ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირის მსოფლიო ეკონომიკური კალენდარი ნაკლებად დატვირთულია. თუმცა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც გლობალური სურათის ცვლილებაზე აისახება. მათ შორის, ბუნებრივია, წამყვანი როლი რუსეთ-უკრაინის ომს აქვს.

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მსოფლიო ეკონომიკურ კალენდარში ნავთობის ფასების ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები მოვლენა იქნება. გასულ კვირას „ბრენტის“ და WTI-ის ტიპის ნავთობის ფასებმა დაახლოებით 13%-იანი კლება განიცადა, რაც კვირის განმავლობაში ბოლო ორ წელიწადში ყველაზე მკვეთრი შემცირებაა. ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში „შავი ოქროს“ ფასზე ყველაზე დიდი გავლენა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ მოახდინა. საერთო ჯამში, პირველ კვარტალში ნავთობის ფასმა 30%-იანი ზრდა განიცადა, რაც ინფლაციის მოლოდინების კუთხით ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა.

ნავთობის ფასების გარდა, მიმდინარე კვირას საინტერესო იქნება ასევე ევროჯგუფის შეხვედრა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის მოხსენების გამოქვეყნებაც, რომელიც 7 აპრილსაა დაგეგმილი. გარდა ამისა, მონეტარული პოლიტიკის სხდომა გაიმართება ავსტრალიის ცენტრალურ ბანკშიც. კანადის ცენტრალური ბანკი კი ბიზნესის მოლოდინების კვლევის შედეგებს გაასაჯაროებს.

აშშ, კანადა და გერმანია თებერვლის სავაჭრო ბალანსს და ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების გამოქვეყნებას გეგმავს. ესპანეთი უმუშევრობის დონის განახლებულ მონაცემს გაასაჯაროებს. მთლიანად ევროკავშირი კი – თებერვლის რიტეილ-გაყიდვებს. რაც შეეხება რუსეთს, მიმდინარე კვირას ჩრდილოელი მეზობელი აპირებს მარტის სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოქვეყნებას, ასევე გამოქვეყნდება ცენტრალური საბანკო რეზერვების მოცულობა აშშ დოლარში და გასული წლის მეოთხე კვარტალის მშპ-ის მაჩვენებელი.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას საქსტატი მხოლოდ 2022 წლის მარტის სამომხმარებლო ფასების ინდექსს გამოაქვეყნებს. გარდა ამისა, საინტერესო იქნება ლარის უცხოურ ვალუტებთან მიმართებით ცვლილებაზე დაკვირვებაც. აღსანიშნავია, რომ გასული კვირის ბოლოს ლარი გამყარების ტენდენციით გამოირჩეოდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *