Forbes: იაპონიის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი

Forbes: იაპონიის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი

პოსტპანდემიურ ეპოქაში იაპონიის ეკონომიკური განვითარება უწინდელ მდგომარეობას უბრუნდება. 2023 წლის პირველი კვარტალი ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა. უკანასკნელი ცნობილი მონაცემიდან დღემდე იაპონიის საფონდო ბირჟა ჯამურად 11%-ით გაიზარდა, რამაც იაპონიის 50 უმდიდრესი ადამიანის ქონება ორნიშნა რიცხვის პროცენტით გაზარდა. ჯამში, იაპონიის ორმოცდაათი უმდიდრესი ადამიანის ქონება ამჟამად 192 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

წარმოგიდგენთ იაპონიის ათი ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგს:

  1. ტადაში იანაი ($35.4 მლრდ)

ტადაში იანაის ქონება წელს ყველაზე მეტად გაიზარდა. ზრდამ 11.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც იანაიმ იაპონიის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა. მისი საცალო გაყიდვების ბიზნესის, ტანსაცმლის მაღაზიების ქსელის, Uniqlo-ს გაზრდილმა გაყიდვებმა ტადაში იანაის ქონება 50%-ით, 35.4 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

  1. ტაკემიცუ ტაკიზაკი ($22.6 მლრდ)

იაპონიის მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი სენსორების მწარმოებელი კომპანიის, Keyence-ის დამფუძნებელი ტაკემიცუ ტაკიზაკი გახლავთ. წელს მისი ქონება 1 მილიარდით გაიზარდა და საერთო ჯამში 22.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

  1. მასაიოში სონი ($20.9 მლრდ)

იაპონიის მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანი ამჟამად მასაიოში სონია. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ქონებამ წელს მცირედით იკლო, ის 20.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. SoftBank Group-ის აქციონერის ქონება კომპანიის არასახარბიელო ფისკალური წლის გამო შემცირდა.

  1. ნობუტადა საჯი ($10.3 მლრდ)

მეოთხე პოზიციაზე საკვებისა და სასმელების მწარმოებელი კომპანიის, Suntory Holdings-ის თავმჯდომარე გახლავთ. 1899 წელს დაარსებული კომპანიის წყალობით, რომელმაც 2014 წელს ამერიკული Jim Beam და Mark bourbon-ი შეისყიდა, ნობუტადა საჯი 10.3 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს.

  1. ტაკაჰისა ტაკაჰარა ($7.5 მლრდ)

თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი კომპანიის, Unicharm-ის დამფუძნებელი 7.5 მილიარდი აშშ დოლარით იაპონიის მეხუთე ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი ქონება 2023 წელს 1.1 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც კომპანიის გაყიდვების 22%-ით მატებამ განაპირობა.

  1. ძმები იტოები ($4.7 მლრდ)

იაპონიის უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველად მოხვდნენ ძმები იტოები. მათ მამისგან, მასატოში იტოსაგან მემკვიდრეობით საცალო გაყიდვების გიგანტი, 7-Eleven-ი და, შესაბამისად, 4.7 მილიარდი დოლარი მიიღეს. ძმების მამა, ცნობილი იაპონელი მილიარდერი 2023 წლის მარტში გარდაიცვალა.

  1. ჰიდეიუკი ბუსუჯიმა ($4.1 მლრდ)

ჰიდეიუკი ბუსუჯიმა Sankyo-ს დამფუძნებლის, კუნიო ბუსუჯიმას შვილი გახლავთ. იგი დანადგარების მწარმოებელი კომპანიის თავმჯდომარეა და მამისაგან მიღებული კომპანიის აქციების წყალობით იაპონიის მეშვიდე ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი ქონება 4.1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

  1. აკიო ნიტორი ($4 მლრდ)

აკიო ნიტორი იაპონიის მერვე ყველაზე მდიდარი ადამიანი და სახლის ავეჯის ქსელის Nitori Holdings-ის დამფუძნებელია. კომპანია იაპონიაში 800-მდე მაღაზიას ფლობს და მისი აქციები ტოკიოს საფონდო ბირჟაზეც ივაჭრება. ქსელს მაღაზიები აქვს ტაივანში, ჩინეთსა და აშშ-შიც. აკიო ნიტორის ქონება 4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

  1. მასაჰირო ნოდა ($3.9 მლრდ)

სისტემების ინტეგრირებისა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის, Obic-ის დამფუძნებელი მასაჰირო ნოდა იაპონიის მეცხრე ყველაზე მდიდარი ადამიანია. ნოდამ კომპანია 1968 წელს მეუღლის დანაზოგის დახმარებით დააარსა. მისი ქონება კი ამჟამად 3.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.

  1. მასაჰირო მიკი ($3.85 მლრდ)

ფეხსაცმებელის მწარმოებელი ბრენდის აქციონერი მასაჰირო მიკი იაპონიის ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეულში ხვდება. მისი ABC-Mart-ი ამერიკული ფეხსაცმლის ბრენდის, Danner-ის მფლობელი კომპანია გახლავთ. მასაჰირო მიკის ქონება 3.85 მილიარდ დოლარს შეადგენს.