უმუშევრობის დონე (ინგლისურად Unemployment Rate) არის იმის მაჩვენებელი, თუ რამდენი ადამიანია უმუშევარი ქვეყნის სამუშაო ძალიდან. უმუშევრობის დონე პროცენტებში გამოიხატება. თავის მხრივ, სამუშაო ძალა არის ქვეყნის მოსახლეობის ზრდასრული (მინიმუმ 15 წლის), შრომისუნარიანი ნაწილი, რომელიც ან დასაქმებულია, ან სამსახურს ეძებს. მაგალითად, საქართველოში 2021 წელს 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა იყო 3 მლნ. აქედან სამუშაო ძალაში შევიდა 1.5 მლნ. 1.5 მლნ-დან 1.2 მლნ იყო დასაქმებული, ხოლო 316 ათასი – უმუშევარი. უმუშევრობის დონემ 20.6% შეადგინა, ანუ 316 ათასი უმუშევარი 1.5 მლნ-იანი სამუშაო ძალის 20.6%-ია.
უმუშევრობის დონე უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური მაჩვენებელია. ის უჩვენებს, თუ რამდენად მწვავეა ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა. უმუშევრობის დონეს დიდი როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში. უმუშევრობის დონის ცვლილებას, თუ ის მნიშვნელოვნად იცვლება, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შეფასებაში გადამწყვეტი როლი აქვს.