რა არის ტენდერი?

რა არის ტენდერი?

ტენდერი (ინგლისურად Tender) არის საქონლის, მომსახურების ან გარკვეული სამუშაოს შესყიდვის ისეთი ფორმა, რომლის მეშვეობით საქონლის ან მომსახურების მიმწოდებელმა წინასწარ უნდა წარმოადგინოს თავისი წინადადება და ამის შემდეგ გადაწყვეტს შემსყიდველი, ვისგან იყიდოს.

ტენდერი წინასწარ განსაზღვრული წესებით ტარდება, რომლის შედეგადაც უნდა გამოვლინდეს გამარჯვებული მიმწოდებელი (კომპანია ან ფიზიკური პირი) და გაუფორმდეს ხელშეკრულება. ძირითადად, ტენდერები ღიად ტარდება, ანუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება, წარადგინოს სატენდერო წინადადება. ტენდერის მაგალითია, როდესაც საწარმოს ან სახელმწიფო დაწესებულებას სურს იყიდოს ავეჯი და ღიად განაცხადებს ამის შესახებ, მიმართავს მიმწოდებლებს, რა სახის და ხარისხის ავეჯი სჭირდება. ვისგან იყიდის, ამას გადაწყვეტს ან მხოლოდ ფასის მიხედვით, ან ფასისა და ხარისხის შესაბამისობის მიხედვით.

დღეს ტენდერები ძირითადად ელექტრონული ფორმით, ინტერნეტის გამოყენებით ტარდება. შემსყიდველები სპეციალურ ინტერნეტპლატფორმებზე ათავსებენ განაცხადს.