პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. შესაბამისად, სახელმწიფოები სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია მოიზიდონ.
საქართველომ ბიზნესის წარმოების შემაფერხებელი დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად და უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად მრავალი რეფორმა განახორციელა. შედეგად, საქართველო გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესის კეთებისა და ინვესტიციებისადმი ღიაობის საერთაშორისო ინდექსების მიხედვით და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით 2014-2017 წლებში.
თუმცა, ბოლო წლებში გამოჩნდა, რომ დიდი პროგრესის მიუხედავად, ეს რეფორმები არ იყო საკმარისი არც FDI-ის სტაბილური შემოდინების უზრუნველსაყოფად (კლება 2017 წლიდან) და არც ამ ინვესტიციებიდან პოტენციური სიკეთეების ასათვისებლად (ქვეყანაში პროდუქტიულობისა და ექსპორტის დაბალი, ხოლო უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდა). როგორც ჩანს, საქართველოს, როგორც ბიზნესის კეთების კუთხით მიმზიდველი ქვეყნის რეპუტაციის მიღმა არის მნიშვნელოვანი სისუსტეები, რომლებზეც ახალი რეფორმების მიმართვაა საჭირო. მომდევნო ცვლილებების აუცილებლობა ცხადყო მსოფლიო ბანკის „Doing Business“1 რეიტინგის გაუქმებამაც.
საინტერესოა, რა პრობლემებს ხედავენ ინვესტორები საქართველოში. PMCG-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში საუბარია იმ რამდენიმე ძირითად პრობლემაზე, რომელთაც ინვესტორები საქართველოში ყველაზე ხშირად აწყდებიან და, შესაბამისად, თავს იკავებენ ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისაგან.
მათ შორის მნიშვნელოვანია: ინვესტორების უნდობლობა სასამართლო სექტორისადმი, დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად განიხილოს კომერციული საქმეები; ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობა; კომპეტენტური სამუშაო ძალის, განსაკუთრებით ტექნიკური და ენობრივი ცოდნის ნაკლებობა; ხარვეზები კავშირისა და ხარისხის ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ციფრულ ინფრასტრუქტურაში და სხვა.
მიუხედავად გარკვეული წარმატებული რეფორმისა და მიღწევებისა, საქართველოში რჩება არსებითი პრობლემები, რომლებიც შემდგომი რეფორმებით უნდა გადაიჭრას, რათა შესაძლებელი იყოს მეტი FDI-ის მოზიდვა, შენარჩუნება და ამ ინვესტიციების ეფექტიანად გამოყენების გზით უფრო დიდი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. ბოლო ათწლეულის მონაცემები აჩვენებს კაპიტალის ინვესტიციების წილის შემცირებას და რეინვესტიციების მაღალ წილს FDI-ში, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოდინება საგრძნობლად შენელდა.