობას ზღუდავს, რომლის ვალად აღების უფლებაც გადასახადების გადასახდელად მთავრობას გააჩნია. აღნიშნული მოიცავს ფედერალური თანამშრომლების, სამხედროების, სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის გადასახადებს, ასევე ეროვნული ვალისა და გადასახადების დაბრუნების პროცენტს. უფრო მეტი თანხის სესხად ასაღებად, აშშ-ის კონგრესი ლიმიტის გაზრდასა და შეჩერების გადაწყვეტილებას კენჭს ხშირად უყრის.

ამჟამად აშშ-ის ვალის ლიმიტი $31.4 ტრილიონს უტოლდება. ლიმიტი იანვარში უკვე დაირღვა, თუმცა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, გაურკვევლობიდან თავის დაღწევამდე მთავრობისთვის დამატებითი თანხის მისაწოდებლად, „განსაკუთრებული ზომები“ გამოიყენა. ძირითადად, საჭიროებისამებრ ლიმიტის გაზრდაზე შეთანხმება კონგრესისთვის ფორმალობა გახლდათ, თუმცა მხარეების პარალიზების ზრდამ, მიმდინარე წელს შეთანხმების მიღწევას ხელი შეუშალა. ხაზინის მდივან ჯანეტ იელენის გაფრთხილებით, დამატებითი სესხის აღების გარეშე, შტატებს ხუთ ივნისამდე ყველა ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად საკმარისი თანხა არ ექნება.

გასულ თვეში, რესპუბლიკელებმა შემდეგი ფისკალური წლის განმავლობაში ძირითადი სააგენტოებისთვის დანახარჯების 2022 წლის დონეზე შენარჩუნების წინადადება წამოაყენეს. რესპუბლიკელების შეთავაზება მომდევნო ათწლეულში, ყოველწლიურად ზრდის 1%-მდე შეზღუდვასაც მოიაზრებდა, თუმცა შეთავაზება ანულირებას უკეთებდა ბაიდენის ადმინისტრაციის ძირითად პრიორიტეტებს, მათ შორის სტუდენტური სესხების გაუქმებასა და ელექტრომობილებისთვის საგადასახადო შეღავათებს.

საბოლოოდ, რესპუბლიკელებმა სრულად ვერ მიიღეს ის, რაც სურდათ, თუმცა არც დემოკრატები დარჩნენ ერთპიროვნულად მოგებულნი. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება 2024 წლისთვის არათავდაცვის ბიუჯეტებს გაყინავს, რასაც მომდევნო წელს 1%-იანი მატება მოჰყვება, ხოლო 2025 წლის შემდეგ ბიუჯეტის ლიმიტები აღარ იარსებებს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად რესპუბლიკელები 2022 წლის ფისკალურ დონეზე დანახარჯების ლიმიტის შენარჩუნებას ათი წლით და არათავდაცვითი საშინაო ხარჯების დრამატულ შემცირებას ითხოვდნენ. მიუხედავად ამისა, თეთრმა სახლმა ხარჯების 2023 წლის ფისკალურ დონეზე ორი წლით შენარჩუნება გადაწყვიტა.

საბოლოოდ, კანონპროექტს მხარი რესპუბლიკელთა მიერ კონტროლირებულმა პალატამ, 314-117-ის წინააღმდეგ, ხოლო დემოკრატების კონტროლირებულმა სენატმა 63-36-ის წინააღმდეგ დაუჭირა.